ლიდერებმა მორიგი მატჩები მოიგეს

ლიდერებმა მორიგი მატჩები მოიგეს

გალერეა 
20-წლამდელთა
ჩემპიონატის ორ მატჩს უმასპინძლა საკალათბურთო აკადემიამ და ორივე შეხვედრა ლოგიკური
შედეგით დასრულდა. გათამაშების ლიდერები ცხრილში შედარებით დაბლა მყოფ გუნდებს შეხვდნენ
და დაგეგმილი გამარჯვებები მიითვალეს.

ჩემპიონატის უპირობო
ლიდერი „ოლიმპი“ „სოხუმს“ შეხვდა და 18 ქულის სხვაობით – 88:70 დაამარცხა. მატჩის ბედი
მესამე მეოთხედის ბოლოს გაირკვა, რომელიც ოლიმპელებმა 23:8 მოიგეს და ლიდერობა 26 ქულამდე
გაზარდეს.

ბოლო პერიოდი
ფორმალობა გამოდგა. მოედანზე ოლიმპელთა სათადარიგოები ვიხილეთ, რომელთაგან ვოვა ბულიგინი
გამოირჩა. ამ უკანასკნელმა 8 წუთში 11 ქულა ჩააგდო. ზოგადად კი გამარჯვებულთაგან ბომბარდირი
დავით ლომიძე გახდა, რომელმაც 17 ქულა მიითვალა. 15 ქულა დააგროვა ნუგზარ აბულაძემ,
კახა ტომარაძე კი სამმაგი დუბლის ზღვრამდე მივიდა – 7 ქულა, 9 მოხსნა და 10 პასი მოაგროვა.
ოლიმპი – სოხუმი  88:70 

მეორე მატჩი შედარებით
დაძაბული გამოდგა. „აკადემია“ თავიდან აგებდა „მგზავრები-არმიასთან“, თუმცა მესამე
პერიოდში გარდატეხა მოახდინა და, საბოლოოდ, გამარჯვებამდე მშვიდად მივიდა. აკადემიელებს გამოადგათ ახალგაზრდა გიორგი
ცხოვრებოვი, რომელიც „ა“ ლიგის გუნდში გაშვებული მოთამაშეების შესაცვლელად დაბალი ასაკობრივი,
18-წლამდელთა გუნდიდან დაიმატეს. 17 წლის ცხოვრებოვმა „აკადემიის“ 20-წლამდელთა გუნდში
მეორე მატჩი ჩაატარა და ამჯერად 23 ქულა დააგროვა (პირველ შეხვედრაში
მას 24 ქულა ჰქონდა).

ცხოვრებოვთან
ერთად გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი დაიდეს ნიკა ღურწკაიამ (17 ქულა, 13 მოხსნა)
და თენგო ხუციშვილმა (11 ქულა, 10 მოხსნა). 17 ქულა დააგროვა 16 წლის ნიკა ლეონიძემ,
რომელიც ცხოვრებოვთან ერთად „აკადემიის“ 18-წლამდელთა გუნდიდან 20-წლამდელებმა დაიმატეს.

ჩემპიონატის მორიგი
მატჩი 20 თებერვალს, ქუთაისში გაიმართება, სადაც სათამაშოდ „რუსთავი“ ჩავა.
მგზავრები-არმია – აკადემია 71:84