ოლიმპი ისევ ლიდერია

ოლიმპი ისევ ლიდერია

საკალათბურთო
აკადემიის დარბაზში 20-წლამდელთა მორიგი დაპირისპირებები გაიმართა. პირველ თამაშში
დინამო სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფ ჰიუნდაის დაუპირისპირდა და ზედიზედ მესამე
გამარჯვება მოიპოვა.

პირველ მეოთხედში თანაბარი ბრძოლა გაიმართა და დინამომ მხოლოდ
4 ქულით იმარჯვა (19-15), მომდევნო პერიოდში  მისი უპირატესობა გაიზარდა და მეორე ტაიმის დასაწყისში
დინამო 11ქულით იგებდა.  ამბროსი ორმოცაძის
გაწვრთნილმა გუნდმა ყველაზე დიდი გაქცევა – 22:2 მოაწყო. მესამე მეოთხედის წაგების
შემდეგ ჰიუნდაის შანსები კიდევ უფრო შემცირდა. მართალია, უკანასკნელი ათწუთეული ჰიუნდაიმ
23:17 მოიგო, თუმცა თამაშის გადასარჩენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.დინამომ ლიდერობა
ბოლომდე შეინარჩუნა და საბოლოოდ 81:68 გაიმარჯვა.

დინამოს 29ქულით
ზეზვა ლილუაშვილმა ულიდერა. ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე ბექა ღუდუშაურს, რომელმაც
18ქულა და 9მოხსნა მიითვალა. შოთა გელაზონიას მონაგარმა კი 9ქულა და 10 მოხსნა შეადგინა.
დამარცხებულთა შორის  საუკეთესო სანდრო ბოლქვაძე
იყო, რომელმაც 22ქულას 7მოხსნა და  6 ჩაჭრა
მიამატა, გუგა ძიძიგურის ანგარიშზე 20 ქულა და 7მოხსნაა.
      დინამო – ჰიუნდაი 81:68

მეორე შეხვედრა
,,შსს აკადემიასა’’ და ,,რუსთავს’’ შორის გაიმართა. სტუმართა უპირატესობა თავიდანვე
გამოიკვეთა და პირველი მეოთხედი რუსთავმა 28:14 მოიგო.  მეორე ათწუთეულში შსს-ს კალათბურთელები გააქტიურდნენ
და დიდი შესვენების დაწყებამდე სხვაობა 10-ქულამდე დაიყვანეს. მეორე ტაიმში რუსთავმა
ლიდერობა გაიმყარა, შორეულ სროლებსა და სწრაფ შეტევებს კარგად იყენებდა.  საბოლოოდ  მასპინძლები 63:82 დამარცხდნენ.

რუსთაველთა შორის
საუკეთესო გიორგი დვალი იყო, რომელიც 25ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. თორნიკე ქიტოშვილმა
20 ქულას 8 შედეგიანი გადაცემა მიამატა, 19ქულა ჰქონდა ერეკლე ლორთქიფანიძეს, ხოლო
12ქულითა და 16მოხსნით გიორგი ოქროჭელიძემ ორმაგი დუბლი შეასრულა. შსს აკადემიაში
22ქულით და 7მოხსნით გამორჩეული რეზო როგავა იყო, ორმაგი დუბლი გაიფორმა ლერი კვანტალიანმა
– 13ქულა,10მოხსნა; არჩილ პულუზაშვილმა კი გუნდს 12ქულა შესძინა.
შსს აკადემია – რუსთავი  63:82

დღის უკანასკნელი
შეხვედრა ,,ოლიმპსა’’ და ,,სოხუმს’’ შორის ყველაზე საინტერესო და დაძაბული გამოდგა.
პირველ მეოთხედში ოლიმპი გამოკვეთილად ლიდერობდა, მეორე მეოთხედში კი სოხუმმა თამაშს
მოუმატა და პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით დათმო(40:39). დიდი შესვენების შემდეგ
ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილმა გუნდმა უპირატესობა მოიპოვა და სოხუმმა მესამე მეოთხედი
7ქულით მოიგო. ბოლო პერიოდში კი ოლიმპმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა და მატჩის ბედი
ბოლო წუთებზე გადაწყდა. თამაშის დასრულებამდე 2:07 ადრე,როცა სოხუმი 68:67 იგებდა ირაკლი
მიქელაძის 3-ქულიანმა ოლიმპი დააწინაურა. ამას კახა ჯინჭარაძემ ასევე ზუსტი შორეული
სროლით უპასუხა. თემურ ფხაკაძემ ანგარიში საჯარიმო სროლით გაათანაბრა. ბოლო წუთს ოლიმპი
უფრო ზუსტი იყო, ირაკლი მიქელაძის ზუსტი  2-ქულიანი და 2 გამოყენებული საჯარიმო გადამწყვეტი
აღმოჩნდა. ბოლო 25წამში სოხუმმა თამაშის შემობრუნება ვერ მოახერხა.  ოლიმპმა საბოლოოდ 76:73 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში
ლიდერობა გაიმყარა.

გამარჯვებულებს
22ქულითა და 7მოხსნით საბა ლობჟანიძემ ულიდერა, 17ქულა და 7მოხსნა გიორგი ცირეკიძემ
მიითვალა, ირაკლი მიქელაძის მონაგარმა კი 14ქულა,8მოხსნა და 5ჩაჭრა შეადგინა. სოხუმის
რიგებში ჯაბა არაბულმა ორმაგი დუბლი გაიფორმა –18ქულა და 15 მოხსნა, ხოლო კახა ჯინჭარაძემ 17 ქულა დააგროვა. ზაზა გაგნიძემაც (11ქულა,10მოხსნა) ორმაგი დუბლი მიითვალა, ოთო ბულიავას კი პირად ანგარიშზე 10 ქულა ჩაიწერა.
ოლიმპი – სოხუმი  76:73

20-წლამდელთა
მორიგი შეხვედრები ხვალ, 27თებერვალს გაიმართება საკალათბურთო აკადემიის დარბაზში.
12საათზე ერთმანეთს ,,ჰიუნდაი’’ და ,,შსს აკადემია’’ დაუპირისპირდებიან, მომდევნო მატჩი
კი ,,სოხუმსა’’ და ,,დინამოს’’ შორის შედგება.