კალათბურთის ფედერაციის განცხადება 20-წლამდელთა ნაკრების შეკრებასთან დაკავშირებით

კალათბურთის ფედერაციის განცხადება 20-წლამდელთა ნაკრების შეკრებასთან დაკავშირებით

22 ივნისს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის გენერალურ შეკრებას იწყებს. აღნიშნული ნაკრები გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ჩვენი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებთა შორის, რომელსაც გასულ სეზონში მიღწეული წარმატება  უმაგრებს ზურგს და ევროპულ ასპარეზზე წარმატების მიღწევის ჯანსაღი ამბიციაც გააჩნია.
20-წლამდელთა ნაკრებმა გასულ სეზონში მონაწილეობა მიიღო ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში და კონტინენტის წამყვან კლუბებთნ ბრძოლაში საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში გამართული 15 მატჩიდან 11 მოიგო და გავიდა ოთხთა ფინალში, სადაც საბოლოოდ მე-3 ადგილი დაიკავა.
20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელთა შტაბმა ძირითად, 12-კაციან შემადგენლობაში მოხვედრის 18 კანდიდატი დაასახელა, რომლებიც სომხეთში, 5-9 ივლისს დაგეგმილ საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში 14-23 ივლისს იასპარეზებს, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები იქნებიან მაკედონიის, რუმინეთის, მალტისა და ალბანეთის ნაკრებები.
20-წლამდელთა ნაკრებს დაეხმარება ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული, 17 წლის გოგა ბითაძე, რომელიც ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის მატჩების დასრულების შემდეგ, ეროვნულ გუნდს 24 ივლისს, სლოვენიურ შეკრებაზე შეუერთდება.
წარმოგიდგენთ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებას, რომელიც 20-წლამდელთა ნაკრების შეკრების დაწყებასა და გამოძახებულ კანდიდატებს ეხება.