კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში გამგეობის სხდომა გაიმართა

კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში გამგეობის სხდომა გაიმართა

დღეს  საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფისში გაიმართა ფედერაციის გამგეობის სხდომა.
გამგეობამ იმსჯელა სკეფ-ის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ, მათ შორის აღსანიშნავია ფედერაციის ბოლო არჩევნების შემდგომ დანერგილი სიახლეები:

·          – სუპერლიგაში დაინერგა ახალი ფორმატი.

·          – დაფუძნდა  „ა“ ლიგა.

·        –  ჩამოყალიბდა ეროვნული ნაკრების სარეზერვო ნაკრები (ბ ნაკრები).

·          – შემუშავდა და დაინერგა სუპერლიგის კლუბების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა.

·           – ევროპის ახალგაზრდულ საკალათბურთო ლიგაში მონაწილეობას ვიღებთ 2 ასაკობრივ ჯგუფში.

·          – NBA Junior – აშშ-ს მთავრობისა და საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი, რომელშიც ჩართულია თითქმის ყველა რეგიონი (500 მდე ბავშვი).

·           – პირველად საქართველოს ქალ კალათბურთელთა 2 ასაკობრივი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში.

·           – თბილისი უმასპინძლებს ქალთა შორის ახალგაზრდული, 18 წლამდელების ევროპის ჩემპიონატს (C დივიზიონი).

·           – დაინერგა და მიმდინარეობს მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა – FIBA-ს მხარდაჭერით.

·         –    მოწვეულნი არიან უცხოელი სპეციალისტები და მწვრთნელები სკეფ-ში სამუშაოდ, ბავშვთა კალათბურთისა და ასაკობრივი ნაკრებების განვითარების ხელისშეწყობის მიზნით.

·           –  FIBA-ს სტრუქტურებში, კომისიებში გაწევრიანებულია ფედერაციის 3 თანამშრომელი.

·     – 3X3 ზე კალთბურთში საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც მოიცავს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონს, ჩვენი გუნდები მონაწილეობას იღებენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. U18 ასაკობრივ ჯგუფში, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მოხვდა საუკეთესო რვა ნაკრებს შორის…

ფედერაციის გამგეობამ კიდევ ერთხელ იმსჯელა  სკეფ-სა და „სასკი ბასკონიას“ შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებაზე. გამგეობის წევრთა საერთო მოსაზრებით პროექტი კიდევ ერთხელ შეფასებულია როგორც ერთერთ წარმატებულ და დიდი იმედების მომცემ წამოწყებად, გამომდინარე მისი ფინანსური რისკების მინიმუმამდე შემცირებისა და იმ მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით, რომლებიც შეუწყობს ხელს  ქართული კალათბურთისათვის მაღალი ევროპული დონის მოთამაშეების აღზდასა და მათ შემდგომ განვითარებას.  

ფედერაციის გამგეობამ განიხილა თემურ დათიკაშვილისა და კახა შენგელიას მედია საშუალებებში გამოქვეყნებული ინფორმაცია, მისი ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები.

მიუხედავად იმისა, რომ ბატონები თემურ დათიკაშვილი და კახა შენგელია ითვლებოდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის არჩევნებში გამარჯვებული გუნდის წევრებად, სრულყოფილად ჰქონდათ გააზრებული გუნდის მიზნები და ამოცანები, მხარი დაუჭირეს საარჩევნო პროგრამას, ისინი სისტემატიურად ცდილობდნენ ფედერაციის სტრუქტურებში, მათი სტატუსიდან გამომდინარე, მოეხდინათ პირადად თავიანთი ინტერესების გატარება, რაც დაკავშირებული გახლდათ საკალათბურთო ინფრასტრუქტურის (დიდუბისა და ვერის ბაღის საკალათბურთო კომპლექსების)  მათ პირად განკარგულებაში გადაცემის და მათ მიერ დაფუძნებული საკალათბურთო კლუბ „ვითას“ არამართლზომიერ ლობირებაში. რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ვერ გაიზიარებდა.

იმავდროულად კახა შენგელია, როგორც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ესწრებოდა როგორც „სასკი ბასკონიასთან“ მიმდინარე წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებებს აგრეთვე ხელშეკრულების ხელისმოწერასაც, მისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების ყველა დეტალი და საერთო დადებით აზრსაც ეთანხმებოდა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა შარშან თბილისში ჩატარებული კემპის ორგანიზებასა და მსვლელობაში.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობისათვის სრულიად გასაგებია თუ რატომ ახდენენ ხსენებული ბატონები ერთერთ ყველაზე წარმატებული პროექტის დისკრედიტაციას. გამგეობისათვის მიუღებელია მისი ყოფილი წევრების მიერ მედია საშუალებებში გავრცელებული, ფედერაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახავი, შეგნებულად არასწორად მიწოდებული  და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია.

გამგეობა  მოუწოდებს კახა შენგელიასა და თემურ დათიკაშვილს შეწყვიტონ საზოგადოებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება და მოახდიონონ მათ მიერ მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა.