3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მიემგზავრება

3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მიემგზავრება

 გალერეა

3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, ჰოლანდიაში მიემგზავრება. პირველად, ისტორიაში წელს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, რომელსაც 5-7 სექტემბერს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს.
სწორედ რუმინეთის ფინალური ეტაპის საგზურებისთვის იქნება ბრძოლა ჰოლანდიაში, სადაც საქართველოსთან ერთად, მთლიანობაში თავს 8 ნაკრები მოიყრის. ესენია – ჰოლანდია, რუსეთი, თურქეთი, ანდორა, აზერბაიჯანი, რუმინეთი, შვედეთი და საქართველო. ეს ნაკრებები ფინალური ეტაპის 4 საგზურისთვის იბრძოლებენ.
ამსტერდამში თავმოყრილი 8 გუნდი 2 ქვეჯგუფში იქნება განაწილებული. ერთი წრის შემდეგ ნაკრებები თავიანთ ჯგუფებში 1-4 ადგილზე განთავსდებიან და მეოთხედფინალში სწორედ ადგილების მიხედვით, ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან: I-IV, II-III, III-II, IV-I.
ფიბა-ევროპამ ნაკრებები ჯგუფებში 30 აპრილის რეიტინგის მიხედვით გაანაწილა:

რუმინეთი, როგორც ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი, ამსტერდამის შესარჩევ ტურნირში უკონკურსოდ მონაწილეობს. თუკი რუმინელები საუკეთესო ოთხეულში მოხვდებიან, ფინალური ეტაპის საგზურს მე-5 ადგილზე გასული გუნდი მოიპოვებს.

ევროპირველობის შესარჩევი ტურნირი უკვე გაიმართა უნგრეთში, სადაც 9 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის 5 საგზური (ლიტვა, ისრაელი, ესპანეთი, ბელგია, შვეიცარია) გაითამაშა. მესამე შესარჩვი ტურნირს კი 2-3 აგვისტოს ლატვიის დედაქალაქი რიგა უმასპინძლებს, სადაც 6 საგზური გათამაშდება. 

გიგა გურგენიძე(3X3 ეროვნული ნაკრების მენეჯერი): ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი და, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატი პირველად ტარდება და გვაქვს რეალური შანსი წარმატებას მივაღწიოთ. მართალია საკმაოდ რთულ ქვეჯგუფში მოვხვდით (რუსეთი, თურქეთი, შვედეთი) თუმცა ბიჭები საკმაოდ მომზადებულები არიან და ვეცდებით, კარგი შედეგი ვაჩვენოთ.
მიხეილ ფანჩულიძე: კარგად ვართ მომზადებული მოახლოებული  ტურნირისთვის. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წინ “გამოცდაც” გვქონდა – საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სახით. არ ვიცით რა სიძლიერის მეტოქეები გვეყოლებიან, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ. 

ირაკლი ჩლაიძე: მოსამზადებელ პერიოდში აქ არ ვიყავი, რადგან ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვიმყოფებოდი სლოვენიაში. ვფიქრობ, ძალიან კარგ ფორმაში ვარ, პირველ რიგში, ფიზიკურად. ბიჭებიც აქ საკმაოდ დატვირთულად ემზადებოდნენ, როგორ ფიზიკურად, ისე სროლებსა და კომბინაციებში. რაც შეეხება განწყობას, ყველანი ბრძოლისუნარიანები ვართ, შეგვიძლია ამ ტურნირის მოგება, ამაღლებული და კარგი განწყობით მივდივართ და გვჯერა ჩვენი თავის. გვინდა მაქსიმუმი ვაჩვენოთ, რადგან ჩვენთვის ეს არ არის გართობა და უბრალოდ 3X3 კალათბურთის თამაში. ქვეყნის სახელს და ეროვნული ნაკრების ღირსებას  ვიცავთ, ამიტომ ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ წარმატებისთვის და გავახაროთ როგორც ჩვენი თავი, ისე გულშემატკივრები და ქვეყანა.