ოლიმპმა და რუსთავმა დაძაბულ ბრძოლებში იმარჯვეს (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ოლიმპმა და რუსთავმა დაძაბულ ბრძოლებში იმარჯვეს (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 გალერეა

20-წლამდელთა ჩემპიონატის დღევანდელი ტურის მატჩები
დაძაბული გამოდგა. ორივე შეხვედრაში ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდა. მაყურებელმა საინტერესო
მატჩები იხილა.

პირველ მატჩში ერთმანეთის პირისპირ მიმდინარე ჩემპიონატში
1 წაგების მქონე „ოლიმპი“ და ცხრილის შუაწელში მყოფი „მგზავრები-არმია“ შეხვდნენ. მეორე
მეოთხედში, დიდ შესვენებამდე 2 წუთით ადრე „ოლიმპი“ 48:20 დაწინაურდა, რითაც გამარჯვებულის
ვინაობა თითქმის გაარკვია, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ „მგზავრები-არმია“ შედეგიანად
ათამაშდა და თითქმის უიმედო თამაში შემოატრიალა. მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე
დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილმა არმიელებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს და გამარჯვებამდეც
ბევრი არაფერი აკლდათ, თუმცა „ოლიმპი“ ნუგზარ აბულაძემ და არჩილ პულუზაშვილმა იხსნეს.
ამ უკანასკნელმა შეტევაში 2 აცილებული ბურთი მოხსნა და შედეგიანად დაამატა, აბულაძემ
კი უმნიშვნელოვანესი სამქულიანი და ორიანი მიითვალა.

გამარჯვებულებს სწორედ აბულაძემ ულიდერა, რომელმაც
25 ქულა მიითვალა. 15 ქულითა და 13 მოხსნით დაასრულა ასპარეზობა უჩა გამრეკლიძემ.
„მგზავრები-არმიაში“ 14 ქულა-10 მოხსნით საუკეთესო შედეგი მამუკა ბაზუაშვილმა დააფიქსირა,
სანდრო ბოლქვაძემ 11 ქულა მიითვალა, ხოლო ლუკა ზაქრაძემ – 9.

მეორე მატჩის ბოლო წუთებამდე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა.
„სოხუმი“ და „რუსთავი“ ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ. ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა
მცირედით, ხან – მეორე. რამდენიმე დღის წინ რუსთაველებმა „სოხუმს“ შინ დიდი სხვაობით
მოუგეს და დღევანდელ მატჩში თემურ კანკიას გუნდი რევანშის წყურვილით იყო განმსჭვალული.

სოხუმელები გამარჯვებასთან ახლოსაც იყვნენ, რაც მათ
რუსთაველებმა გუნდური თამაშის წყალობით არ დაანებეს. აღსანიშნავია  თორნიკე ქიტოშვილისა  და ერეკლე ლორთქიფანიძის კარგი თამაში, არომლებმაც
გადამწყვეტ წუთებში შედეგიანობა გამოავლინეს და ქვემოქართლელებს გამარჯვება გაუნაღდეს.

მოგებაში ლომის წილი დაიდო ასევე ლევან ურიდიამ, რომელმაც
17 მოხსნა მიითვალა, ხოლო სოსო რეხვიაშვილმა 10 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. რაც შეეხება
ლიდერებს – ქიტოშვილმა „რუსთავს“ 25 ქულა და 5 პასი მიაშველა, ლორთქიფანიძემ კი –
15 ქულა. დამარცხებულთაგან რუსთავული საკალათბურთო სკოლის აღზრდილი კოტე ბიწაძე გამორჩა
(20 ქულა, 12 მოხსნა), ხოლო დიმა ბობილევმა 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

სოხუმი – რუსთავი 67:74
თემურ კანკია (“სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): ძალიან თანაბარი თამაში იყო, რომელიც სამწუხაროდ მეტოქის სასარგებლოდ გადაწყდა. მივულოცავ “რუსთავს” გამარჯვებას, ვერ ვიტყვი, რომ რუსთაველებმა დაუმსახურებლად მოიგეს, მაგრამ დასანანია, რომ თამაშის ბედი მსაჯის ერთი სასტვენით წყდება. 
ოთარ ხმელიძე (“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი): დაძაბული თამაში იყო, მადლობა ღმერთს რომ მოვიგეთ. ჩვენს გუნდს მეტი შეუძლია და ვიმედოვნებ შემდეგში უკეთ ვიასპარეზებთ.

ოლიმპი – მგზავრები-არმია  76:71
დიმიტრი ჟაკობოვი (“მგზავრები-არმიას” მთავარი მწვრთნელი): ძალიან კარგი თამაში  შედგა და იმედია მაყურებელმა დიდი სიამოვნება მიიღო. მადლობა “ოლიმპს” ასეთი კარგი თამაშისთვის და მადლობა ჩემს ბიჭებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის და თითქმის უიმედო თამაში შემოაბრუნეს. 28-ქულიანი სხვაობით 2-ქულამდე დავიყვანეთ სხვაობა და წარმატებამდე სულ ცოტა დაგვაკლდა. ბიჭებს დააკლდათ რწმენა, რომ შეეძლოთ ამ თამასის მოგება.  ვეცდებით სწრაფად დავივიწყოთ ეს მატჩი და მოვემზადოთ შემდეგი შეხვედრებისთვის. 
ლევან ქარაბაქი (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდგომ ავირიეთ და მეტოქემ თავის სასარგებლოდ შემოატრიალა თამაში. ბევრი ბურთი ვერ ჩავაგდეთ ფარქვეშიდან და დაახლოებით 20 ქულა დავკარგეთ. საბედნიეროდ იღბალი იყო ჩვენს მხარეს, თორემ ვფიქრობ მეტოქე უფრო იმსახურებდა გამარჯვებას. მსურს აღვნიშნო ნუგზარ აბულაძის ბრწყინვალე თამაში, რომელმაც გადამწყვეტ  მომენტში თავის თავზე აიღო თამაში და მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ჩვენს  გამარჯვებაში.