პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. დიმიტრი ჟაკობოვის
გაწვრთნილმა „ოლიმპმა“ ნახევარფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა „რუსთავს“
71:55 მოუგო
და საჩემპიონო სერიაში თამაშის უფლება მოიპოვა.
ოლიმპელები ახლა მეორე
ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩს დაელოდებიან, სადაც მათი საფინალო მეტოქე „სოხუმისა“
და „შსს-აკადემიას“ დაპირისპირებაში გამოვლინდება.
„ოლიმპისა“ და „რუსთავის“ გადამწყვეტ დაპირისპირებას
თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. მატჩი ვერ გამოდგა ისეთი დაძაბული, როგორიც
სერიის წინა 2 შეხვედრა. ოლიმპელებმა მეტოქეს თამაშის ყველა კომპონენტში აჯობეს. თბილისელთა
სიმაღლეში უპირატესობა მესამე მეოთხედში უფრო საიმედო გახდა, როცა გიორგი ოქროჭელიძემ
ფეხის ტრავმა მიიღო. ამასთან ერთად, „ოლიმპი“ პერიმეტრიდანაც ეფექტური იყო, რაც ირაკლი
მიქელაძისა და საბა ლობჟანიძის ზუსტ სროლებში გამოიხატებოდა.
რუსთაველები შედარებით კომფორტულად პირველ მეოთხედში
გრძობდნენ თავს, როცა თორნიკე ქიტოშვილს და გიორგი დვალს შორი სროლები მისდიოდათ. პირველი
პერიოდი ქვემოქართლელებმა 20:24 დათმეს , დიდი შესვენებისთვის კი მასპინძელთა უპირატესობა
8 ქულამდე გაიზარდა – 39:31. მესამე პერიოდში ოლიმპელებმა ტემპს და სიზუსტეს უმატეს,
რუსთაველმა ოქროჭელიძემაც ტრავმა მიიღო და ანგარიშში სხვაობა სოლიდური გახდა –
57:41 მესამე მეოთხედის ბოლოს.
ბოლო ათწუთეულში რუსთაველებმა სცადეს საქმის გამოსწორება,
მაგრამ „ოლიმპმა“ სერიის პირველ მატჩში დაშვებული შეცდომა აღარ დაუშვა. მაშინ ჟაკობოვის
გუნდმა 26-ქულიანი უპირატესობა გაფლანგა და ბოლო წამებზე, 3 ქულით გაიმარჯვა. რუსთაველებმა
სამქულიანებით სცადეს თამაშის გადარჩენა, მაგრამ ჩამორჩენა ძალიან დიდი იყო და საბოლოოდ
არაფერი გამოუვიდათ. „ოლიმპმა“ საქმე იოლად მიიყვანა გამარჯვებამდე და ფინალში გავიდა.
„ოლიმპში“ 15 ქულით ბომბარდირი გახდა ირაკლი მიქელაძე,
14 ქულა დააგროვა საბა ლობჟანიძემ, ხოლო გიორგი ცირეკიძის ანგარიშზე ორმაგი დუბლი
– 12 ქულა და 17 მოხსნა დაგროვდა. თემურ ფხაკაძემ 20 მოხსნა მიითვალა, თუმცა ბევრი
ბურთი ააცილა და 2 ქულას დასჯერდა. რუსთაველთაგან 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ თორნიკე
ქიტოშვილმა დაძლია, რომელმაც 20 ქულა მიითვალა.
მეორე ნახევარფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტი მატჩი
„სოხუმსა“ და“შსს-აკადემიას“ შორის დღესვე,
სპორტის სასახლეში, 20 საათზე გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
დიმიტრი ჟაკობოვი(ოლიმპი): პირველ
რიგში, მადლობა მოწინააღმდეგეს კარგი თამაშისთვის. ამ გუნდს დიდ პატივს ვცემ და წარმატებას
ვუსურვებ მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში. მივულოცავ
ჩემს ბიჭებს ფინალში გასვლას და მადლობას ვეტყვი მონდომებისთვის და თავდადებისთვის.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ჩვენ გავარჩიეთ
წინა შეხვედრა და შეცდომები მაქსიმალურად გამოვასწორეთ. დღეს გაცილებით უკეთ ვითამაშეთ,
პირველ რიგში, პერიმეტრზე. რუსთავში სერიოზული
პრობლემა შეგვიქმნა ქიტოშვილმა,რომელსაც 16
პასი ჰქონდა და დღეს მოვახერხეთ მისი გაჩერება. ბიჭებმა მითითებები ზუსტად შეასრულეს. შეტევაში ბევრი შეცდომა
დავუშვით, თუმცა მაინც კმაყოფილი ვარ წინა შეხვედრასთან შედრებით. მოვახერხეთ და თამაშს
დასაწყისიდან ბოლო წუთებამდე ვაკონტროლებდით.
რამაზ გოგობერიშვილი(რუსთავი): ვულოცავ ,,ოლიმპს’’
გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებებს. ჩვენმა ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს. ისინი 2
ჩემპიონატში ერთდროულად ასპარეზობენ და ფსიქოლოგიურადაც
და ფიზიკურადაც გადაიღალნენ. ჩვენ ბოლო ადგილზე ვიყავით, როცა თამაშების მოგება დავიწყეთ
და 4 საუკეთესო გუნდში მოვხვდით. კარგი იქნებოდა ფინალი გვეთამაშა, თუმცა სამწუხაროდ,
ვერ მოვახერხეთ. მადლობა ჩემს მოთამაშეებს,
მედლების მოსაპოვებლად აუცილებლად ვიბრძოლებთ.
საბა ლობჯანიძე(ოლიმპი): თავიდანვე მოვახერხეთ უპირატესობის მოპოვება. რუსთავში
დაშვებული შეცდომები გამოვასწორეთ, მაქსიმალურად ყურადღებით ვთამაშობდით და მეტოქეს
მათი პლიუსების გამოყენების საშუალება არ მივეცით, ეს შედეგზეც აისახა. მიხარია, რომ
ფინალში ვართ.
თორნიკე ქიტოშვილი(რუსთავი) : მივულოცავ ,,ოლიმპს’’
ფინალში გასვლას და გამარვებას ვუსურვებ . მეტოქემ დღეს აშკარად დაგვჯაბნა. გადაღლილები
ვართ, თანაც ჩვენზე ასაკით დიდებში გვიწევდა ასპარეზობა. მოწინააღმდეგემ სიმაღლეშიც დაგვჩაგრა. შედეგზე ამ
ყველაფერმა ერთად იმოქმედა. თუმცა, ეს გამოსწორებადია და მომავალ წელს, უფრო მომზადებულები
და მობილიზებულები ვიქნებით.
ოლიმპი – რუსთავი 71:55