საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მორიგი წარმატება. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა და ოთხთა ფინალის საგზურიც მოიპოვა, რომელსაც 27-29 აპრილს თბილისი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ლიგის 2 წრის შემდეგ 9 მოგება და 1 მარცხი ჰქონდა, ხოლო მესამე წრეში 100-პროცენტიანი შედეგი აჩვენა და საერთო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა. მესამე წრეს ლატვიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ქართველებმა რიგაში 5 მატჩი გამართეს და ყველა დამაჯერებლად მოიგეს. წარმოგიდგენთ ყველა მატჩის შედეგს და სრულ სტატისტიკას:
საქართველო – კრაკოვია (პოლონეთი) 84:29
ვლადსლავოვო (პოლონეთი – საქართველო 53:67
საქართველო – გდინია (პოლონეთი) 66:29
ბუდაპეშტი (უნგრეთი) – საქართველო 45:57
საქართველო – ვენტსპილსი (ლატვია) 71:65
საქართველოს ნაკრებმა ვენტსპილსში შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
ოთარ პერტაია, დავით აფხაზავა, დავით კუჭავა, ნიკა მეცხვარიშვილი, ნიკა ლოლიშვილი, გიორგი ჯაფარიძე, გიორგი კორსანტია, ლადო ალავიძე, ალექსანდრე ფევაძე, ნიკა ლეონიძე, ვახტანგ გაფრინდაშვილი, გიორგი ცირეკიძე
ევროპის ლიგის ოთხთა ფინალს 27-29 აპრილს თბილისი უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქს ესტუმრებიან გუნდები: პოლონური “ვლადსლავოვო”, ბელარუსული “ცმოკი-მინსკი” და ლატვიური “ვალმეირა”. სამივემ 12 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და ცხრილში საქართველოს ნაკრების ზურგსუკან განლაგდა. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მოსკოვში გამართულ ოთხთა ფინალშიც მიიღო მონაწილეობა და მე-3 ადგილი დაიკავა. თბილისში კი ნიკო ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის მოგების უმთავრესი კანდიდატი იქნება.