გალერეა
20-წლამდელთა
ჩემპიონატის 2 მატჩს დღეს საკალათბურთო აკადემიამ უმასპინძლა. გათამაშების ლიდერმა
„შსს-აკადემიამ“ მორიგი იოლი გამარჯვება მოიპოვა. გიორგი ნიკოლაძის გაწვრთნილი აკადემიელები
ბოლოადგილოსან „სოხუმს“ შეხვდნენ და 97:65 გაიმარჯვეს.
სოხუმელები ყველა
მატჩში ბოლომდე იბრძვიან, მაგრამ საბოლოო წარმატების მისაღწევად ძალები არ ჰყოფნით.
ამჯერად მათი მონდომება პირველ ტაიმს გასწვდა. საწყის მეოთხედში თემურ კანკიასა და
ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილი სოხუმელები მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ და 10-წუთეული
ფრედ – 21:21 დაასრულეს.
მეორე მეოთხედში
აკადემიელებმა გუნდური თამაშის წყალობით მცირე უპირატესობა მოიპოვეს. დიდი შესვენებისთვის
„შსს-აკადემია“ 5 ქულით იგებდა და მესამე 10-წუთეულში თამაშზე სრული კონტროლი დაამყარა.
აღნიშნული მეოთხედი ნიკოლაძის გაწვრთნილმა გუნდმა 21:10 მოიგო და მეტოქე საბოლოოდ გატეხა.
საბოლოოდ აკადემიელები
გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ, რაშიც სოლიდური წვლილი გუნდის მეფარეებმა – ლერი კვანტალიანმა
და შოთა გელაზონიამ შეიტანეს. ორივე მათგანმა ორმაგი დუბლი შეასრულა. კვანტალიანმა
17 ქულა და 11 მოხსნა მიითალა, გელაზონიას ანგარიშზე კი 18 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა. სოხუმელებში საუკეთესო გურამ კენჭიაშვილი იყო
26 ქულით, შოთა გოლეთიანმა კი გუნდს 19 ქულა შესძინა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
სოხუმი – შსს აკადემია 65:97
თემურ კანკია(,,სოხუმის” მთავარი
მწვრთნელი): დღეს სრული შემადგენლობით ვითამაშეთ, თუმცა ,,შსს აკადემია”
ჩემპიონატის ლიდერია და ობიექტურად დავმარცხდით. მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას.
გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის”
მთავარი მწვრთნელი): ბიჭებმა მოტივაციის გარეშე დაიწყეს და პირველ ნახევარში
დაცვაში ბევრი შეცდომა დაუშვეს, თუმცა მეორე ტაიმში გამოასწორეს, კარგი დაცვა ითამაშეს,
პასუხისმგებლობაც იგრძნეს და დაგეგმილი გამარჯვება მოვიპოვეთ.
მეორე მატჩი შედარებით
დაძაბული იყო, თუმცა მთლიანობაში არც „ჰიუნდაის“ და „ქუთაისის“ დაპირისპირება გამოდგა
ისეთი, გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებამდე გაურკვეველი რომ ყოფილიყო. ნიკო ჩერქეზიშვილის
გაწვრთნილმა „ჰიუნდაიმ“ ქუთაისელებს პირველი მეოთხედი 26:13 მოუგო, რის შემდეგაც სტუმრები
ბევრს ეცადნენ, მაგრამ ჩამორჩენა ვეღარ აღმოფხვრეს.
ანგარიშში სხვაობა
10 ქულის ფარგლებში მერყეობდა და საბოლოოდ მატჩიც ასე დასრულდა – „ჰიუნდაიმ“ იმერულ
კლუბს 72:63 მოუგო და ცხრილში მეორე ადგილი გაიმყარა. ჰიუნდაელებს 20-20 ქულით სანდრო
ბოლქვაძემ და სანდრო სანაძემ ულიდერეს.12 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა კახა გიორგაძემ.
ქუთაისელთაგან ლევან გრძელიძე გამოირჩა 21 ქულით, გიორგი ცირეკიძემ კი თავი 16 ქულასა
და 14 მოხსნას მოუყარა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ჰიუნდაი – ქუთაისი 72:63
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(,,ჰიუნდაის”
მთავარი მწვრთნელი): მართალია, გავიმარჯვეთ, თუმცა ბოლომდე კმაყოფილი მაშინ
ვიქნები, თუ ფინალს ვითამაშებთ. წინ კიდევ სერიოზული ბრძოლა გველის, ნახევარი საქმე
გაკეთებულია და დაწყებული ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.
კობა კირთაძე(,,ქუთაისის” მთავარი
მწვრთნელი): გუნდს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვაქვს, ბევრი თამაშის
ჩატარება გვიწევს ზედიზედ და ბიჭები, რა თქმა უნდა, იღლებიან. ეს ჩვენს თამაშზე აისახება.
დღეს ვერც ლიდერებმა იასპარეზეს კარგად. გუნდს მონდომება და ბრძოლის ჟინი აკლია, ბევრი
სამუშაო გვაქვს და ვეცდებით, მაქსიმალურად გამოვასწოროთ ხარვეზები.