რეგულარული ჩემპიონატის
გამარჯვებული დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში გამოვლინდა. „ოლიმპისა“ და „სოხუმის“ შეხვედრის
ძირითადი დრო 66:66 დასრულდა.
დამატებით ხუთწუთეულში კი გამარჯვების მოპოვება ოლიმპელებმა
შეძლეს და რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულეს.
დიმიტრი ჟაკობოვის
გაწვრთნილ ოლიმპელებს პირველი ადგილის დასაკავებლად 1-ქულიანი მარცხიც აძლევდათ ხელს,
თუმცა სპორტის სამინისტროს გუნდი მხოლოდ მოგებაზე თამაშობდა. თუ არ ჩავთვლით პირველ
მეოთხედს, მატჩი ძალიან დაძაბული და სანახაობრივიც გამოვიდა. „ოლიმპმა“ საწყისი ათწუთეული
25:16 მოიგო, თუმცა შემდეგ სოხუმელებმა გათანაბრება მოახერხეს და თამაში ბოლო წამებამდე
ასე გაგრძელდა. ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა
და ალბათ ლოგიკურიც იყო, რომ შეხვედრა ოვერტაიმში გადაიზარდა.
დამატებით დროში
ოლიმპმა 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რაც სოხუმელებმა 1 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ
მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს და საბოლოოდ 72:75 დამარცხდნენ. ოლიმპელთაგან 24 ქულითა
და 9 მოხსნით საბა ლობჟანიძე გამოირჩა, ხოლო ნოდარ გოგოძის ანგარიშზე 21 ქულა იყო.
„სოხუმში“ 30 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო ოთო ბულიავა იყო, 11 ქულითა და 12 მოხსნით
ორმაგი დუბლი კახა ჯინჭარაძემ შეასრულა.
სოხუმი – ოლიმპი 72:75
პლეი ოფის პირველი
წყვილი ცნობილია. ნახევარფინალურ სერიაში ერთმანეთს „სოხუმი“ და „შსს-აკადემია“ დაუპირისპირდებიან.
,,ოლიმპის” საპლეიოფო მეტოქე კი ზეგ, რუსთავში გამოვლინდება. რეგულარული ჩემპიონატის
ბოლო მატჩში ერთმანეთს „რუსთავი“ და „შსს-აკადემია“ დაუპირისპირდებიან. თუკი მასპინძლები
იმარჯვებენ, მეოთხე ადგილზე გავლენ და ნახევარფინალში პირველადგილოსან ,,ოლიმპს” შეხვდებიან. რუსთაველთა
დამარცხების შემთხვევაში პლეი ოფში „დინამო“ გავა, რომელმაც დღევანდელი მატჩი წარმატებით
დაასრულა. დინამოელები პლეი ოფს მიღმა დარჩენილ „ჰიუნდაის“ შეხვდნენ და 107:76 დაამარცხეს.
დინამოელთაგან
25 ქულით, 11 მოხსნითა და 6 პასით ზეზვა ლილუაშვილი გამოირჩა, 23 ქულა და 8 პასი ჰქონდა
ბექა ღუდუშაურს, ხოლო შოთა გელაზონიამ შეხვედრა 21 ქულითა და 19 მოხსნით დაასრულა.
დამარცხებულთაგან 16 ქულით ბომბარდირი ოთარ ბუთხუზი გახდა, ხოლო სამმა ჰიუნდაელმა
– გურამ ძიძიგურმა, კახა გიორგაძემ და კახა ტომარაძემ 14-14 ქულა მოაგროვეს.
ჰიუნდაი – დინამო 76:107