ბოლო წუთზე გადაწყვეტილი 2 მატჩის ამბავი

ბოლო წუთზე გადაწყვეტილი 2 მატჩის ამბავი

დღეს გამართული 3 მატჩიდან ორ შეხვედრაში გამარჯვებული ბოლო
წამებზე გამოვლინდა. „მაკაბიმ“ სტუ–ს გიორგი რევაზაშვილის საჯარიმოებით მოუგო,
ხოლო „დინამომ“ ნიკა გულდედავას ბოლოს ჩაგდებულით სძილა ქუთაისელებს.

დინამოელებმა „ქუთაისთან“ ბეწვის ხიდზე გაიარეს. იმერლები თითქმის
მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდნენ და ისინი მაშინაც კი არ გატყდნენ, როცა პირველი
ტაიმის შემდეგ 10 ქულით ჩამორჩენილმა „დინამომ“ ჩამორჩენა გააბათილა და წინაც
გაიჭრა.

ქუთაისელებს ავთანდილ ლომინაშვილი ლიდერობდა, რომელიც სამწამიან
ზონაში ძნელი შესაჩერებელი იყო. დინამოელებს კი ნიკა გულდედავამ ულიდერა, რომელმაც
27 ქულა დააგროვა, ხოლო ფარზე დავით დეკანოიძე დომინირებდა და საბოლოოდ 17 მოხსნა
მიითვალა.

გადამწყვეტი მეოთხედის წინ ქუთაისელები ქულით იგებდნენ და ასე ქულა–ქულაში
თამაში ბოლო წამებამდე გაგრძელდა. „დინამოს“ ბოლო წუთებში 2 ტანმაღალი მოთამაშე
გაუვარდა მოედნიდან – ირაკლი ალხანაიძე და კირილე თვაური. თუმცა მალე ქუთაისელებმა
ეს უპირატესობა გაანიავეს, რადგან მათმა ლიდერმა ლომინაშვილმა მეხუთე პერსონალური
შენიშვნა მიიღო, რომელსაც მალე ნოდარ ჭედიაც მიყვა. ხოლო ბოლო წუთზე, როცა მატჩის
ბედი წყდებოდა, მეხუთე ჯარიმა მიიღო ქუთაისელთა კიდევ ერთმა ლიდერმა ბექა ქორიძემ
და ქუთაისელები ოთხნი დარჩნენ – მათ შემცვლელი აღარ დარჩათ. გიორგი კანდელაკმა,
რომელმაც თამაში ხუთეულში დაიწყო და მწვრთნელისგან შეცვლა ვერ აიტანა, მესამე
მეოთხედში სათადარიგოთა სკამი მიატოვა და ტრიბუნაზე გადაინაცვლა.

4 კაცით დარჩენილმა „ქუთაისმა“ ბოლო წუთზე მაინც მოახერხა
დაწინაურება. დათო ბერძენაძემ და დიმიტრი გიორგაძემ თითო საჯარიმო ჩააგდეს,
იმერლები 78:76  გალიდერდნენ და ბოლო წუთიც
დაიწყო. გიორგი გლოველმა საჯარიმოს ხაზიდან ანგარიში გაათანაბრა, კაცნაკლულ ქუთაისელებს
კი მეტოქის ნახევარზე ბურთის გადატანა გაუჭირდათ და დინამოელებმაც ჩაუჭრეს. ნიკა
გულდედავამ ორქულიანი ისე ჩააგდო, რომ თან ქუთაისელი მეურვე აიძულა,
დაჯარიმებულიყო. მან ბონუს–საჯარიმოც მიითვალა და „დინამო“ 81:78 დააწინაურა.
დარჩენილ წამებში ქუთაისელებმა ვეღარაფერი შეცვალეს და დასანანი მარცხი იწვნიეს.

დასანანად წააგო სტუ–მაც, რომელიც თავიდან 21:3 უგებდა „მაკაბის“ და
ბოლო წუთებამდეც ლიდერობა ხელიდან არ გაუშვია, თუმცა საბოლოო წარმატების
მოსაპოვებლად ალა არ ეყო. ეს უპირველესად მაკაბელი ძმების – ლევან და გიორგი რევაზაშვილების
დამსახურებაა. პირველს უკვე მე–7 წუთისთვის 4 ჯარიმა ჰქონდა, მაგრამ თამაში მაინც
შეუცვლელად ჩაამთავრა. საბოლოოდ ლევანმა 17 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ხოლო
გიორგი რევაზაშვილმაც 40 წუთი ითამაშადა და მოედანი 22 ქულითა და 10 მოხსნით
დატოვა.

ბოლო 2 წუთი ვერც ერთი გუნდი ვერ ადგებდა ბურთს – ანგარიში კი
საყაიმო, 63:63 იყო. საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე მაკაბელი გიორგი
მიგინეიშვილი საჯარიმოს ხაზზე დადგა, მაგრამ ორივე სროლა დააცუდა. აცილებული მისმა
თანაგუნდელმა გიორგი რევაზაშვილმა მოხსნა და ახლა მასზე დაჯარიმდნენ ტექნიკოსები.
მან კი ორივე სროლა ჩააგდო და „მაკაბის“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოუტანა.

რაც  შეეხება მესამე მატჩს, „ჰიუნდაისა“
და „სამედიცინოს“ დაპირისპირება მოულოდნელად უღიმღამოდ წარიმართა. ამის მიზეზი
მედიკოსების დიდი უპირატესობა იყო. ორივე გუნდს აკლდა მოთამაშე, თუმც როგორც
აღმოჩნდა, დანაკლისი ჰიუნდაელთათვის უფრო მტკივნეული გამოდგა. დუდა სანაძის
არყოფნაში ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა ვერაფერი მოუხერხა სერგო იშხნელის „სამედიცინოს“.
პირველი ტაიმი მედიკოსებმა 12 ქულით მოიგეს, ხოლო მესამეს შემდეგ უკვე 66:41 ლიდერობდნენ
და შეხვედრის ბედიც აქ გადაწყდა.