დინამომ ოლიმპიც დაამარცხა

დინამომ ოლიმპიც დაამარცხა

„დინამომ“ ბოლო 1 კვირაში 2 ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. 

მამუკა ტურაშვილისა და ამროსი ორმოცაძის გაწვრთნილმა დინამოელებმა პარასკევს პირველი გამარჯვება რუსთავში მოიპოვეს, დღეს კი ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდ „ოლიმპს“ პირველი წაგება აგემეს.

„დინამომ“ მაღალ დონეზე ჩაატარა მთელი შეხვედრა. ტურაშვილის
გუნდი არც მაშინ ამოვარდა კალაპოტიდან, როცა პირველ ტაიმში მოპოვებული 13-ქულიანი უპირატესობა
ბოლო მეოთხედში ხელიდან გამოეცალა და 3 ქულით ჩამორჩა – 65:68. ასეთ დაძაბულ ეპიზოდში
დინამოელები არ გატყდნენ და ზედიზედ 3 შეტევა წარმატებით დააგვირგვინეს, მეტოქეს კი
დაცვაში მედგრად დაუდგნენ და ზედიზედ 2 შეტევა გააცუდებინეს. შედეგად, ტურაშვილის გუნდმა
ჩემპიონატის ლიდერ „ოლიმპს“ პირველი წაგება აგემა და საკუთარი პოზიციები და იმიჯი ერთიორად
გაზარდა.

გადამწყვეტ მომენტში დინამოელებს გამარჯვების ქულები
შოთა გელაზონიამ და ბექა ღუდუშაურმა მიუთვალეს, თუმცა გამარჯვებაში ლომის წილი ზეზვა
ლილუაშვილს მიუძღვის, რომელიც გამთამაშებლის მოვალეობას ხომ კარგად ართმევდა თავს და
შეტევაშიც ყველაზე შედეგიანი იყო. ლილუაშვილმა 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, მთლიანობაში
კი 28 ქულა მიითვალა და მატჩის ბომბარდირი გახდა. ღუდუშაური დინამოელებს 19 ქულით შეეწია,
ხოლო გელაზონიამ მატჩი ორმაგი დუბლით (11 ქულა, 14 მოხსნა) დაასრულა.

„ოლიმპში“ 17-17 ქულა დააგროვეს ნოდარ გოგოძემ და ნუგზარ
აბულაძემ მიითვალეს, ხოლო გიორგი იაკობიძემ პირად ანგარიშზე 14 ჩაიწერა.