“მედიკოსებმა” რუსთაველები ანერვიულეს

“მედიკოსებმა” რუსთაველები ანერვიულეს

დღეს 20–წლამდელთა ჩემპიონატში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მატჩი გაიმართა: ერთში ბრძოლა და გვარიანი დაძაბულობა ვიხილეთ, ხოლო მეორეს ინტერესი აკლდა, იმდენად დიდი იყო კლასში და ანგარიშში სხვაობა.
საკმაოდ კარგად ათამაშდა სერგო იშხნელის „სამედიცინო“, რომელიც ახალი წლის შემდეგ თამაშს თამაშზე იგებს, დღეს კი სულაც 20–წლამდელთა მოქმედ ჩემპიონ „რუსთავს“ გაუმართა ტოლსწორი ბრძოლა და ცოტაც რომ გამართლებოდა, ხმაურიან გამარჯვებას იზეიმებდა.რუსთაველებმა ლიდერს რომ სჩვევიათ, ისე დაიწყეს თამაში და საწყისი მეოთხედი 22:10 მოუგეს „მედიკოსებს“. აი, მეორე ათწუთეულში კი ვითარება საპირისპიროდ შეიცვალა და იშხნელის გუნდმა თითქმის ყველა სროლა, შორი თუ ახლო მანძილიდან განხორციელებული, რუსთაველთა კალათში მოათავსა. შესაბამისად, პერიოდი 34:12 მოიგო და დიდი შესვენებისთვის 10 ქულით დაწინაურდა.„სამედიცინოში“ გამოირჩეოდა იოსებ ლეჟავა, რომელიც ბურთს ხომ გონივრულად ათამაშებდა და ქულებსაც საკმარისად იხვეჭდა. მეორე ტაიმიც „მედიკოსების“ აქტიურობით დაიწყო და ერთ ეპიზოდში იშხნელის გუნდის უპირატესობამ 18 ქულას მიაღწია. ეს უკვე სერიოზული საფრთხე იყო ბადრი კიკვიძის გაწვრთნილი რუსთაველებისთვის, თუმც მოქმედ ჩემპიონებს ფარ–ხმალი არ დაუყრიათ და პრესინგის დახმარებით გადამწყვეტი მეოთხედისთვის ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს.რუსთაველებში გამოირჩეოდნენ ლუკა ხმელიძე, აკაკი დვალიშვილი და გიორგი თვარაძე. დვალიშვილი ფარს ამაგრებდა და საბოლოოდ 18 მოხსნაც დაუგროვდა, თვარაძე სამქულიანებიტ სეტყვავდა მეტოქეს, ხოლო ხმელიძე შორიდან ხომ წარმატებით ლაშქრავდა „მედიკოსების“ კალათს, სწრაფ და შედეგიან გარღვევებსაც ახორციელებდა.ბოლო მეოთხედში ხან ერთი გუნდი დაწინაურდებოდა მცირედით, ხან მეორე, თუმც ფავორიტად შერაცხულმა რუსთაველებმა გადამწყვეტი წუთები უკედ ჩაატარეს და საბოლოოდ მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მიითვალეს.მეორე მატჩი კი ფორმალობა გამოდგა. კახა შენგელიას „მართვემ“ შანსი არ დაუტოვა „ქუთაისს“ და საბოლოოდ 53 ქულით მოუგო.