აკადემიამ სეზონი ლიდერის ძლევით დაასრულა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

აკადემიამ სეზონი ლიდერის ძლევით დაასრულა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

გალერეა 

დღეს საკალათბურთო
აკადემიაში 20-წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩი გაიმართა. გათამაშების ლიდერმა „შსს-აკადემიამ“
რეგულარული ჩემპიონატი „აკადემიასთან“ მარცხით დაასრულა. თავის მხრივ, აკადემიელებმა
ჩემპიონატი ღირსეული გამარჯვებით დაასრულეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს მიმდინარე
სეზონში ერთადერთი წაგება ჰქონდა და მეორედ ბოლო ტურში სწორედ „აკადემიასთან“ დამარცხდა.

„შსს-აკადემიისთვის“
მოგებას მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა, მაგრამ ეს სულაც არ აკნინებს გელა წულაძისა
და ირაკლი ტომარაძის გუნდის წარმატებას. შსს-ელებს, რომლებმაც პირველი ადგილი კარგა
ხანია გაინაღდეს, მოტივაცია გასულ ტურებშიც აკლდათ, მაგრამ ყველა მეტოქე დაამარცხეს.
დღეს კი „აკადემიისგან“ დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ და მიუხედავად მონდომებისა, მარცხი
განიცადეს.

მატჩის ბედი ბოლო
წუთბზე გადაწყდა – ბექა დარახველიძისა და ნიკა ღურწკაიას სამქულიანებს აკადემიელმა
გიორგი თვდორაშვილმა შედეგიანი გარღვევები მოაყოლა და „აკადემიამ“ სეზონი საამაყო გამარჯვებით
დაასრულა.

გამარჯვებულებს
17 ქულით ღურწკაიამ ულიდერა, 13 ქულა დარახველიძემ დააგროვა, ხოლო თევდორაშვილის ანგარიშზე
11 დაგროვდა. „შსს-აკადემიაში“ 13 ქულა ჰქონდა გიორგი გუგეშაშვილს, შოთა გელაზონიამ
კი მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა.

მეორე მატჩში
„ოლიმპმა“ „სოხუმს“ სძლია. ორივე გუნდს თითო მატჩი აქვს დარჩენილი – „სოხუმი“ ქუთაისში
დაასრულებს სეზონს, „ოლიმპი“ კი გადამწყვეტ შეხვედრას 29 მარტს სპორტის სასახლეში ჩაატარებს,
სადაც „რუსთავს“ უმასპინძებს და თუკი 7 ქულაზე მეტით არ დამარცხდება, პლეი ოფის ბოლო
– მე-4 საგზურს დაეპატრონება.

2 აპრილიდან კი
უკვე პლეი ოფის თამაშები აიღებს სტარტს.

 

მატჩისშემდგომი კომენტარები

შსს აკადემია – აკადემია 54:60

გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
მივულოცავ ,,აკადემიას’’ ღირსეულ გამარჯვებას, მინდა ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო
გელა წულაძის მიმართ, ძალიან კარგი გუნდი ჰყავს და რომ არა სეზონის განმავლობაში ტრავმიანობა,
ეს გუნდი ოთხეულში გასვლას ნამდვილად იმსახურებდა. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ეს წაგება
საჭირო იყო, ბიჭები ზედმეტად თავდაჯერებულები იყვნენ და მოტივაცია დაკარგული ჰქონდათ.
გუნდის სათანადოდ მოტივირება ვერ მოვახერხე და ამიტომ ამ მარცხს ჩემს თავზე ვიღებ.
უკვე მაქსიმალურად ვემზადებით პლეი ოფებისთვის.

გელა წულაძე(,,აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): ჩვენთვის
ეს სეზონის ბოლო მატჩი იყო და ლიდერის დამარცხებით დავამტკიცეთ, რომ სუსტი გუნდი არ
გვყავს. ჩვენმა ლიდერმა, ბექა დარახველიძემ რეგულარული ჩემპიონატის მატჩების უმეტესობა
გამოტოვა და ამის გამო ვერ მოვახერხეთ პლეი ოფში გასვლა. წარმატებას ვუსურვებ ,,შსს
აკადემიას’’.

ოლიმპი – სოხუმი 79:48

ზაზა ცაგარეიშვილი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):
ეს თამაში ჩვენთვის წინასაპლეიოფო მოსამზადებელი მატჩი იყო, დაგვიბრუნდნენ ტრავმირებული
მოთამაშეები, რაც გუნდისთვის დიდი სტიმული და მუხტია. ბიჭები ისევ შემართებით არიან
და ყველაფერს გააკეთებენ  პლეი ოფში გასასვლელად,
ოთხეულში კი ყველა თავის მაქსიმუმს გამოავლენს.  

თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): სამწუხაროდ,
როგორ ცუდადაც დავიწყეთ სეზონი, ასევე ცუდად დავამთავრეთ. მივულოცავ ,,ოლიმპს’’ გამარჯვებას
და წარმატებებს ვუსურვებ.