სტატისტიკა გალერეა
დღეს, რუსთავში 20-წლამდელთა ჩემპიონატის ერთი და ძალიან
საინტერესო მატჩი გაიმართა. მასპინძელი „რუსთავი“ „მგზავრები-არმიას“ შეხვდა და 64:74 დამარცხდა.
მატჩი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და ხარვეზებიც ბლომად
ახლდა. ორივე გუნდი აქცენტს სწრაფ შეტევებზე აკეთებდა, მაგრამ ხშირი დაკარგვებისა და
აცილებული ბურთების გამო ანგარიში მწირად იზრდებოდა.
პირველი მეოთხედი რუსთაველებმა 18:11 მოიგეს, თუმცა
მეორე 12:17 დათმეს და დიდი შესვენებისთვის ანგარიში 30:28 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ.
მეორე ტაიმიდან სტუმრებმა დაცვა გაამაგრეს და შეტევაშიც გზა გაეხსნათ. შედეგად მესამე
პერიოდი 21:15 მოიგეს, ხოლო ბოლო მეოთხედში „მგზავრები-არმიას“ უპირატესობამ 10 ქულას
გადააჭარბა.
საქმის გამოსასწორებლად რუსთაველები შორ სროლებზე გადავიდნენ
და თავიდან გიგი გოგობერიშვილისა და გიორგი დვალის სამქულიანებით თამაშის დასრულებამდე
2 წუთით ადრე ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს, თუმცა თბილისელებმა დასკვნით მომენტში
მობილიზებით ითამაშეს და გამარჯვებამდე მივიდნენ – 74:64.
გამარჯვებულთაგან 16 ქულით ლუკა ზაქრაძე გამოირჩა, ხოლო
სანდრო ბოლქვაძემ ორმაგი დუბლი – 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. საკმაოდ შედეგიანი
გახლდათ სანდრო სანაძე – 14 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი. „რუსთავში“ ყველაზე მეტი – 15
ქულა გიგი გოგობერიშვილს დაუგროვდა, გიორგი დვალმა 13 ქულა ჩააგდო, ლევან ურიდიამ კი
შეხვედრა 16 მოხსნითა და 9 ქულით დაასრულა.
დავით მაჭავარიანი, „რუსთავის“ მწვრთნელი:
– პირველ ტაიმში ყველაფერი კარგად მიდიოდა. მოთამაშეები
დასახულ გეგმას მიჰყვებოდნენ და ვიგებდით კიდეც. მეორე ტაიმში ყველაფერი აირია, ყველას
გმირობა მოუნდა და თამაში აირია. მეტოქემ მოდუნება და არაორგანიზებულობა არ გვაპატია
და დამსახურებულად გაიმარჯვა.
დიმიტრი ჟაკობოვი, „მგზავრები-არმიას“ მთავარი მწვრთნელი:
– ძალიან კარგი თამაში იყო, რომელიც ჩვენ გავმართეთ
საკმაოდ ძლიერ გუნდთან. მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავმა“ ჩემპიონატი 2 მარცხით დაიწყო,
მჯერა, რომ ეს გუნდი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. მადლობა მეტოქეს კარგი თამაშისთვის
და იმ ატმოსფეროსთვის, რაც დარბაზში სუფევდა. ჩვენს გუნდს ვულოცავ ამ გამარჯვებას.
მოთამაშეებს მადლობას ვუხდი ბოლომდე და თავდაუზოგავი ბრძოლისთვის. თამაშის მსვლელობის
მეტ ნაწილს ჩვენ ვაკონტროლებდით. ვიყავით მოტივირებულნი და კონცენტრირებულნი. ბიჭებმა
ხასიათი, გაუტეხლობა და გამარჯვებისკენ სწრაფვის დიდი წყურვილი გამოავლინეს, რაც შედეგითაც
დაუფასდათ. მეორე ტაიმში დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მეტოქეს მისსავე ნახევარზე ბურთის
მიღებაში ვუშლიდით ხელს და გარდამტეხი მომენტიც ეს აღმოჩნდა. დღევანდელი მატჩი უკვე
ისტორიაა. ჩვენ ხვალიდანვე მომავალი მატჩისთვის მზადებას ვიწყებთ და ვეცდებით წარმატებულად
მომავალშიც ვიასპარეზოთ.