სტატისტიკა
20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია.
თბილისში, “ჰიუნდაისთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ქუთაისურმა გუნდმა
დღეს, შინაურ ქალაქშიც იმარჯვა და ნახევარფინალური სერია 2:0 მოიგო.
სერიის პირველ მატჩში დაძაბული ბრძოლა გაიმართა და ქუთაისელებმა
6 ქულის სხვაობით – 88:82 მოიგეს, დღევანდელ მატჩში კი დიდი სხვაობა დაფიქსირდა. შოთა
ჯავახიშვილის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა სტუმრებს შანსი არ დაუტოვეს და “ჰიუნდაის”
80:64 სძლიეს.
ნიკო ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი პერიოდი
22:20 მოიგო, რითაც მასპინძლებს უჩვენა, რომ იოლად არ დანებდებოდა. მეორე პერიოდში
ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ქუთაისელებმა თამაში გამოასწორეს და მატჩზე სრული კონტროლი
დაამყარეს. მეორე მეოთხედი იმერულმა კლუბმა 32:8 მოიგო და დიდ შესვენებაზე 22-ქულიანილიდერობით გავიდა.
დიდებულად ჩატარებული მეორე მეოთხედის შემდეგ ქუთაისელებმა
თამაშის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტეს. მესამე პერიოდი მასპინძლებმა მხოლოდ 2 ქულით
დათმეს და ბოლო ათწუთეულის წინ 20 ქულით ლიდერობდნენ. დარჩენილ დროში სტუმრებმა ვერაფრის
შეცვლა ვეღარ მოახერხეს და მარცხს შეეგუვნენ.
ქუთაისელთაგან საუკეთესო იყო ლევან გრძელიძე, რომელმაც
31 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. 17 ქულა დააგროვა გიორგი ცირეკიძემ, ხოლო ირაკლი
მაცაბერიძის ანგარიშზე 15 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. სტუმართაგან 14 ქულით ბომბარდირი
კახა ტომარაძე გახდა, სანდრო ბოლქვაძემ კი შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
შოთა ჯავახიშვილი
(„ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): ძალიან გახარებულნი
ვართ ფინალში გასვლით ჩვენც და მთელი ქუთაისი. ბიჭებმა ზედმიწევნით კარგად შეასრულეს მიცემული დავალებები და კარგად იასპარეზეს. “ჰიუნდაი” ძლიერი და კარგად მომზადებული გუნდია, მაგრამ ამჯერად იღბალი ჩვენს მხარეს იყო.
ნიკო ჩერქეზიშვილი
(ჰიუნდაის მთავარი მწვრთნელი): თამაშამდე 3 საათით ადრე ჩავედით ქუთაისში, ძალიან დაღლილები ვიყავით და ვერ გამოფხიზლდა
გუნდი. მთელი 10 წუთი ბურთი ვერ ჩავაგდეთ და დავმარცხდით.