3X3 Euro Basketball Batumi 2013-ში And1-ის გამარჯვებით დასრულდა

3X3 Euro Basketball Batumi 2013-ში And1-ის გამარჯვებით დასრულდა

26 ივლისს ბათუმმა 3X3-ზე კალათბურთში ფიბა-ს ეგიდით ჩატარებულ
ტურნირს უმასპინძლა. 

Euro Basketball Batumi 2013 აზარტული თამაშების კომპანია ”ევროპაბეთის” ფესტივალის
ფარგლებში ჩატარდა. აჭარის დედაქალაქმა კალათბურთთან ერთად ნარდისა და პოკერის ტურნირებს
უმასპინძლა.

Euro Basketball
Batumi 2013-ის ორგანიზატორები გახლდნენ: საქართველოსა და აჭარის კალათბურთის ფედერაციები,
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ხოლო საინფორმაციო მხარდაჭერას ტურნირს
ტელეკომპანია ”რუსთავი 2” უწევდა. სწორედ ამ ტელევიზიის ეთერით გავა ის რეპორტაჟი,
რომელიც პროდიუსერის, ნოე სულაბერიძის გადამღებმა ჯგუფმა ჩაწერა ბათუმის ბულვარში.

Euro Basketball
Batumi 2013 შუაგულ ბულვარში, თეთრ სვეტებს შორის ჩატარდა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა,
გასულ საუკუნეში აშენებული ეს მონუმენტი სპეციალურად 3X3-ზე კალათბურთის გასამართად ააგეს – იმდენად ზუსტად
და მოხდენილად ჩაჯდა მოედანი სვეტებს შორის.

ტურნირში ოლიმპიური სისტემით ჩატარდა და მასში 30-მა გუნდმა მიიღო
მონაწილეობა. 3X3-ზე კალათბურთში დამკვიდრებული წესების თანახმად, ტურნირში პროფესიონალი
კალათბურთელები არ მონაწილეობდნენ, თუმცა მრავლად იყვნენ ისეთები, რომლებსც წლების
მანძილზე უმაღლეს ლიგაში უთამაშიათ.

მეთექვსმეტედფინალიდანვე
საინტერესო ბრძოლები გაჩაღდა და ასე იყო ფინალის ჩათვლით. აღსანიშნავია ბათუმელთა ორივე
გუნდის ბრძოლა და შემართება, თუმცა გამარჯვება ისევ იმ გუნდმა მოიპოვა, რომელმაც
6-7 ივლისის Tbilisi Open-ზე იმარჯვა. გუნდმა And 1-მა წარმატებით განვლო გზა ფინალამდე
და საჩემპიონო მატჩში ვეტერან კალათბურთელებისგან შემდგარი Mix-ი 13:11 დაამარცხა.

გუნდი And 1 ირაკლი ალხანაიძის,
ლაშა ეძგვერაძის, დავით ეძგვერაძის და ლევან ტუხაშვილის შემადგენლობით გახდა ბათუმის
ტურნირის ჩემპიონი და მოიგო ესტონეთის დედაქალაქში 11 აგვისტოს გასამართი საერთაშორისო
ტურნირის საგზური. ამ გუნდს კომპანია ”ევროპაბეთი” დააფინანებს ესტონეთში მგზავრობითა
და ცხოვრებით, ხოლო საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გზას უხსნის Euro
Basketball Batumi 2013-ის გამარჯვებულს უფრო ძლიერ და რანგით მაღალი ტურნირისკენ.

გამარჯვებული გუნდი თასით,
მედლებით და სიგელებით სუპერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიემ და ”ევროპაბეთის”
მარკეტინგის სამსახურის უფროსმა თამარ ქვილითაიამ დააჯილდოვეს. რაც შეეხება ფინალში
წაგებულ გუნდს, Mix-ი 20-წლამდელთა ნაკრების მენეჯერმა შალვა ონიანმა და ფედერაციაში 3X3-ზე კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა
გურგენიძემ დააჯილდოვეს. მეორე ადგილზე გასულ გუნდს კომპანია ევროპა-ბეთისგან
ლოპოტაზე 2-დღიანი საგზური ერგო საჩუქრად.

ტრადიციულად, გამოვლინდა
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, რომელიც გუნდს And 1-ის ლიდერი ირაკლი ალხანაიძე გახდა. გამარჯვებულს სპეციალური პრიზი, პლანშეტური
კომპიუტერი, თამარ ქვილითაიამ გადასცა.

ტრადიციულად, გაიმართა
ტურნირები 3-ქულიან სროლებსა და ბურთის ეფექტურად გდებებში. ორივე შეჯიბრი საინტერესოდ
წარიმართა. სნაიპერთა დაპირისპირება გუნდ ”15”-ის წევრმა, საერთაშორისო კატეგორიის
არბიტრმა და ვეტერანმა კალათბურთელმა დავით ბერიშვილმა მოიგო, რომელმაც ფინალში დავით
ეძგვერაძე დაამარცხა. ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული კი გეგი ბაქრაძე გახდა, რომელმაც
ფინალურ დაპირისპირებაში ირაკლი ალხანაიძეს აჯობა.

 3-ქულიანების კონკურსის
გამარჯვებული  ტურნირის წამყვანმა, დიმიტრი ობოლაძემ დააჯილდოვა, ხოლო ჩატენვების
კონკურსის გამარჯვებული – 3X3-ზე კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა
გურგენიძემ გადასცა.

ჩატენვებისა და სამქულიანი
სროლების კონკურსების გამარჯვებულებმა შესაბამის თასებსა და დიპლომებთან ერთად, ციფრული
ფოტოაპარატები მიიღეს.