სტატისტიკა
გალერეა
„შსს აკადემიასა“
და „ოლიმპს“ შორის მიმდინარე ნახევარფინალურ სერიაში მე-3, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა. ზაზა ცაგარეიშვილის
გაწვრთნილმა ოლიმპელებმა სერიის მეორე მატჩი დღეს აკადემიელებს მოუგეს და სერიაში ანგარიში
გაათანაბრეს – 1:1.
წინა მატჩის მსგავსად,
ეს შეხვედრაც დაცვითი ტაქტიკით გამოირჩა. ორივე გუნდი ფრთხილობდა და უფრო მეტ ყურადღებას
საკუთარი ფარის დაცვას უთმობდა, რაც ანგარიშზეც აისახა. „ოლიმპმა“ 58:50 გაიმარჯვა.
ცაგარეიშვილის
გუნდმა პირველ მეოთხედში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. დაცვაში საიმედოდ მოთამაშე
ოლიმპელები სწრაფ კონტრშეტევებს ახორციელებდნენ – ირაკლი მიქელაძის და ნოდარ გოგოძის
შედეგიანობით პირველი მეოთხედი 22:12 მოიგეს და დამაჯერებელი თამაში მეორე პერიოდშიც
განაგრძეს.
„შსს აკადემიის“
წევრები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ოლიმპელთა საიმედო ზონური დაცვა ვერ დაშალეს და ესე
გაგრძელდა ბოლო წუთებამდე. „ოლიმპმა“ უშეცდომოდ ჩაამთავრა თამაში და ისე მივიდა გამარჯვებამდე,
ვითარება არ დაძაბულა.
„ოლიმპში“ 15
ქულით ბომბარდირი ნოდარ გოგოძე გახდა, ირაკლი მიქელაძის ანგარიშზე კი 13 ქულა და 7
მოხსნა დაგროვდა. აკადემიელებში 10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ შოთა გელაზონიამ დაძლია,
რომელმაც ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
„შსს აკადემიასა“
და“ოლიმპს“ შორის სერიის მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა 8 აპრილს, საკალათბურთო აკადემიის
დარბაზში, 12:00 საათზე გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ზაზა ცაგარეიშვილი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):
გუშინდელი დასანანი მარცხის შემდეგ ბიჭებმა სწორი დასკვნები გამოიტანეს. დღესაც მაქსიმალური
კონცენტრაცია დაცვაზე გავაკეთეთ, ძალიან ცოტა ბურთი გავუშვით და ამის შედეგად გამოიკვეთა
ჩვენი უპირატესობა. მთელი სეზონიდან გამომდინარე, ,,შსს აკადემია’’, რა თქმა უნდა, ფავორიტად ითვლება, თუმცა პლეი ოფებში სხვანაირი
სიტუაციაა და მესამე თამაშში შანსებს 50-50-ზე
შევაფასებდი.
გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
ვერ ვითამაშეთ და წაგებას მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ. მესამე შეხვედრა ყველაფერს გადაწყვეტს.
რა თქმა უნდა, ასე იოლად არაფერს დავთმობთ, საბრძოლო განწყობა გვაქვს და ყველაფერი
ბოლო მატჩში გამოჩნდება.
ირაკლი მიქელაძე(,,ოლიმპი’’): პირველი წაგებული
თამაშის შემდეგ კონცენტრაცია მოვახდინეთ, შეცდომები გამოვასწორეთ და გავიმარჯვეთ. ვფიქრობ,
თანაბარი შანსები გვაქვს. რომელი გუნდიც უკეთ იქნება ფსიქოლოგიურად მზად, ფინალშიც
ის გავა.
ლერი კვანტალიანი(,,შსს აკადემია’’): მივულოცავ
,,ოლიმპს’’ გამარჯვებას. მობილიზება გვაკლდა, მოშვებულები გამოვედით თამაშზე და ბევრი
შეცდომა დავუშვით. მაქსიმალურად შევეცდებით, დღევანდელი ხარვეზები მომდევნო შეხვედრისთვის
გამოვასწოროთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.