,,ჰიუნდაის’’ და ,,შსს აკადემიის’’ გამარჯვებები (მატჩისშემდგომი კომენტარები)

,,ჰიუნდაის’’ და ,,შსს აკადემიის’’ გამარჯვებები (მატჩისშემდგომი კომენტარები)

გალერეა 

ჩემპიონატის ლიდერ
“შსს-აკადემიასთან” დამატებით დროში დამარცხებულმა “ქუთაისმა”
დღეს “ჰიუნდაისთანაც” წააგო. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა
იმერულ კლუბს დიდი ბრძოლა გაუმართეს და გააზრებული თამაშისა და გონივრულად შერჩეული
ტაქტიკით აჯობეს.
“ჰიუნდაის”
ერთ-ერთი ლიდერი ლუკა ზაქრაძე ტრავმირებული ჰყავს, ხოლო წინა მატჩში, რუსთაველებთან
მომხდარი ჩხუბის გამო გუგა ძიძიგური და თორნიკე ჟორჟოლიანი 10-10 მატჩით გამოაკლდათ.
შესაბამისად, ჩერქეზიშვილის განკარგულებაში მხოლოდ 8 კალათბურთელი იყო, რომლებმაც ყველაფერი
გაიღეს გამარჯვების მოსაპოვებლად.
თბილისელებმა
თავიდანვე მძლავრად დაიწყეს და ძირითადად სწრაფი შეტევებით სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს.
პირველი მეოთხედი ჰიუნდაელებმა 21:9 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის უპირატესობა
კიდევ 2 ქულით გაზარდეს – 41:27.
შესვენებიდან
დაბრუნებული ქუთაისლები შედეგიანად ათამაშდნენ, რასაც ხელი ჰიუნდაელთა სისწრაფეში დაშვებულმა
შეცდომებმა და იმერლების ფარქვეშ ქებულმა გარჯამ შეუწყო. მასპინძელთა ლიდერობამ კლება
იწყო და მე-3 მეოთხედის ბოლოს 5 ქულამდე შემცირდა.
“ჰიუნდაი”
წაგების სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ჩერქეზიშვილის
გუნდმა მოახერხა ქუთაისელთა მოძალების შეჩერება და მათ ცენტრზე აწყობილ თამაშს სწრაფი
კონტრშეტევები დაუპირისპირა. “ჰიუნდაი” დაცვაშიც კარგად თამაშობდა და მაქსიმალურად
უშლიდა ხელს ქუთაისელ მეფარეებს სამწამიანიდან ეხეირათ. კარგად გაისარჯა დაცვაში ბექა
ქარცივაძე, რომელმაც 4 ქულა, 11 მოხსნა და 9 დაფარება (!) მიითვალა. ბომბარდირი და
საუკეთესო მოთამაშე კი ალექსანდრე ბოლქვაძე გახდა 29 ქულა-16 მოხსნით.
საბოლოოდ, ჰიუნდაელებმა
71:63 იმარჯვეს და ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლეს. პირველ ადგილზე მყოფმა
“შსს-აკადემიამ” კი ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. დღის მეორე მატჩში ცხრილის
პოლუსებზე მყოფი გუნდები ხვდებოდნენ და რა გასაკვირია, რომ პირველმა ბოლოს მოუგო. აკადემიელებმა
პირველი მეოთხედი 24:9 მოიგეს, რის შემდეგაც ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.

“შსს-აკადემიამ”
78:65 იმარჯვა და ჩემპიონატში საუკეთესო შედეგს ფლობს: 11 მოგება, 1 წაგება.
“სოხუმი” კი ბოლო ადგილზეა 11-დან ყველა წაგებით. აკადემიელებს 20 ქულა-12
მოხსნით მერაბ მირზიაშვილმა ულიდერა, ლერი კვანტალიანმა 14 ქულა მიითვალა, ხოლო ერეკლე
ლორთქიფანიძემ – 13.  სოხუმელებში 28 ქულით
გურამ კენჭიაშვილი გამოირჩა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ჰიუნდაი – ქუთაისი 71:63

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(,,ჰიუნდაის”
მთავარი მწვრთნელი): გუშინ ჩვენს მეტოქეს საკმაოდ მძიმე შეხვედრა ჰქონდა
და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმემ მოთამაშემ ძალიან კარგად ითამაშა, მთლიანობაში
გუნდს დაღლილობა ეტყობოდა. ამან ჩვენს სასარგებლოდ იმოქმედა, მნიშვნელოვანი იყო ისიც,
რომ სახლში ვთამაშობდით. თუმცა დღევანდელი გამარჯვება არაფერს ნიშნავს, ყველაფერი ოთხეულში
გაირკვევა.

შოთა ჯავახიშვილი(,,ქუთაისის” მწვრთნელი):
,,ჰიუნდაი” ძლიერი და ძალიან კარგი გუნდია, დღესაც კარგად ითამაშეს, იბრძოლეს და მივულოცავ
გამარჯვებას. ჩვენი ბიჭები გუშინდელის შემდეგ გადაღლილები იყვნენ ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც
და ეს თამაშზეც აისახა.

 

შსს აკადემია – სოხუმი  78:65

გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის”
მთავარი მწვრთნელი):  მიუხედავად
იმისა, რომ დღეს შედარებით სუსტ მოწინააღმდეგესთან მოვიგეთ, ჩვენთვის ყველა გამარჯვება
მნიშვნელოვანია. ბიჭებმა მაქსიმალურად მოინდომეს და ყველას მივეცი თავის გამოჩენის
საშუალება. ვემზადებით შემდეგი შეხვედრებისთვის და, რაც მთავარია, პლეიოფებისთვის.

თემურ კანკია(,,სოხუმის” მთავარი
მწვრთნელი): თამაში ძალიან ცუდად დავიწყეთ, შემდეგ ერთ ეპიზოდში
გამოვასწორეთ, თუმცა ,,შსს აკადემიამ” გამოცდილებისა და ფიზიკური ძალის ხარჯზე გვაჯობა
და გამარჯვებაც მოიპოვა.