2021 წლის 20 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით, თბილისი კიდევ ერთ საერთაშორისო ღონისძიებას, FIBA-ს 20-წლამდელთა ევროჩელენჯერს მასპინძლობს, რომლის ჩატარება საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ (FIBA) კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გადაწყვიტა.
ევროჩელენჯერის ფარგლებში საქართველოს სტუმრობენ ისეთი მაღალი რანგის გუნდები, როგორებიც არიან საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ბულგარეთი და პოლონეთი.
„ბაბლის“ სისტემის მიხედვით, ექვსივე ნაკრები – საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ბულგარეთი და პოლონეთი თბილისში უკვე შეიკრიბა და სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” დაბინავდა.
გუნდები მხოლოდ ვარჯიშებისთვის და თამაშებისთვის გადაადგილდებიან და ერთმანეთთან შეხება, გარდა მატჩების დღეს უშუალოდ სათამაშო მოედნისა, არ აქვთ.
გათამაშების ფორმატის თანახმად, ექვსგუნდიანი ჯგუფის მონაწილენი ერთ წრედ ითამაშებენ და გამარჯვებული ის გახდება, რომელიც ასპარეზობას ცხრილში პირველ ადგილზე დაასრულებს.
თამაშები თბილისის სპორტის სასახლეში (26 მაისის მოედანი N1 ) გაიმართება და მაყურებელთა დასწრება თავისუფალი იქნება.