20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში დინამო გავიდა და ტიტულისთვის თსსუ-ს დაუპირისპირდება

20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში დინამო გავიდა და ტიტულისთვის თსსუ-ს დაუპირისპირდება

 საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატში ფინალური წყვილი შეიკრა. სატიტულო მატჩში თსუ-ის ძლევით გასულ სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს (თსსუ) მალე დინამო შეუერთდა. თორნიკე გელოვანისა და ირაკლი ივანეიშვილის გაწვრთნილმა დინამოელებმა ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი რუსთავს მისსავე მოედანზე მოუგეს და ფინალში გავიდნენ.

დინამომ ამით გააგრძელა მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელი სერია. ამ გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში 8-დან 8 შეხვედრა მოიგო, რასაც პლეი ოფის მეოთხედფინალურ და ნახევარფინალურ სერიებში კიდევ 2-2 გამარჯვება მოაყოლა და ჯამში 12-მატჩიანი წარმატებული სერია აქვს. დღეს, რუსთავში გამართულ მატჩი დინამოელებს დიდად არ გასჭირვებიათ. თავიდანვე რომ მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა, თამაშის ბოლომდე წარმატებით შეინარჩუნეს. 

რუსთაველები მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდნენ წამოწევას, რაც წარმატებით არ გამოსვლიათ. მაქსიმუმი, რაც მასპინძლებმა მოახერხეს, ჩამორჩენის რამდენჯერმე 9 ქულამდე შემცირება იყო. დინამოს 2 ტექნიკურის გამო ბოლო პერიოდში მთავარი მწვრთნელი გაუძევეს, თუმცა გუნდის შედეგიანობას ეს არ დასტყობია. დინამოელებმა დამაჯერებლად ჩაატარეს დასკვნითი წუთები და საბოლოოდ 15-ქულიანი სხვაობით – 81:66 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს. 

დინამოელებს 15 ქულით, 19 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით ლევან ფირცხელიანმა ულიდერა. 24 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა ნიკოლოზ თოთლაძემ დააგროვა. 23 ქულა და 7 მოხსნა ნიკოლოზ გულიაშვილის ანგარიშზეა. რუსთავში 21 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკოლოზ ჯანყარაშვილი. 12 ქულა ლევან ტურაშვილმა მოაგროვა, ხოლო დავით ჩხეიძის ანგარიშზე 9 ქულა და 12 პასი დაგროვდა.

ფინალური სერიის მატჩები 30 და 31 მარტს გაიმართება. თანაბრობის შემთხვევაში მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა 4 აპრილს ჩატარდება. მე-3 ადგილისთვის მატჩში თსუ რუსთავს 30 მარტს უმასპინძლებს.