ოლიმპის და შსს-აკადემიას იოლი გამარჯვებები (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ოლიმპის და შსს-აკადემიას იოლი გამარჯვებები (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 შედეგები
 გალერეა

 მორიგი ტურის მატჩებს უმასპინძლა დღეს საკალათურთო აკადემიამ.
გამართული 2 შეხვედრიდან ვერც ერთი ვერ გამოდგა დაძაბული. “ოლიმპმა”
“ჰიუნდაი” 59:42 დაამარცხა, ხოლო “შსს-აკადემიამ” “რუსთავს”
74:47 მოუგო.

ოლიმპელებმა თავიდანვე მძლავრად დაიწყეს და პირველი
პერიოდი 59:42 მოიგეს. “ჰიუნდაიმ” მატჩში ყველაზე კარგი თამაში მეორე ათწუთეულში
აჩვენა, რომელიც 17:14 მოიგო. დიდი შესვენების შემდეგ “ოლიმპმა” ძალები მოიკრიბა,
დაცვაში თამაში გამოასწორა და შედეგიც მოიმკა. მე-3 პერიოდი ზაზა ცაგარეიშვილის გუნდმა
14:7 მოიგო და ბოლო მეოთხედის წინ 14 ქულით დაწინაურდა.

ჰიუნდაელებმა თამაშის ბოლომდე ვერ მოახერხეს “ოლიმპის”
დაცვითი ბარიერის გარღვევა და საბოლოოდ ისე დამარცხდნენ, მატჩის მსვლელობა არ დაძაბულა.
გამარჯვებულებს 16 ქულით და 10 მოხსნით ნოდარ გოგოძემ ულიდერა, ლაშა მირზაშვილმა კი
ოლიმპელებს 11 ქულა შესძინა. “ჰიუნდაიში” 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ გუგა ძიძიგური
გადაცდა, რომელმაც 12 ქულა დააგროვა.

მეორე შეხვედრაშიც ვერ ვიხილეთ ბრძოლა. შინაგან საქმეთა
სამინისტროს აკადემიის გუნდმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში დამარცხება არ აქვს, მე-5
მატჩი მოიგო. რუსთაველებმა აკადემიელებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. პირველივე მეოთხედში
შსს-ელებმა 17-ქულიანი ლიდერობა დაიბევეს.

შედარებით კარგად ქვემოქართლურმა გუნდმა მე-3 პერიოდში
ითამაშა, რომელიც 14:9 მოიგო, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ აკადემიელებმა თამაში გამოასწორეს
და საბოლოოდ დიდი სხვაობით – 74:47 იმარჯვეს. 15 ქულა-12 მოხსნით აკადემიელებს შოთა
გელაზონიამ ულიდერა, ლერი კვანტალიანმა 13 დააგროვა, ხოლო ლევამ გორდულაძემ თავი
11 ქულას მოუყარა. რუსთაველთაგან 12-12 ქულით ყველაზე შედეგიანები თორნიკე ხატიაშვილი
და გიორგი ტურძელაძე იყვნენ.

  მატჩისშემდგომი კომენტარები:

არჩილ ჟღენტი
(შსს-აკადემიას მთავარი მწვრთნელი): ჩვენი მიზანი
არ იყო გინდა თუ არა მოგება. გუნდს საკმაოდ კარგი შედეგები აქვს და ჩვენი საზრუნავი
თამაშის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, კალათურთელთა კლასის ამაღლებაა. ამ მხრივ
კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან ბევრი ხარვეზი გვქონდა, რომელთაგან ყველაზე ცუდი 20
დაკარგვა იყო. ჩვენმა კალათბურთელებმა ძალიან ბევრი ბურთი დაკარგეს და ამ მხრივ განსაკუთრებულად
გვაქვს სამუშაო.

 ირაკლი ჯაფარიძე
(რუსთავის მთავარი მწვრთნელი): ძალიან პასიურად ვითამაშეთ, ჩვენი
კალათბურთელები დაცვაში ძალიან სუსტად გამოიყურებოდნენ. მესამე მეოთხედში მხოლოდ 3
ჯარიმა გვქონდა მიღებული, რაც ჩვენი გუნდის წევრთა ნაკლებად აგრესიულ თამაშზე მიანიშნებს.
ჩვენი მიზანი ახალგაზრდების გაზრდაა და დღევანდელი მატჩი ამ მხრივ ვერ გამოვიყენეთ.
ძალიან სუსტად ითამაშა “რუსთავის” ყველა წევრმა.
ზაზა ცაგარეიშვილი
(“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): სასიხარულოა
რომ ჩვენი გუნდი დღითიდღე პროგრესირებს. დღევანდელ მატჩი ბიჭებმა ზუსტად შეასრულეს
ჩემს მიერ მიცემული დავალებები, კარგად გაისარჯნენ დაცვაში და ეს გამარჯვების საწინდარი
გახდა. ვფიქრობ ამ შეხვედრაში ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. წინ კიდევ ერთი მძიმე თამაში
გველის ,,ქუთაისთან”. ვეცდებით დაცვაზე კვლავაც მაქსიმალური ყურადღება გავამახვილოთ
და გამარჯვება მოვიპოვოთ.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
(“ჰიუნდაის” მთავარი მწვრთნელი): ძალიან ცუდი
თამაში  ვაჩვენეთ, ჩვენმა ბიჭებმა ფარქვეშიდანაც
ვერ ჩააგდეს ბურთი. როდესაც მეტოქე 60 ქულას ჩაგიგდებს, მინიმუმ 15 ქულით უნდა იგებდე,
ჩვენ კი აქეთ წავაგეთ თამაში.  ვიმედოვნებ ლუკა
ზაქრაძისა და კახა ტომარაძის დაბრუნების შემდეგ ჩვენი გუნდი ნებისმიერი მეტოქის დამარცხებას
შეძლებს. 
ოლიმპი – ჰიუნდაი   59:42 

შსს აკადემია – რუსთავი  74:47