20-წლამდელთა ოვერტაიმი ,,შსს აკადემიასთან”

20-წლამდელთა ოვერტაიმი ,,შსს აკადემიასთან”

„შსს-აკადემიას“
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამართული საკალათბურთო სკოლა აქვს. აღნიშნული კლუბის
სუპერლიგის გუნდი მოქმედი ჩემპიონია, ხოლო სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებში აკადემიელები
პირველობის კანდიდატთა შორის არიან. დღევანდელ ინტერვიუში  „ოვერტაიმის“ სტუმრები ლერი კვანტალიანი, შოთა გელაზონია
და თორნიკე ქიტოშვილი არიან. ეს ტრიო „შსს-აკადემიის“ 20-წლამდელთა გუნდის წამყვანი
ძალაა და მათი დიდი დამსახურებაა, რომ აკადემიელები აღნიშნული ასაკობრივი ჩემპიონატის
ფინალში გავიდნენ. ახალგაზრდა კალათბურთელებმა ჩვენთან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს. 

20-წლამდელთა სეზონი 2013-2014

შოთა გელაზონია: წლევანდელ სეზონში ცოტა გუნდი ასპარეზობდა,
მეტი გუნდი რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა. ჩვენი შედეგით კმაყოფილი
ვართ, ფინალში გავედით და წინ მივდივართ.

ლერი კვანტალიანი: სეზონი საკმაოდ კარგად დავიწყეთ
და აქამდეც წარმატებულად მოვედით, 24-დან 22 თამაში მოვიგეთ და ის 2 წაგებაც ჩვენი
უყურადღებობის ბრალი იყო. მთავარია, ფინალში ვარ. ჩვენი მეტოქე საკმაოდ ძლიერი გუნდია
და ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის.

თორნიკე ქიტოშვილი: შარშანდელის მსგავსად წელსაც ცოტა
გუნდი იყო, თუმცა თამაშები 4 წრედ ჩატარდა და ეს ძალიან კარგია, ხშირად ხვდები შენს
მეტოქეებს და პლეი ოფებისთვის უკვე იცი მათი პლიუსები და მინუსები. რაც შეგვეხება ჩვენ,
თავიდანვე კარგად დავიწყეთ, საკმაოდ ძლიერი მწვრთნელთა შტაბი და შემადგენლობა გვყავდა
და ამის ხარჯზე 22 შეხვედრა მოვიგეთ. ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა ფინალში გასვლა
იყო, ახლა კი მიზანი ჩემპიონობაა.

 

პლეი ოფები

შოთა გელაზონია: ,,ოლიმპი’’ კარგი გუნდია, საინტერესო
სერია გამოგვივიდა, თუმცა ფინალში ღირსეული გავიდა.  

ლერი კვანტალიანი: პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ მეორე
თამაშის წაგების შემდეგ გიორგი ნიკოლაძემ სწორი დასკვნები გამოიტანა და კარგი ტაქტიკა
შეგვირჩია. ვიმუშავეთ და მაქსიმალურად გამოვასწორეთ შეცდომები, მადლობას ვეტყვი ჩვენს
მწვრთნელს, რომელმაც დიდი სამუშაო გაწია, მისი დამსახურებაა, რომ ასეთი კარგი თამაში
ჩავატარეთ.

თორნიკე ქიტოშვილი: მეორე მატჩში დაშვებული შეცდომები
ბოლომდე გავაანალიზეთ,  ყველა დეტალი დავამუშავეთ,
არ იყო ისეთი რამ, რაზეც ყურადღება არ გაგვიმახვილებია და შედეგიც სახეზეა. მესამე
თამაშის დასაწყისში 18:0 გაქცევა მოვაწყვეთ და ლიდერობა მთელი თამაშის განმავლობაში
შევინარჩუნეთ. მოვემზადებით ფინალებისთვის.

 

შსს აკადემია

შოთა გელაზონია: გუნდში ძალიან კარგი ატმოსფერო და
გარემოა, ჩვენთვის ბევრს ნიშნავს სუპერლიგის გუნდთან ვარჯიში და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა.
როცა აქ მოვდივართ, უფრო თავისუფლად ვართ. ძალიან კარგი სამწვრთნელო შტაბი გვყავს,
ერთმანეთთან საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს და მინდა მადლობა ვუთხრა მათ
ყველაფრისთვის.

ლერი კვანტალიანი: კლუბში ძალიან კარგი განწყობა და
სიტუაციაა. ერთმანეთის მეგობრები ვართ, ფაქტობრივად, დღის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებთ
და ეს ჩვენს შეთამაშებაზე დიდ გავლენას ახდენს. აგვისტოდან გვყავდა სერბი ტრენერი,
თურქეთში ვიყავით შეკრებაზე და კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ. ვფიქრობ, სამართლიანად
გავედით ფინალში, რადგან თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან ბევრი ჩადო ამაში.

თორნიკე ქიტოშვილი: ,,შსს აკადემიაში’’ წელს გადმოვედი
და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ნაბიჯი გადავდგი. თბილი და მეგობრული სიტუაციაა და მიხარია,
რომ ამ გუნდის წევრი ვარ და ამ კლუბის ღირსებას ვიცავ. მოთამაშეები ერთმანეთთან ახლოს
ვართ. მწვრთნელებით დაწყებული ექიმების ჩათვლით ყველანი თავისი საქმის პროფესიონალები
არიან, ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი  სავარჯიშოდ. დღის უმეტეს ნაწილს დარბაზში ვატარებთ,
ხშირად 2-3-ჯერ ვვარჯიშობთ დ სულ ერთად გვიწვეს ყოფნა. ეს თამაშის ხარისხზეც აისახება.
სერბმა მწვრთნელმა ძალიან კარგი გამოცდილება გაგვიზიარა, ასევე, არჩილ ჟღენტმა და გიორგი
ნიკოლაძემ და მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

 

,,შსს აკადემია’’ სუპერლიგაში

შოთა გელაზონია: თავიდან შედარებით რთული სიტუაცია
იყო, რამდენი თამაში წავაგეთ, მაგრამ შემდეგ ვიპოვეთ გასაღები. გუნდში ცვლილებები და
გარდატეხა მოხდა და ყველაფერი კარგისკენ შეიცვალა. თუკი მე-6-7 ადგილებზე ვიყავით,
ახლა შანსი გვაქვს მე-3 ადგილზე დავასრულოთ რეგულარული. იმასთან შედარებით, როგორც
დავიწყეთ, ბევრად უკეთესი სიტუაციაა.

ლერი კვანტალიანი: სუპერლიგაში თანაბარი შანსები გვაქვს
მომავალ მეტოქეეებთან, ამიტომ თავს შევიკავებ წინასწარი შეფასებისგან. ვფიქრობ, გვაქვს
ჩემპიონობის პოტენციალიც, თუმცა ყველაფერს თამაშები გვიჩვენებს.

თორნიკე ქიტოშვილი: აუცილებელია ლეგიონრებიც ვახსენოთ.
პერიშ ბრაუნი და მილე ილიჩი ძალიან კარგად შეეწყვნენ გუნდს, მათზე არ გადადის მთელი
თამაში, ჩვენი ბიჭებიც ეხმარებიან. ლოგიკურია, რომ თავიდან გუნდმა კარგად ვერ დაიწყო,
რადგან რამდენიმე ახალი მოთამაშე დაიმატა და მათ შეთამაშება აკლდათ, ახლა კი ბიჭებმა
ბევრი რამ გაიარეს ერთად, შეიკრნენ, შეთამაშდნენ და ეს შედეგზეც აისახა.

ჩვენს კლუბს ასაკობრივ
ლიგებშიც ჰყავს გუნდები, ბავშვები უმაღლესი ლიგის მოთამაშეებისგან ბევრს სწავლობენ.
16 და 18 წლის მოთამაშეებისთვის დიდებთან ერთად ვარჯიში და მოედანზე მათთან ერთად თუნდაც
რამდენიმე წუთის გატარება დიდი სტიმულია, ბავშვების ფსიქოლოგიაზე ეს ძალიან მოქმედებს.
ჩვენთანაც, 20-წლამდელთა გუნდშიც ვარჯიშობენ უფრო პატარა ასაკის ბიჭები, კარგი მოთამაშეები
არიან და ყოველთვის ვაძლევთ რჩევებს და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით. პატარა მოთამაშეზე
ყოველთვის დადებითად მოქმედებს დიდ და უფრო გამოცდილ კალათბურთელებთან ერთად ვარჯიში
და თამაში. მეტი სტიმული და სათამაშო ჟინი ეძლევათ.

 

20-წლამდელთა ეროვნული ნაკრები

შოთა გელაზონია: შარშან ,,ა’’ დივიზიონში ვიყავით,
წელს ,,ბ’’ დივიზიონში უფრო სუსტი გუნდები იქნებიან და უკეთესი შანსი გავქვს, რომ ჩვენი
შესაძლებლობები და ჩვენი ნაკრები წარმოვაჩინოთ. იმედი გვაქვს,  წარმატებულად ვიასპარეზებთ.
ლერი კვანტალიანი: მართალია, წინა ევროპაზე შედეგს
ვერ მივაღწიეთ, თუმცა ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და ვიმედოვნებ, რომ წელს მეტი
გამოცდილებით, სტიმულით და მონდომებით უფრო სხვანაირ თამაშს ვაჩვენებთ.

თორნიკე ქიტოშვილი: შარშან 18-წლამდელების ნაკრებში
ვიყავი, წელს ერთი წლით უფროსებთან მიწევს. თუ სათანადო ფორმაში ვიქნები და გაფართოებულ
შემადგენლობაში მოვხვდები, ვეცდები ნაკრებს მაქსიმალურად დავეხმარო. შანსებს რაც შეეხება,
შარშან ძირითადი ბირთვი 94-წლამდელები იყვნენ, თან ბექა ბურჯანაძეც დააკლდთ, ის გუნდისთვის
დიდი ძალაა. წელს ალბათ ისიც დაეხმარება ნაკრებს, ბიჭებმაც მიიღეს გამოცდილება ერთი
წლით უფროსებთან თამაშით და დარწმუნებული ვარ, წელს თავის ასაკში უფრო თავისუფლად და
კარგად იასპარეზებენ.

ეროვნული ნაკრები

ლერი კვანტალიანი: წელს დაგვემატებიან ზაზა და თორნიკე,
ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ძალაა. თუ ჩვენს ჯგუფს გადავხედავთ, ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია
და წარმატების რეალური შანსი გვაქვს.

შოთა გელაზონია: ვეთანხმები ლერის, თორნიკე და ზაზა
ნაკრებისთვის უდიდესი ძალაა. ძალიან კარგი ნაკრები გვაყვს, ჩვენს ჩემპიონატებს რომ
გადავხედოთ, შეიძლება გაგვიკვირდეს, რომ საქართველოს ასეთი დონის ნაკრები ჰყავს. დარწმუნებული
ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ სასურველი მიზნის მისაღწევად.

თორნიკე ქიტოშვილი: შენგელია და ფაჩულია, რა თქმა უნდა,
ნაკრებისთვის ბევრს ნიშნავენ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს დანარჩენი მოთამაშეები. ვიქტორ
სანიკიძე შესანიშნავ ფორმაშია, რამდენიმე დღის წინ მისმა ,,სარაგოსამ’’ ევროპის გრანდი,
,,ბარსელონა’’ დაამარცხა და სანიკიძეს ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი
ჰქონდა. მარკოიშვილი, ცინცაძე და ჰიკმანიც ძალიან კარგ ფორმაში არიან.

 
კარიერა

შოთა გელაზონია: კალათბურთის თამაში ზურაბ სამხარაძესთან
დავიწყე, ძალიან კარგი  მწვრთნელი და აღმზრდელია
და უდიდეს პატივს ვცემ. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი საკალათბურთო ცოდნა მისგან
მივიღე. შარშანწინ ,,შსს აკადემიაში’’ ვიყავი, შარშან ,,დინამოში’’, წელს ისევ ,,შსს
აკადემიას’’ დავუბრუნდი. ვნახოთ, მომავალში რა იქნება.

ლერი კვანტალიანი: თამაში საკალათბურთო აკადემიაში,
გელა წულაძესთან დავიწყე, შემდეგ თამაზ ოქრუაშვილთან გადავედი მე-6 სკოლაში. მალე ისევ
აკადემიაში დავბრუნდი და ჩემი მწვრთნელები გია კაზანჯიანი და ვასილ სომხიშვილი იყვნენ,
მერე გადავედი ნუგზარ კანდელაკთან  ,,ავერსში’’.
როცა ნუგზარ კანდელაკი სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა,
იქ გავაგრძელე თამაში. შარშან ,,სოხუმში’’ გავატარე ნახევარი სეზონი ვაჟა კვარაცხელიასთან,
დუბლებში – ლიკა ქაჯაიასთან და თემურ კანკიასთან, შემდეგ კი ,,შსს აკადემიაში’’ გადავედი,
სადაც არჩილ ჟღენტი იყო ჩემი მწვრთნელი. ახლაც მასთან და გიორგი ნიკოლაძესთან ვარ,
ძალიან კარგი მწვრთნელები არიან და მადლობას ვეტყვი მათ გაწეული სამუშაოსთვის.

თორნიკე ქიტოშვილი: მე-2 კლასში ვიყავი, როცა კალათბურთის
თამაში დავიწყე რუსთავში დავით მაჭავარიანთან და ირაკლი მებურიშვილთან, ძალიან დიდი
ხანი გავატარე მათთან, ბოლო წელიც მათთან ვიყავი, 20-წლამდელებში რამაზ გოგობერიშვილი
და ირაკლი ჯაფარიძე იყვნენ ჩემი მწვრთნელები. ერთი სეზონი მიხეილ ბერუაშვილთან და ბადრი
კიკვიძესთან ვიყავი სუპერლიგის გუნდში, ყველამ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს აღზრდაში და
მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ასევე მადლობას ვეტყვი ყველა სხვა რუსთაველ
მწვრთნელს, რომლებთანაც მითამაშია. წელს ,,შსს აკადემიაში’’ ჩემი პირველი სეზონია,
არჩილ ჟღენტმა და გიორგი ნიკოლაძემ დიდი როლი ითამაშეს ჩემს კარიერაში, ბევრი რამ ვისწავლე
და მათი მადლობელი ვარ.

 

დასამახსოვრებელი მატჩი

ლერი კვანტალიანი: ,,აკადემიაში’’ ვთამაშობდი გელა
წულაძესთან, როცა 18-წლამდელების ჩემპიონატის ფინალში ,,დინამოს’’ მოვუგეთ და ჩემპიონები
გავხდით. ეს თამაში განსაკუთრებით კარგად მახსენდება.

შოთა გელაზონია: არ მქონია ძალიან გამორჩეული მატჩი,
თუმცა წელს გვაქვს შანსი, რომ ასეთი თამაში გვქონდეს და ჩემპიონები გავხდეთ. ამის ძალიან
დიდი სურვილი და იმედი მაქვს.

თორნიკე ქიტოშვილი: ზედიზედ 3-ჯერ
გავედი ფინალში და 3-ჯერ წავაგე, ამიტომ განსაკუთებით კარგად ვერც ერთ თამაშს ვერ ვიხსენებ.
იმედია, წელს მექნება ის თამაშები, რომლებსაც მომავალში ემოციურად გავიხსენებ.

 

ოცნების კლუბი

ლერი კვანტალიანი: კაუნასის ,,ჟალგირისში’’ ვითამაშებდი
სიამოვნებით, ლიტვა კალათბურთის მექაა, ამ ქვეყანაში კალათბურთი პირველი სპორტია, ყოველთვის
საოცარი ატმოსფეროა და იქ თამაში, ალბათ, უდიდესი სიამოვნებაა.

შოთა გელაზონია: ძალიან მომწონს იტალია და იქ სიამოვნებით
ვითამაშებდი რომელიმე კარგ გუნდში.

თორნიკე ქიტოშვილი: საბერძნეთში დავიბადე და ეს ქვეყანა
ძალიან მიყვარს, ყოველთვის ვგულშემატკივრობ საბერძნეთის გუნდებს. მომავალში დიდი სურვილი
მაქვს ,,ოლიმპიაკოსში’’ ვითამაშო, ჯერ ამ დონეზე ნამდვილად არ ვარ და ამის შესაძლებლობა
არ მაქვს.

 

მოედანს მიღმა

შოთა გელაზონია: მთელ დროს კალათბურთს, ვარჯიშს და
საკუთარ თავზე მუშაობას ვუთმობ.

თორნიკე ქიტოშვილი: ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
ბიზნესის ფაკულტეტზე, ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, თუმცა კალათბურთს არ მოვწყდები.
მინდა, რომ მოვახერხო და ორივე შევუთავსო ერთმანეთს. მთავარი მონდომებაა.

ლერი კვანტალიანი: სწავლას დიდ ყურადღებას ვაქცევ,
ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ვაპირებ დამთავრების შემდეგ
მაგისტრატურაშიც ჩავაბარო. მინდა, პროფესია მქონდეს. არ ვაკეთებ აქცენტს ან მარტო სწავლაზე,
ან მხოლოდ სპორტზე. შევეცდები, ორივე შევათავსო.

 

რა აკლია ქართულ კალათბურთს

ლერი კვანტალიანი: ძალიან გვაკლია პროფესიონალური მიდგომა
და დისციპლინა, სერიოზულად არ ვეკიდებით საქმეს და თუ ამ მიდგომას შევცვლით, ვფიქრობ,
ეს დიდი პლიუსი იქნება და თამაშის ხარისხზეც აისახება. მაყურებელიც უფრო დაინტერესდება
კალათბურთით, როცა სპორტსმენები თავიანთ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.

შოთა გელაზონია: ახალგაზრდულ ჩემპიონატებს უფრო მეტი
ყურადღება უნდა ექცეოდეს, 18 და 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უნდა კეთდებოდეს აქცენტი.
სასურველია სახელმწიფოს მხრიდან მეტი ხელშეწყობა და დაფინანსება, გუნდებს უნდა შეეძლოთ
სპეციალისტების ჩამოყვანა, რომლებიც საკალათბურთო განათლებას მისცემენ მოთამაშეებს
და პროფესიულ რეჟიმს შეაჩვევენ, ამით სულ სხვა დისციპლინა და გარემო შეიქმნება.

თორნიკე ქიტოშვილი: პირველ რიგში, მეტი დაფინანსებაა
საჭირო. ეს ,,სოხუმის’’ გუნდის მაგალითზეც ჩანს. ბიჭები თავდაუზოგავად შრომობენ და
ზოგიერთს ვარჯიშზე წასვლის საშუალება არ აქვს, სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ
და ჯერ მათი პრობლემების მოგვარება ვერავინ მოახერხა. ასევე, საკმარის დონეზე არ არის
განვითარებული სპორტული მედიცინა და მძლეოსნობა. ნებისმიერ სპორტში პირველ ადგილზე
დგას ფიზიკური მომზადება. დღეს ზოგიერთ გუნდს აქვს ამის პირობა, მაგრამ ეს საერთო შედეგზე
ვერ ახდენს გავლენას, ყველა უნდა იყოს ამაში ჩართული, დიდებიც და ბავშვთა სკოლებიც.
ევროპაზე არ გვაქვს ხოლმე შედეგი, იმიტომ რომ მიჩვეული არ ვართ ფიზიკურ დატვირთვას,
ზაფხულში მხოლოდ 1 თვიანი ფიზიკური ვარჯიშით ვერასდროს აჯობებ იმას, ვინც მთელი ცხოვრება
ასეთ რეჟიმშია. 7-8 წლიდან ნელ-ნელა უნდა მიეჩვიო ფიზიკურ დატვირთვას. ჩემხელა და ჩემზე
უმცროს კალათბურთელებს ვურჩევდი, მეტი ყურადღება დაუთმონ ფიზიკურ მომზადებას.

 

რჩევები ახალგაზრდებს

ლერი კვანტალიანი: აუცილებელია, რომ მაქსიმალურად დაიხარჯნონ.
ვფიქრობ, თუ ადამიანს მართლა სურს რაიმე და ბოლომდე იხარჯება, მიზანს აუცილებლად მიაღწევს.
ასევე, ყურადღება უნდა მიაქციონ სწორად კვებას, ძილს, რეჟიმში ყოფნას. დანარჩენს მწვრთნელებისგან
ისწავლიან და თანდათან ყველაფერს აითვისებენ.

შოთა გელაზონია: წარმატებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია
მონდომება. თუ გულით გინდა, მონდომებული ხარ და ცდილობ, ყოველთვის ყველაფერი გამოგივა.
ზერელე მიდგომა წარმატებას ვერ მოგიტანს, მითუმეტეს სპორტში, რომელიც დიდ ყურადღებას
და მობილიზებას მოითხოვს, თავი უნდა გადადო შენი მიზნისთვის.

თორნიკე ქიტოშვილი: უმნიშვნელოვანესია რეჟიმში ყოფნა,
რეჟიმიდან ამოვარდნის შემთხვევაში არაფერი გამოვა. და რაც ყველაზე მთავარია –  მონდომება და რწმენა. ნებისმიერმა სპორტსმენმა უნდა
ირწმუნოს თავის ძალების და სჯეროდეს, რომ ყველაფერი გამოუვა.