საქართველოში იმყოფება ლეგენდარული საკალათბურთო ოჯახის წარმომადგენელი, ოლიმპიური ჩემპიონი, მოსკოვის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი და საპატიო პრეზიდენტი ევგენი გომელსკი. ცნობილი საკალათბურთო მოღვაწე თბილისში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა. მასთან ერთად საქართველოს დედაქალაქ ეწვივნენ მოსკოვის „დინამოს“ პრეზიდენტი გორ ხეჩოიანი და კლუბის გენერალური დირექტორი სერგეი სკოროჩკინი.
საპატიო სტუმრებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა მასპინძლობს. 1992 წლის ოლიმპიადის ოქროს პრიზიორი ევგენი გომელსკი ლეგენდარული ალექსანდრ გომელსკის ძმაა. როცა ეს უკანასკნელი მოსკოვის ცსკა-სა და საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად წარმატებებს აღწევდა, ევგენი გომელსკიმ ბარსელონის ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის ქალთა ნაკრებს ოქროს მედლები მოაგებინა. ის ასევე იყო „მოსკოვის „დინამოს“ მწვრთნელი და ცსკა-ს დიდ პაექრობას უწევდა.
მოსკოვის „დინამოს“ ხელმძღვანელები საქართველოში კალათბურთის განვითარებით არიან დაინტერესებული და ქართულ მხარეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას სთავაზობენ. საქმიანი თანამშრომლობა ახალგაზრდების გაცვლით პროგრამებს, საკალათბურთო კემპების ჩატარებას, ვეტერანთა ურთიერთობის აღდგენა-გაღრმავებას და სხვადასხვა საკითხებს აერთიანებს. ამ თემებზე გომელსკი და მისი გუნდი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას ესაუბრა, დღეს კი სტუმრები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანსაც ეწვივნენ.
ლევან ყიფიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:
„ევგენი გომელსკი გახლავთ ცნობილი საკალათბურთო ოჯახის წარმომადგენელი, რომელსაც იცნობენ მთელი მსოფლიოს საკალათბურთო ოჯახში.. ძალიან სასიამოვნო იყო მასთან და მისი გუნდის წევრებთან საუბარი. ისინი არიან კონკრეტული შემოთავაზებებით ჩამოსულნი. აინტერესებთ და გეგმავენ, რომ საქართველოში ჩატარდეს ერთობლივი წვრთნები ახალგაზრდებისთვის, ასევე ჩამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის კლუბები და ჩატარდეს საერთაშორისო ტურნირები. ამის გათვალისწინებით, საკმაოდ დიდი სამუშაო ექნება საქართველოს კალათბურთის ფედერაციას და მჯერა, ერთობლივი მუშაობით ჩვენ მოვახერხებთ ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო სიახლეების შეთავაზებას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიმართული იქნება ქართული კალათბურთის განვითარებისკენ“.
მიხეილ გაბრიჩიძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:
„დიდი წარდგენა არ სჭირდება ევგენი გომელსკის, ის ყველასთვის ცნობილი და ლეგენდარული საკალათბურთო მოღვაწეა. ის საქართველოში ჩამოვიდა საქმიანი ვიზიტით და დაინტერესებულია ბავშვთა კალათბურთის აღორძინებით, ასევე სურს, რომ თბილისის „დინამოს“ ის სახელი დაუბრუნდეს, რომლითაც ის ათწლეულების წინ სარგებლობდა. ბატონ ევგენისთან შეხვედრა გასულ გაზაფხულზე მქონდა მოსკოვში, როცა 3X3 კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიმყოფებოდი. მისი ეს ვიზიტიც მაშინ დაიგეგმა და ახლა, როცა ის თბილისში იმყოფება და გარკვეულ დეტალებს ვათანხმებთ, იგეგმება მომავალი შეხვედრაც, რომელიც უკვე უშუალოდ შედეგებს გამოიღებს და საერთო პროექტებიც განხორციელდება.
ევგენი გომელსკი, მოსკოვის „დინამოს“ საპატიო პრეზიდენტი:
„ბოლოს თბილისში 25 წლის წინ გახლდით და ძალიან მოხარული ვარ, რომ ისევ აქ ვარ და ვხედავ კეთილგანწყობილ, მომღიმარ და სიცოცხლით აღსავსე სახეებს. პოლიტიკა არაა სპორტი, ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით და ასეც ვიქნებით, რაც არ უნდა მოხდეს. საჭიროა, რაც შეიძლება ხშირი შეხვედრა, ურთიერთობა და მჯერა, ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ კალათბურთისთვის საჭირო საქმეებს, რადგან გვიყვარს სპორტის ეს სახეობა, გვესმის მისი თითოეული დეტალი და მზად ვართ კალათბურთისთვის ყველაფერი გავიღოთ. 50 წელზე მეტია, რაც კალათბურთში ვარ და ბევრი რამ მახსოვს. მინდა, ისევ ისეთი თბილისის „დინამო“ ვიხილო, ისეთივე ამბიციური და მებრძოლი, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს. ქართული კალათბურთი იმსახურებს, რომ მოწინავე იყო და საერთო ძალისხმევით ვეცდებით წარმატებების მიღწევას.
P.S. მინისტრთნ შეხვედრამდე ევგენი გომელსკიმ საქართველოს ძველი დედაქალაქის, მცხეთის დათვალიერება ისურვა და დიდი ნოსტალგიით მოიარა ჯვრისა და სვეტიცხოვლის ეკლესია-მონასტრები.