აკადემიის და სოხუმის გამარჯვებები (მატჩისშემდგომი კომენტარები)

აკადემიის და სოხუმის გამარჯვებები (მატჩისშემდგომი კომენტარები)

გალერეა 

17 ნოემბერს საკალათბურთო
აკადემიამ 20-წლამდელთა 2 მატჩს უმასპინძლა. სეზონის პირველ გამარჯვებას მიაღწია „სოხუმმა“,
ხოლო დაუმარცხებელმა „აკადემიამ“ მოგებათა რაოდენობა ორამდე გაზარდა.

გელა წულაძისა
და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა „მაკაბის“ მოუგეს. პირველი მეოთხედის
17 ქულით წაგების მიუხედავად მაკაბელებმა მოახერხეს თამაშის თანაბარ რიტმში დაბრუნება.
ჯამლეტ ხუხაშვილის გაწვრთნილმა „მაკაბიმ“ მეორე მეოთხედი 26:13 მოიგო და დიდი შესვენებისთვის
ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა.

ეს აღმოჩნდა მაქსიმუმი,
რადგან მეორე ტაიმში „აკადემიამ“ ხელახალი ენერგიით შეუტია მეტოქეს და საბოლოოდ გამარჯვებამდეც
იოლად მივიდა – 95:81. გამარჯვებულთაგან 25 ქულით ბომბარდირი ბექა დარახველიძე გახდა,
თენგო ხუციშვილმა კი 24 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. არ დაფასდა „მაკაბის“ იდერის,
მაიზერ რევაზაშვილის გარჯა, რომელმაც 41 ქულა მიითვალა.

მეორე მატჩში
„სოხუმმა“ „ქუთაისი“ არ დაინდო და 20 ქულის სხვაობით – 82:62 სძლია. სოხუმელთაგან დიმა
ბობილევმა 18 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დააგროვა, 17 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა კონსტანტინე
ბიწაძეს, თეგა გეთიამ კი შეხვედრა 13 ქულით და 7 შედეგიანი გადაცემით დაასრულდა.

20-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი მატჩები ხვალ, ისევ საკალაბთურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება. 

 

მატჩისშემდგომი კომენტარები

აკადემია – მაქაბი  95:81

გელა წულაძე(,,აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან
კარგად დავიწყეთ, შემდეგ დიდი ჩავარდნა გვქონდა, თუმცა, საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში
ისევ გამოვასწორეთ თამაში და მოვიგეთ. ბევრი ბავშვური შეცდომა დავუშვით, რაც ბიჭებს
არ ეპატიებათ. იმედია, ეს ყველაფერი ნელ-ნელა გამოსწორდება. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს
18-წლამდელთა გუნდიდან ნიკოლოზ დარბაიძე დაგვემატა, ძალიან კარგად იასპარეზა და მინდა
მას მადლობა ვუთხრა. 

მიხეილ ხუხაშვილი(,,მაქაბის’’ მთავარი მწვრთნელი):
ძალიან მაღალი კლასის გუნდს ვეთამაშეთ და შეძლებისდაგვარად გამოვაჩინეთ ჩვენი შესაძლებლობები.
მიუხედავად მარცხისა, უკმაყოფილო არ ვარ. მაიზერ რევაზაშვილმა 41 ქულით დაასრულა შეხვედრა,
რაც ჯერჯერობით სეზონის რეკორდია. გვქონდა გუნდური შეცდომები, თუმცა მომავალს იმედიანად
ვუყურებთ.  დღესაც შეგვეძლო თამაშის გადარჩენა,
მაგრამ ფსიქოლოგიურად არ გვეყო ძალები. ვფიქრობ, თანდათან მოვუმატებთ და უკეთეს შედეგს
ვაჩვენებთ.

 

სოხუმი – ქუთაისი 82:62

თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
დღეს ბიჭებმა მშვენივრად იასპარეზეს, გუნდურად ითამაშეს და ვარჯიშებზე დამუშავებული
დაცვის ტაქტიკა ზუსტად შეასრულეს. შედეგიც სახეზეა, საკმაოდ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ.
სეზონს იმედიანად ვუყურებთ და ვაგრძელებთ მზადებას შემდეგი თამაშებისთვის.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში, მივულოცავ ,,სოხუმის’’ გუნდს გამარჯვებას, ნამდვილად კარგად იასპარეზეს
და ორგანიზებული თამაში აჩვენეს, რაც დღეს ჩვენი ყველაზე სუსტი მხარე იყო. ვერ დავლაგდით
ვერც დაცვაში, ვერც შეტევაში, მიუხედავად იმისა, რომ ვეცადეთ, გუნდური თამაში არ გამოგვივიდა.
რა თქმა უნდა, გზის და დროის ფაქტორი მოქმედებს მოთამაშეებზე, ფაქტობრივად, გზიდან
პირდაპირ დარბაზში შედიან სათამაშოდ, თუმცა, ჩვენ ვალდებულები ვართ მოვიკრიბოთ ძალები.
ბევრი სამუშაო გვაქვს, არასტაბილური სავარჯიშო პირობების გამო ვერ ვახერხებთ სათანადო
მომზადებას და ბევრი მინუსი ამის გამო გვაქვს. თუმცა, ზოგჯერ წაგება აუცილებელია, რათა
უკეთ გავააანალიზოთ შეცდომები და მოვემზადოთ შემდეგი თამაშებისთვის. იმედს ვიტოვებ,
რომ ბიჭებიც გააანალიზებენ თავიან ხარვეზებს და უკეთეს შედეგს აჩვენებენ მომავალში.