შედეგებიგალერეა
ტრადიციულად 2 მატჩს უმასპინძლა საკალათბურთო აკადემიამ,
რომელთაგან 1 ძალიან დაძაბული, მეორე კი დიდად საინტერესო არ ყოფილა. ჩემპიონატის ერთ-ერთმა
აუტსაიდერმა, დღემდე მხოლოდ 1 მოგების მქონე „მაქაბიმ“ დაძაბულ ბრძოლაში – 75:74 დაამარცხა
„მგზავრები-არმია“.
„მაქაბიმ“ დაამტკიცა, რომ ბოლომდე მებრძოლი გუნდია და
ლიდერის, მაიზერ რევაზაშვილის არყოფნით ბევრი არ დაუკარგავს. ის კი არა, მაქაბელები
ყოველ მეტოქესთან გამორჩეული ჟინით იბრძვიან და იოლად არავის არაფერს უთმობენ.
ახალგაზრდა მწვრთნელის, ლაშა ელბაქიძის ხელმძღვანელობით
„მაქაბიმ“ ნავსი გატეხა და რამდენიმე მოსაგები მატჩის შემდეგ, როგორც იქნა, პირველ
შეხვედრაში იმარჯვა. თანაც საკმაოდ ძლიერ მეტოქე „მგზავრები-არმიასთან“, რომელსაც ჩემპიონატში
უკვე 5 გამარჯვება აქვს მოგროვებული.
„მაქაბი“ იგებდა მთელი თამაშის მანძილზე. თავიდან „მგზავრები-არმიას“
შტაბს ეგონა, რომ მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა დროის ამბავი იყო, თუმცა პირველი
ტაიმის 8 ქულით მოგების შემდეგ მაკაბელებმა ტემპს კიდევ უფრო უმატეს და ელბაქიძის გაწვრთნილი
გუნდის უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა.
„მგზავრები-არმია“ თავის შანსს ელოდა, რომელიც ბოლო
წუთებზე გამოუჩნდა. დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა,
მაქაბელებმა კი შეცდომებს უხშირეს – ბოლო 2 წუთში ბევრი საჯარიმოები ააცილეს, რაც წესით
უნდა გამხდარიყო კიდეც მათი წაგების მიზეზი, თუმცა თავის მხრივ მგზავრებიც არაერთხელ
შეცდნენ და გონივრული ტაქტიკის წყალობით „მაქაბიმ“ საამაყო გამარჯვება მოიპოვა.
გამარჯვებულებს 23 ქულითა და 17 მოხსნით დავით ქარციძემ
ულიდერა, 17 ქულა დააგროვა რევაზ მაღლაფერიძემ, ხოლო თორნიკე გოგელაშვილმა პირად ანგარიშზე
13 ქულა ჩაიწერა. „მგზავრები-არმიაში“ 17 ქულით ბომბარდირი სანდრო ბოლქვაძე გახდა.
მეორე მატჩში 38-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. ტურნირის
2-მა ლიდერმა, მიმდინარე სეზონში თითო წაგების მქონე „ოლიმპმა“ და „აკადემიამ“ მაყურებელთათვის
მოსაწყენი თამაში გააჩაღეს. დასაწყისში დაძაბულობა იყო, თუმცა ეს რამდენიმე წუთს გაგრძელდა,
რის შემდეგაც „ოლიმპმა“ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და თამაშის ბოლომდე ლიდერობას
იმყარებდა.
კაპიტანმა ნუგზარ აბულაძემ თავის გუნდს 22 ქულითა და
9 შედეგიანი გადაცემით ულიდერა. 21 ქულა მოიხვეჭა გურამ კენჭიაშვილმა, ხოლო ორმა მეფარემ
– არჩილ პულუზაშვილმა და შოთა ნარჩომაშვილმა ერთნაირი შედეგი დააფიქსირეს – 11 ქულა,
10 მოხსნა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მგზავრები არმია – მაქაბი 74:75
ლაშა ელბაქიძე
(„მაქაბის“ მთავარი მწვრთელის ასისტენტი): ძალიან მაგარი
თამაში იყო. მადლობა მთელ გუნდს და ბიჭებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის.
ვფიქრობ, ბევრად უკეთესად უნდა გვეთამაშა, მაგრამ მთავარია მოვიგეთ. იყო გარკვეული ხარვეზები, რომელსაც აუცილებლად გამოვასწორებთ.
დიმიტრი ჟაკობოვი(„მგზავრები-არმიის“
მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას,
რომელიც ჩვენზე ბევრად მონდომებული იყო და ღირსეულად გაიმარჯვა. რაც შეეხება ჩვენ გუნდს,
დავუშვით ყველაზე დიდი შეცდომა – სათანადოდ არ შევაფასეთ მეტოქე. გვეგონა ნახევარი
ძალებით მოვიგებდით. გავაანალიზებთ ამ თამაშს, გამოვიტანთ სწორ დასკვნებს და ვეცდებით სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გავაუმჯობესოთ.
ოლიმპი აკადემია 117:79
ლევან ქარაბაქი(„ოლიმპის“
მთავარი მწვრთნელი): ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩავატარეთ. თავდასხმაშიც
და დაცვაშიც შესანიშნავად ვიასპარეზეთ. მსურს
მადლობა გადავუხადო ჩემს ბიჭებს, განსაკურებით კი სათადარიგო მოთამაშეებს.
გელა წულაძე
(„აკადემიის“ მთავარი მწვრთნელი): დამსახურებულად
მოიგო მეტოქემ. გვაჯობეს ყველაფერში. მივუულოცავ ამ წარმატებას.