სეზონის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ მატჩს დღეს საკალათბურთო აკადემიამ უმასპინძლა. „ოლიმპისა“ და „დინამოს“ დაპირისპირება დრამატული სცენარით წარიმართა, დამატებით დროში გაგრძელდა და საფინალო სირენის თანხლებით ჩაგდებული გამარჯვების ბურთით დასრულდა.
მატჩის გმირი ზეზვა ლილუაშვილი გახდა, რომელმაც ოვერტაიმის ბოლო წამზე შორეული ორქულიანით „დინამოს“ 83:82 გაამარჯვებინა. არადა, „ოლიმპი“ დამატებითი დროის შუაწელში 4 ქულით იგებდა (80:76), მაგრამ ლილუაშვილისა და გიორგი გაბისონიას ქულებით დინამოელები 81:80 დაწინაურდნენ. ეს ანგარიში ბოლო წუთამდე შენარჩუნდა და როცა შეხვედრის დასრულებამდე 12 წამი რჩებოდა, დინამოელები ირაკლი მიქელაძეზე დაჯარიმდნენ. „ოლიმპის“ გამთამაშებელმა ორივე საჯარიმო გამოიყენა და თავისი გუნდი 82:81 დააწინაურა. დარჩენილ დროში დინამოელებმა ბურთი ლილუაშვილამდე მიიტანეს, რომელმაც უხერხული მდგომარეობიდან ესროლა და გამარჯვების ბურთი ჩააგდო.
29 ქულით დინამოელებს სწორედ ლილუაშვილმა ულიდერა, 15 ქულითა და 9 პასით ბექა ღუდუშაური გამოირჩა. 14 ქულა ჩააგდო გაბისონიამ, ხოლო შოთა გელაზონიას ანგარიშზე 13 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. „ოლიმპში“ 20 ქულით და 6 პასით საუკეთესო ნუგზარ აბულაძე იყო, ირაკლი მიქელაძემ კი 18 ქულა მიითვალა.
დღის მეორე მატჩში „სოხუმმა“ „შსს-აკადემია“ დაამარცხა და ცხრილშიც გაუთანაბრდა. თემურ კანკიასა და ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილი გუნდი დასაწყისიდანვე კარგად თამაშობდა, მეორე პერიოდიდან მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და დიდ შესვენებაზე 18-ქულიანი უპირატესობით გავიდა. სოლიდური ლიდერობა სოხუმელებმა ხელიდან აღარ გაუშვეს და გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ – 66:55.
გამარჯვებულთაგან ოთო ბულიავა გამოირჩა, რომელმაც 14 ქულასთან ერთად 17 მოხსნა მოაგროვა. რაც შეეხება ბომბარდირს, სოხუმელთაგან ყველაზე მეტი 15 ქულა შოთა გოლეთიანმა ჩააგდო. გამოსარჩევია ზაზა გაგნიძის 14 და კახა ჯინჭარაძის 10 ქულაც. „შსს-აკადემიაში“ 21 ქულით საუკეთესო რევაზ როგავა იყო, 16 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი ლერი კვანტალიანმა მიითვალა, ლევან ლოლიშვილის ანგარიშზე კი 11ქულაა.
ოლიმპი – დინამო 82:83
სოხუმი – შსს 66:55
ოლიმპი – დინამო
სოხუმი – შსს