20-წლამდელთა ნახევარფინალები დაკომპლექტდა: დინამო-რუსთავი, თსუ-თსსუ

20-წლამდელთა ნახევარფინალები დაკომპლექტდა: დინამო-რუსთავი, თსუ-თსსუ

საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. საუკეთესო ოთხეულში 2 დღის წინ გასულ დინამოსა და თსსუ-ს დღეს თსუ და რუსთავი შეუერთდნენ. ორივე მათგანმა მეოთხედფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტი მატჩი მოიგო.

თბილისის სახელმწფო უნივერსიტეტის გუნდმა რეგულარული ჩემპიონატის ჯგუფში პირველი ადგილი ადგილი დაიკავა და მეოთხეადგილოსან ოვერტაიმთან მეოთხედფინალში ფავორიტად ითვლებოდა. საბა ზაქრაძის გაწვრთნილმა ოვერტაიმმა სერიის პირველ მატჩში თსუ-ს ამბიციებს ცივი წყალი გადაასხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც უნივერსიტეტელებს ჯერ გათანაბრება მოუხდათ, შემდეგ კი, სერიის მე-3, გადამწყვეტი მატჩი დამაჯერებლად – 108:84 (სტატისტიკა) მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმა დამაჯერებელი რევანში აუღო ოვერტაიმს და ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდა. 

ოვერტაიმთან გადამწყვეტ მატჩში თსუ-ს ლუკა მამლიკიძემ ულიდერა, რომელმაც 28 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. 20 ქულა გუჯა ხვედელიძის ანგარიშზეა. ოვერტაიმში საუკეთესო ლუკა ხუციშვილსაც 28 ქულა დაუგროვდა.

სერიაში თანაბარი იყო ანგარიში რუსთავისა და სოხუმი 2020-ის დაპირისპირებაშიც. გადამწყვეტ შეხვედრას რუსთავმა უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი გუნდის საქომაგოდ დარბაზი გაივსო. მხურვალე მხარდაჭერის ფონზე გოგა ცეკვავას გაწვრთნილმა რუსთავმა ბოლო პერიოდში გატეხა ბოლომდე მებრძოლი სოხუმელები. მასპინძლებს 32 ქულით ნიკა ჯანყარაშვილმა ულიდერა, 11-11 ქულა ლევან ტურაშვილმა და დავით გოგოლაძემ მოაგროვეს. სოხუმელთა ბომბარდირი 16 ქულით საბა კალმახელიძე გახდა, ხოლო ნიკა ანანოვის ანგარიშზე ორმაგი დუბლი – 13 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. რუსთავმა საბოლოოდ 81:67 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. 

რუსთავი ნახევარფინალში დინამოს შეუწყვილდა, ხოლო ბადის მეორე მხარეს ფინალში გასასვლელად სახელმწიფო (თსუ) და სამედიცინო (თსსუ) უნივერსიტეტები იბრძოლებენ. ნახევარფინალური სერიაც 2 მოგებამდე იქნება.