სტატისტიკა
გალერეა
20-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ზაზა ცაგარეიშვილის
გაწვრთნილმა “ოლიმპმა” “რუსთავს” 1 ქულით – 64:63 მოუგო, რითაც
ცხრილში მეორე ადგილზე “ჰიუნდაის” შეუერთდა. ორივე ამ გუნდს 6 მოგება და
4 მარცხი აქვს.
რუსთაველებმა,
რომლებსაც ჩემპიონატში ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს, სამაგალითოდ იბრძოლეს
და გამარჯვებასთანაც
ახლოს იყვნენ, თუმცა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში ვერ იმარჯვეს. პირველი მეოთხედი
ქვემოქართლელებმა 19:10 მოიგეს, მეორე პერიოდი კი 13:22 დათმეს და დიდი შესვენებისთვის
ანგარიში თანაბარი იყო – 32:32.
თითქმის მთელი
დარჩენილი დრო თანაბარ ბრძოლაში გაილია. ქულა-ქულაში მიმდინარე თამაშში ხან ერთი გუნდი
გალიდერდებოდა, ხან – მეორე. ყველაფერს პასუხი ბოლო წუთებმა გასცა. მიუხედავად იმისა,
რომ რუსთაველებმა საფინალო სირენამდე 4:30 წუთით ადრე 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს,
ლიდერობის შენარჩუნება ვერ შეინარჩუნეს.
მომდევნო 3-წუთიანი
მონაკვეთი ოლიმპელებმა შეუდარებლად ჩაატარეს და 10:0 გაქცევით 64:59 გალიდერდნენ. აღნიშნულ სპურტში ქულები თემურ ფხაკაძემ, თენგო ხუციშვილმა,
ბექა ნადირაძემ და ლაშა ოსკოპელმა მიითვალეს. რუსთაველები არ გატყდნენ და შოთა ნარჩომაშვილისა
და გიორგი ტურძელაძის ორქულიანებით შეხვედრის დასრულებამდე 40 წამით ადრე ჩამორჩენა
მინიმუმამდე შეამცირეს – 63:64.
დარჩენილ დროში
რუსთაველებს გამარჯვების ბურთის ჩაგდებაც შეეძლოთ, თუმცა ნარჩომაშვილმა საფინალო სირენამდე
3 წამით ადრე ორქულიანი ააცილა. ოლიმპელებს 14 ქულით ბექა ნადირაძემ ულიდერა, თემურ
ფხაკაძემ კი პირად ანგარიშზე 13 ქულა ჩაიწერა. ქვემოქართლელთა შორის 20 ქულით ნარჩომაშვილი
გამოირჩა, გიგი გოგობერიშვილმა კი თავი 16 ქულას მოუყარა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ზაზა ცაგარეიშვილი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):
ძალიან რთული და მძიმე თამაში იყო. რუსთავის გუნდმა არაჩვეულბრივად ითამაშა და გამარჯვებასაც
იმსახურებდნენ, თუმცა დღეს იღბალი ჩვენს მხარეს იყო. ფაქტობრივად, წაგებული თამაში
შემოვაბრუნეთ. ბევრი გვაქვს სამუშაო, რათა ასეთი ჩავარდნები აღარ გვქონდეს. მობილიზაცია
არ გვქონდა ისეთი, როგორიც საჭირო იყო და კინაღამ
წავაგეთ. თუმცა, ბოლოს კონცენტრაცია მოვახდინეთ და ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ.
მიხეილ ბერუაშვილი(,,რუსთავის” მწვრთნელი):
მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. კარგი თამაში იყო, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და გვქონდა
მოგების შანსი, თუმცა ბოლოს ბურთი არ ჩავარდა. დავმარცხდით, თუმცა ეს არ არის მთავარი.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ნელ-ნელა ბიჭები ასრულებენ მწვრთნელების დავალებებს. ახალგაზრდები
არიან და დიდ გამოცდილებას იღებენ.