20-წლამდელთა ჩემპიონატის თამაშებს რეგიონებმა უმასპინძლეს (მატჩისშემდგომი კომენტარები)

20-წლამდელთა ჩემპიონატის თამაშებს რეგიონებმა უმასპინძლეს (მატჩისშემდგომი კომენტარები)

გალერეა 

20-წლამდელთა
ჩემპიონატში დღეს 2 მატჩი გაიმართა – ერთ შეხვედრას რუთავმა უმასპინძლა, ერთსაც – ქუთაისმა.
სატურნირო თვალსაზრისით ქუთაისში უფრო მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა,
სადაც წაგების შემთხვევაში “აკადემია” პლეი ოფში გასვლის შანსს ეთხოვებოდა.

აკადემიელები
შანსს ბოლომდე ეჭიდებოდნენ, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს. ქუთაისელებმა
პირველი ტაიმის შემდეგ 21-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და მიუხედავად აკადემიელი ბექა
დარახველიძის დიდი მოწადინებისა, ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნეს. დარახველიძემ მიმდინარე
სეზონის რეკორდი დაამყარა – 49 ქულა მოაგროვა და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. მიმდინარე
სეზონის საუკეთესო შედეგად 40 ქულა ითვლებოდა, რომელიც დარახველიძემ გასული წლის
1-ლ ნოემბერს, ასევე “ქუთაისთან” მატჩში ჩააგდო.

მატჩი ქუთაისელთა
სასარგებლოდ – 103:95 დამთარდა და “აკადემია” პლეი ოფის მიღმა დარჩა. გამარჯვებულებს
34 ქულით გიორგი ცირეკიძემ ულიდერა, 25 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა უჩა გამრეკლიძემ,
ხოლო ლევან გრძელიძემ მასპინძლებს 20 ქულა და 9 პასი მიაშველა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ქუთაისი – აკადემია  103:95

შოთა ჯავახიშვილი(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი):
თავიდან სერიოზული უპირატესობა მოვიპოვეთ და ამიტომ მესამე პერიოდიდან ძირითადი სათამაშო
დრო ახალგაზრდებს მივეცით, მათ უფრო ნაკლები კლასი და გამოცდილება აქვთ და ამიტომ,
დიდი სხვაობით ვერ გავიმარჯვეთ, თუმცა ეს ჩვენთვის მთავარი არაა. მინდა აღვნიშნო აკადემიელი
დარახველიძის ძალიან კარგი თამაში, მისი შეჩერება, ფაქტობრივად, ვერ მოვახერხეთ.

ირაკლი ტომარაძე(,,აკადემიის’’ მწვრთნელი): ვულოცავ
,,ქუთაისს’’ გამარჯვებას, ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და წარმატებებს ვუსურვებ. რაც შეგვეხება
ჩვენ, შემოკლებული შემადგენლობით ჩავედით და ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს თამაშის მოსაგებად,
სამწუხაროდ, ძალები აღარ გვეყო. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და მინიმალური სხვაობით დავმარცხდით. 

რუსთავში გამართულ
შეხვედრას რაც შეეხება, ქვემოქართლელები ლიდერ “შსს-აკადემიას” მასპინძლობდნენ,
თუმცა მოიგებდნენ თუ წააგებდნენ, ამას სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა
არ ჰქონდა. რუსთაველთათვის მთავარი მატჩი 29 მარტს გაიმართება, როცა პლეი ოფში გასვლისთვის
ბრძოლაში მთავარ კონკურენტ “ოლიმპს” უმასპინძლებენ.

“რუსთავს”
“შსს-აკადემია” რომც დაემარცხებინა, პლეი ოფში გასასვლელად ბოლო ტურში
“ოლიმპის” ძლევა მაინც ესაჭიროებოდა. ამიტომ, დღევანდელ მატჩში რუსთაველებს
დიდი ძალისხმევა არ დაუხარჯავთ. 3 მეოთხედი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, ბოლოს კი
“შსს-აკადემიამ”, რომელსაც ძლიერი შემადგენლობა და უფრო მეტი ამბიცია აქვს,
დამსახურებულად გაიმარჯვა.

აკადემიელთა შორის
13 ქულით ბომბარდირი ლევან გოგალაძე გახდა, ხოლო ლერი კვანტალიანმა მატჩის ერთადერთი
ორმაგი დუბლი – 10 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. მასპინძლებს 14 ქულით, 5 პასით და
4-4 მოხსნა-ჩაჭრით ნუგზარ ტაბაღუამ ულიდერა, 15 ქულა და 7 მოხსნა კი გიორგი ოქროჭელიძის
ანგარიშზეა.

ბოლო ტურში,
“რუსთავს” “ოლიმპის” მინიმუმ 8 ქულით დამარცხება მართებს იმისთვის,
რომ პლეი ოფში გამსვლელი მეოთხე ადგილი დაიკავოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნახევრფინალში
ოლიმპელები გავლენ.

მატჩისშემდგომი კომენტარები

რუსთავი – შსს აკადემია  58:72

მიხეილ ბერუაშვილი(“რუსთავის”
მწვრთნელი):  3 მეოთხედი
ვებრძოლეთ “შსს-აკადემიას”, რომელსაც გაცილებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავს
და ჩემპიონობის მთავარი კანდიდატია. გვქონდა შეცდომები, რის გამოც მატჩი წავაგეთ, მაგრამ
ამ თამაშის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი მატჩი მომავალ
კვირას გვაქვს “ოლიმპთან”, მათი სასურველი ანგარიშით დამარცხების შემთხვევაში
პლეი ოფში გავდივართ.

გიორგი ნიკოლაძე(“შსს-აკადემიის”
მთავარი მწვრთნელი):  წინ პლეი ოფია,
ეს მატჩი კი მოსამზადებლად გამოვიყენეთ. მატჩის შედეგს არც “რუსთავისთვის”
ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა,. როგორც ვიცი, რუსთაველებს გადამწყვეტი შეხვედრა
“ოლიმპთან” აქვს და იმ მატჩისთვის ემზადება.