ლევან ქარაბაკისა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა
„ოლიმპმა“ 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო. პირველ მატჩში
ოლიმპელებმა „სოხუმს“ 83:68 სძლიეს და ჩემპიონობას 1 მოგებით მიუახლოვდნენ.
ოლიმპი – სოხუმი 83:68
მატჩი ოლიმპელთა აქტიურობით დაიწყო და პირველი ტაიმის
შემდეგ მათი სოლიდური ლიდერობა დაფიქსირა – 47:34. თემურ კანკიას გაწვრთნილმა სოხუმელებმა
მძლავრი მესამე მეოთხედი ჩაატარეს და პერიოდის 21:13 მოგების შემდეგ ჩამორჩენა 5 ქულამდე
შეამცირეს, თუმცა ბოლო პერიოდში ნუგზარ აბულაძისა და კახა ტომარაძის აქტიურობით ოლიმპელებმა
უპირატესობა 20 ქულამდე გაზარდეს და გამარჯვებულის ვინაობაც გაარკვიეს.
„ოლიმპში“ 20-20 ქულით საუკეთესონი ტომარაძე და აბულაძე
გახლდნენ. 14 ქულა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა არჩილ პულუზაშვილმა, ხოლო უჩა
გამრეკლიძემ 9 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. „სოხუმში“ 19 ქულით საუკეთესო იყო კოტე
ბიწაძე.
ფინალური სერიის მეორე მატჩი 12 მაისს, 13:00 საათზე
საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში „ოლიმპი“ ჩემპიონობას
იზეიმებს არადა, მესამე, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნება.
ლევან ქარაბაკი, “ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი:
„მიუხედავად იმისა, რომ დიდი სხვაობა დაფიქსირდა, საკმაოდ
დაძაბული თამაში გამოვიდა. ჩვენმა გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა როგორც დაცვაში, ისე
შეტევაში და მეტოქესაც რომ იგივე არ გაეკეთებინა, დიდი შანსი იყო, წაგვეგო. ვეცდებით,
ხვალინდელ მატჩშიც გავიმარჯვოთ და ჩემპიონობა ვიზეიმოთ, რაც ალბათ გაგვიჭირდება, რადგან
მეტოქეს დასაკარგავი არაფერი აქვს“.
ნუგო აბულაძე, „ოლიმპის“ კაპიტანი:
„მატჩისთვის მზად ვიყავით როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად
და მოვახერხეთ კიდეც გამარჯვების მოპოვება. ხვალინდელი მატჩი უფრო რთული იქნება, რადგან
მეტოქე უფრო საბრძოლად იქნება განწყობილი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ გამარჯვების მოპოვებას
მოვახერხებთ“.
თემურ კანკია, „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი:
„ობიექტურობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მეტოქე გაცილებით
ძლიერი გუნდია. ამის გათვალისწინებით, ღირსეულად ვებრძოლეთ და ვეცდებით, ხვალინდელ
მატჩში არაფერი დავთმოთ. ვნახოთ, რა გამოგვივა, მჯერა, რომ სოხუმის გუნდის წევრები
მაქსიმუმს გაიღებენ“.კ