შედეგები
გალერეა
საკალათბურთო აკადემიამ დღეს 20-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგ შეხვედრებს უმასპინძლა. განსაკუთრებით საინტერესო და დაძაბული რიგით
მეორე მატჩი გამოდგა, რომელშიც ერთმანეთს „მგზავრები-არმია“ და „ქუთაისი“ შეხვდნენ.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით
მიმდინარეობდა. გუნდებმა მონაცვლეობით მოიგეს მეოთხედები, თუმცა ეს უფრო დამაჯერებლად
„ქუთაისმა“ გააკეთა, რომელმაც მესამე პერიოდის 28:10 მოგებით ბოლო მეოთხედის წინ სოლიდური
უპირატესობა დაიბევა – 67:56.
გადამწყვეტ მომენტში „მგზავრები-არმიას“
მოთამაშეებმა მოიწადინეს და ჩამორჩენის გაბათილება და დაწინაურებაც მოახერხეს. საფინალო
სირენამდე 1,30 წუთით ადრე ანგარიში თბილისელთა სასარგებლოდ – 78:77 იყო. ბოლო წამებზე
ქუთაისელებმა შედარებით მობილიზებულად ითამაშეს და ლადო ფურცხვანიძის საჯარიმოების
წყალობით გამარჯვებისთვის საკმარისი ქულები მოიპოვეს – 84:80.
ქუთაისელებს 20 ქულა-12 მოხსნით რატი
ნუცუბიძემ ულიდერა, ფურცხვანიძის ანგარიშზეც ორმაგი დუბლი დაგროვდა – 19 ქულა, 16 მოხსნა.
გამორჩეულად ითამაშა გუჯა ბირკაიამაც, რომელმაც 12 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა. „მგზავრები-არმიაში“
18 ქულით ბომბარდირი სანდრო სანაძე გახდა, დავით ლომიძის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა.
მეორე მატჩის ანგარიშში 5-ქულიანი
სხვაობაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ „მაკაბი“ მთელი შეხვედრის განმავლობაში უგებდა
„რუსთავს“, რომელიც საბოლოოდ 73:68 დაამარცხა. მაკაბელთაგან 27 ქულითა და 21 მოხსნით
საუკეთესო მაიზერ რევაზაშვილი გახლდათ, ხოლო თორნიკე გოგელაშვილმა 16 ქულა, 8 მოხსნა
და 5 პასი მიითვალა.
ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრა
14 ნოემბერს, რუსთავში, ადგილობრივ გუნდსა და „მგზავრები-არმიას“ შორის გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მაქაბი – რუსთავი 73:68
მიხეილ ხუხაშვილი(,,მაქაბის’’
მთავარი მწვრთნელი): სასიხარულოა,
რომ გავიმარჯვეთ. გუშინდელ თამაშთან შედარებასაც ვერ გავაკეთებ, ბევრად კარგად ვიასპარეზეთ,
თუმცა ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა და უფრო იოლად მოგვეგო.
ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’
მთავარი მწვრთნელი): სეზონს
მეტნაკლებად მომზადებული შევხვდით, თუმცა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობამ მაინც თავი
იჩინა. პირველი თამაში იყო და ძალიან ცუდად ვიასპარეზეთ, სროლები არ წაგვივიდა, მაღლებშიც
გვიჭირს. ბიჭებს ეგონათ, რომ ადვილად მოიგებდნენ და, ალბათ, ამანაც უარყოფითად იმოქმედა.
მგზავრები-არმია – ქუთაისი 80:84
დიმიტრი ჟაკობოვი (,,მგზავრები-არმიის’’
მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ
ორივე გუნდს სეზონის დაწყებას. ,,ქუთაისს’’ ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას და მადლობას
ვეტყვი ასეთი კარგი თამაშისთვის. ვეთამაშეთ ერთ-ერთ ძლიერ გუნდს, რომელიც ყოველთვის
ფავორიტთა შორისაა. ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის და ნამდვილად საინტერესო და დაძაბული
მატჩი გამოვიდა, იმედია, მაყურებელმაც ისიამოვნა. თამაში დიდი ენთუზიაზმით, მოტივაციით
და მობილიზებით დავიწყეთ და უპირატესობაც მოვიპოვეთ, თუმცა შემდეგ რამდენიმე შეცდომა
დავუშვით, თამაშზე კონტროლი დავკარგეთ და მეტოქემ ეს კარგად გამოიყენა და დიდ შესვენებაზე
ლიდერად გავიდა. მესამე პერიოდიც ჩავაგდეთ და მოწინააღმდეგემ კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა.
მეოთხე მეოთხედში შევეცადეთ თამაშის შემობრუნებას და სხვაობა მინიმუმამდე დავიყვანეთ,
თუმცა ბოლო წუთებზე მეტოქემ უფრო მობილიზებულად და მოთმინებით ითამაშა და გაიმარჯვა.
ეს მარცხი ჩვენთვის უკვე ისტორიაა, ხვალიდან შემდეგი თამაშისთვის მოვემზადებით, რათა
უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ და ჩვენი გულშემატკივარი გამარჯვებით გავახაროთ.
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’
მთავარი მწვრთნელი): პირველ
რიგში, ყველას მივულოცავ სეზონის დაწყებას. ჩემს კარიერაში პირველი შემთხვევაა, რომ
მთავარი მწვრთნელის რანგში 20-წლამდელთა გუნდი ჩავიბარე, ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება
იქნება ჩემთვის, რადგან ახალგაზრდებთან მუშაობა სხვა ფორმატს მოითხოვს. მიუხედავად
იმისა, რომ ცოტა გუნდი მონაწილეობს ჩემპიონატში, კარგია, რომ ბევრი თამაში ტარდება.
იმედია, თითოეული შეხვედრა იქნება ბევრის მომცემი და გამოსაყენებელი, რათა ეს ახალგაზრდები
სუპერლიგაში სათამაშოდ მოემზადნონ – ეს არის ყველა კლუბის და მწვრთნელის ამოცანა. თავდაპირველად,
20-წლამდელთა ჩემპიონატში ჩვენი მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა საკითხი
დადებითად გადაწყდა, ჩავერთეთ გათამაშებაში და მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს,
დირექტორს და ქალაქის ხელმძღვანელობას. ვფიქრობ, ბევრ სასიამოვნო და გასახარებელ გამარჯვებას
მოვუტანთ ჩვენს გულშემატკივარს.
რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, იმის ფონზე, რომ სუპერლიგის
გუნდის მსგავსად რთულ პირობებში ვემზადებით და სკოლის დარბაზში ვვარჯიშობთ, ბიჭებმა
საკმაოდ კარგად იასაპრეზეს და მინდა მათ მადლობა ვუთხრა. ბრძოლისუნარიანობა და მოგების
სურვილი ბოლომდე შეინარჩუნეს და შედეგს მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ეს პირველი შეხვედრა
იყო და შეცდომებიც გვქონდა. ახლადშექმნილი გუნდი ვართ, შარშანდელი მოთამაშეებიდან მხოლოდ
3 კალათბურთელი გვყავს და დრო გვჭირდება, რომ შევთამაშდეთ და უკეთესად ვიასპარეზოთ.