ოლიმპი რუსთავშიც დაუმარცხებელია

ოლიმპი რუსთავშიც დაუმარცხებელია

   დღეს, 16 ნოემბერს, რუსთავის „ქიმიკოსთა“ დარბაზში საინტერესო
მატჩი გაიმართა. „რუსთავმა“ 20-წლამდელთა ჩემპიონატის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდ
„ოლიმპს“ უმასპინძლა შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში – 66:73 დათმო.

მატჩი ძალიან სწრაფი გამოდგა. გუნდები უკანმოუხედავად
უტევდნენ. სწრაფ ტემპში შეცდომები კი იყო, მაგრამ სანახაობრივად მაინც ძალიან მიმზიდველი
მატჩი გამოვიდა. მაყურებელიც საკმარისად მოვიდა – რუსთაველებს მხარდაჭერა არ აკლდათ.

სწრაფ ტემპს ძირითადად ვერცხლისწყალივით უკანახაზელები
განსაზღვრავდნენ. განსაკუთრებით ეს რუსთაველ თორნიკე ქიტოშვილზე ითქმის, რომელიც ქვემოქართლელების
თითქმის ყველა შეტევის ორგანიზატორი და ხშირ შემთხვევაში, დამგვირგვინებელიც იყო.

„ოლიმპმა“ პირველი მეოთხედი 3 ქულით მოიგო, დიდი შესვენებისთვის
კი უპირატესობა ერთით გაზარდა. რუსთაველებმა მესამე მეოთხედში ლიდერობა მოიპოვეს, მაგრამ
მისი შენარჩუნება ვერ მოახერხეს და მესამე პერიოდის შემდეგ „ოლიმპი“ კვლავ 4 ქულით
იგებდა.

ყველაფერი მეოთხე ათწუთეულის შუაწელში გადაწყდა. რუსთაველებმა
ქიტოშვილისა და სათადარიგო გიორგი ოქროჭელიძის აქტიურობით 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს
-58:62, მაგრამ თბილისელებმა თამაში მალევე გამოასწორეს. დაცვაში კარგმა თამაშმა ოლიმპელებს
შეტევაში წაქმე გაუიოლა და მათ დროის 3-წუთიანი მონაკვეთი 13:0 მოიგეს, რის შემდეგაც
65:58 დაწინაურდნენ,.

„ოლიმპი“ გუნდურად თამაშობდა – ფარის მისადგომებთან
თემურ ფხაკაძე და გიორგი ცირეკიძე გამაგრდნენ, პერიმეტრიდან კი რუსთაველებს ნუგზარ
აბულაძე, საბა ლობჟანიძე და ნოდარ გოგოძე ავიწროებდნენ და მატჩისთვის განკუთვნილი დრო
ისე ამოიწურა, მასპინძლებს თამაშის გადარჩენის შანსი არც მისცემიათ.

 ,,ოლიმპი” ცხრილის სათავეში კიდევ უფრო გამაგრდა. დიმიტრი
ჟაკობოვის გაწვრთნილ გუნდს 5-დან 5 მოგება აქვს. მომდევნო მატჩები თბილისის საკალათბურთო
აკადემიაში მომავალ სამშაბათს გაიმართება.