“ჰიუნდაიმ” წელი “ოლიმპთან” რევანშით დახურა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

“ჰიუნდაიმ” წელი “ოლიმპთან” რევანშით დახურა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სტატისტიკა

გალერეა

“ჰიუნდაიმ” 2013 წელი მაჟორულ ნოტაზე დახურა.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა დღეს გამართულ მატჩში ერთ-ერთი კონკურენტი “ოლიმპი”
28 ქულით გაანადგურა. მიმდინარე წელს ორივე გუნდისთვის ეს ბოლო შეხვედრა იყო.

“ჰიუნდაისთვის” ამ გამარჯვებას პრინციპული
მნიშვნელობა ჰქონდა. პირველი წრის მატჩში “ოლიმპმა” ჰიუნდაელებს 17 ქულის
სხვაობით – 59:42 მოუგო და იმ მარცხისთვის ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდმა დღეს სრულფასოვანი
რევანში აიღო.

საბოლოო ანგარიშიდან კარგად ჩანს, თუ რა იოლად მოიგო
“ჰიუნდაიმ”. გააზრებული და რაც მთავარია, ზუსტი თამაშის წყალობით ჩერქეზიშვილის
გუნდმა პირველი მეოთხედი 17:10 მოიგო, მეორე – 18:10 და დიდი შესვენებაზე 15-ქულიანი
უპირატესობით გავიდა.

ვითარება არც მეორე ნახევარში შეცვლილა. ჰიუნდაელებმა
დარჩნილი პერიოდებიც მოიგეს და საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით იმარჯვეს – 79:51. გამარჯვებაში
დიდი წილი დაიდო გუგა ძიძიგურმა, რომელმაც 21 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მისმა
თანაგუნდელმა, ლუკა ბულიავამ თავი 19 ქულას მოუყარა, ხოლო სანდრო სანაძემ ჰიუნდაელებს
15 ქულა შესძინა. “ოლიმპში” ერთადერთი კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს
– ნოდარ გოგოძემ თავი 22 ქულას მოუყარა.

მიმდინარე წლის ბოლო შეხვედრა დღეს რუსთავში გაიმართება,
სადაც ადგილობრივ გუნდს “შსს-აკადემია” დაუპირისპირდება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(,,ჰიუნდაის’’ მთავარი მწვრთნელი): კმაყოფილი
ვარ დღევანდელი თამაშით, ყველამ კარგად იასპარეზა, მეტოქეს კი არაფერი გამოუვიდა. ჩვენს
წინა დაპირისპირებაში პირიქით იყო.  ,,ოლიმპი’’
კარგი, პერსპექტიული გუნდია, კარგი მწვრთნელი ჰყავთ და ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო
საინტერესო შეხვედრა გველის ერთმანეთთან.

ზაზა ცაგარეიშვილი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):  მივულოცავ ,,ჰიუნდაის’’
გამარჯვებას, ძალიან კარგად ითამაშეს და ნამდვილად დამსახურებულად მოიგეს. სამწუხაროდ,
დღეს ჩვენ არაფერი გამოგვივიდა. წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს პრობლემების და ხარვეზების
გამოსასწორებლად.