სტატისტიკა
20-წლამდელთა ჩემპიონატში პრინციპულ მატჩს უმასპინძლა
ქუთაისმა, სადაც ერთმანეთს მასპინძელთა გუნდი და “ოლიმპი” შეხვდნენ. ეს გუნდები
პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვიან, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქუთაისელებმა დღევანდელი გამარჯვებით ნახევარფინალის საგზური გაინაღდეს.
“ოლიმპისთვის” გამარჯვებას დიდი ფასი ჰქონდა,
რადგან ზაზა ცაგარეიშვილის გუნდი საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად “რუსთავს”
ეცილება. ოლიმპელებმა წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ მასპინძლების
დამარცხება ვერ მოახერხეს.
პირველი პერიოდი ქუთაისელებმა 9:8 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის
კი უპირატესობა 3 ქულამდე გაზარდეს. მეორე ტაიმიც პირველის მსგავსი აღმოჩნდა – მასპინძლები
ლიდერობას არ თმობდნენ და თამაში ისე დასრულდა, ვითარება არ დაძაბულა.
საბოლოოდ “ქუთაისმა” 71:63 იმარჯვა და ცხრილში
მე-3 ადგილზე კიდევ უფრო გამაგრდა. მასპინძლებს 23 ქულით და 11 პასით ლევან გრძელიძემ
ულიდერა. 18 ქულა ჰქონდა გიორგი ცირეკიძეს, ხოლო უჩა გამრეკლიძემ ორმაგი დუბლი –
17 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. “ოლიმპში” ორმაგი დუბლი (17 ქულა, 11 მოხსნა)
ჰქონდა ბექა ნადირაძეს, თემურ ფხაკაძის ანგარიშზე კი 15 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
კობა კირთაძე
(“ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი): დაძაბული თამაში გამოვიდა, თუმცა
ჩვენი ბიჭების გამოცდილებამ თავისი გაიტანა და ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.
კარგად იასპარეზეს ლევან გრძელიძემ, გიორგი ცირეკიძემ, უჩა გამრეკლიძემ… თამაშში
კარგად ჩაერთო რატი ნუცუბიძეც. კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით.
ზაზა ცაგარეიშვილი (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი):
საინტერესო თამაში იყო. 1-ელი ნახევარი თანაბრად წარიმართა, თუმცა მეორე ტაიმში ბევრი
შეცდომა დავუშვით. 29 დაკარგვა გვქონდა, რამაც, რა თქმა უნდა, სხვაობის შემცირების
შესაძლებლობა არ მოგვცა. მივულოცავ „ქუთაისს“ გამარჯვებას, ნამდვილად ბრწყინვალე გუნდია.
ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ მალე დავიბრუნდებიან ტრავმირებული მოთამაშები და სრული შემადგენლობით
ვიასპარეზებთ.