პირველი ნახევარფინალური სერია

პირველი ნახევარფინალური სერია

20-წლამდელთა
ჩემპიონატის პლეი ოფი საინტერესოდ დაიწყო. საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა 2 ნახევარფინალს
უმასპინძლა, რომელთაგან ერთი განსაკუთრებულად საინტერესო და დაძაბული იყო.

უფრო ზუსტად,
„ოლიმპისა“ და „რუსთავის“ ბოლო მეოთხედი იყო დაძაბული, თორემ მანამდე შეხვედრა თბილისელთა
დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა და ერთი შეხედვით, გამარჯვებულის ვინაობაც გარკვეული
იყო. დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა პირველი მეოთხედი 18:10 მოიგეს, ხოლო
დიდი შესვენებისთვის 24 ქულით – 43:19 იგებდნენ.

მესამე მეოთხედი
ახალი დაწყებული იყო, როცა „ოლიმპის“ ლიდერობამ 26 ქულას მიაღწია და ასეთ სიტუაციაში
ალბათ ცოტა თუ იფიქრებდა, რომ რუსთაველებს მოგების შანსი გაუჩნდებოდათ, მაგრამ სწორედ
ასე მოხდა. ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, ქვემოქართლელები ამ მატჩს მოიგებდნენ.
გიორგი დვალისა და ერეკლე ლორთქიფანიძის სამქულიანებით, რომლებსაც პასებით  ამარაგებდა თორნიკე ქიტოშვილი, რუსთაველებმა ბოლო
წუთზე ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 68:67. დაცვაში კარგი თამაშის წყალობით სტუმრებმა
შეტევის უფლება მოიპოვეს. საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე ქიტოშვილისგან ლევან ურიდიამ
პასი მიიღო, თუმცა გამარჯვების ბურთი ააცილა. დარჩენილ დროში ოლიმპელებმა 2 საჯარიმო
ჩააგდეს და ნახევარფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

გამარჯვებულებს
17-17 ქულით ნოდარ გოგოძემ და გიორგი ცირეკიძემ ულიდერეს. ამ უკანასკნელმა 17 მოხსნაც
მიითვალა. ორმაგი დუბლი შეასრულა თემურ ფხაკაძემაც – 16 ქულა, 10 მოხსნა. დამარცხებულთაგან
22 ქულა ჰქონდა დვალს, 16 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გიორგი ოქროჭელიძემ გაიფორმა.

მატჩისშემდგომი
კომენტარები

დიმიტრი ჟაკობოვი(ოლიმპი): ველოდით, რომ
ასეთი დაძაბული შეხვედრა იქნებოდა. თავიდან 
აგრესიულად და სწრაფად დავიწყეთ თამაში, თუმცა მეორე ტაიმში დავკარგეთ კონცენტრაცია,
რაც დღეს ჩვენი უდიდესი შეცდომა იყო. განვიხილავთ შეხვედრას და  ანალიზს 
გავაკეთებთ. შესაბამისად, რუსთავში თამაშისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით.

რამაზ გოგობერიშვილი(რუსთავი): ძალიან ცუდად
დავიწყეთ, თუმცა მეორე ტაიმიდან გამოვასწორეთ 
და აგრესიულ თამაშზე გადავედით, რის შედეგადაც მეტოქეს დავეწიეთ და გამარჯვებასთანაც
ძალიან ახლოს მივედით. დასანანაია ასეთი მარცხი. განმეორებითი შეხვედრისთვის აუცილებლად
უნდა გამოვასწოროთ დაცვაში თამაში, რომელიც ჩვენი ძირითადი ხარვეზია დღევანდელი მატჩიდან
გამომდინარე.

გიორგი დვალი(რუსთავი):  ,,ოლიმპმა” თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვა,
თუმცა შემდეგ მობილიზება  მოვახდინეთ და სხვაობა
მინუმუმადე დავიყვანეთ. სამწუხაროდ ბოლოს არ გაგვიმართლა და დავმარცხდით. შემდეგი თამაში
რუსთავშია, სახლში აუცილებლად უნდა მოვიგოთ და გადამწყვეტი თამაში უკვე თბილისში იქნება.

თემურ ფხაკაძე(ოლიმპი): მადლობა მოწინააღმდეგეს
ასეთი კარგი თამაშისთვის, დაძაბული და საინტერესო მატჩი გამოდგა. ძალიან კარგად დავიწყეთ
და პირველი ტაიმი 24 ქულის სხვაობით მოვიგეთ, ალბათ ამიტომ მოვდუნდით, ბევრი შეცდომა
დავუშვით როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. თუმცა ამ ხარვეზების გამოსწორება მოვახერხეთ
და გავიმარჯვეთ. წინ საკმაოდ მძიმე შეხვედრა გველის,  რუსთავში თამაში ყოველთვის რთულია და დღევანდელი
შეცდომები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

 ოლიმპი – რუსთავი  70:67

 

მეორე ნახევარფინალურ
მატჩში „სოხუმმა“ „შსს-აკადემია“ დაამარცხა – 77:67. თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ
სოხუმელებმა თამაშზე კონტროლი დააწესეს და უპირატესობა მოიპოვეს. დიდი შესვენებისთვის
თემურ კანკიასა და ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილი გუნდი 9 ქულით იგებდა, თუმცა მატჩის მეორე
ნახევარში შსს-ელებმა მოსაგებად გაიწიეს. რევაზ როგავასა და ლევან ლოლიშვილის შედეგიანობის
წყალობით ბოლო პერიოდში აკადემიელებმა ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ეს მათი
მაქსიმუმი აღმოჩნდა. კარლის მუიჟნიექსმა 2 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ზაზა გაგნიძემ შეტევაში
ზედიზედ 4 აცილებული მოხსნა მიითვალა, რაც სოხუმელთათვის 4 განმეორებით შეტევას ნიშნავდა.
გადამწყვეტ მომენტში სოხუმელთა ლიდერმა კახა ჯინჭარაძემაც ჩააგდო და მატჩის ბედიც გაირკვა.
„სოხუმმა“ 10-ქულიანი გამარჯვება გაიფორმა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

სოხუმელებში შთამბეჭდავი
ორმაგი დუბლი გაიფორმა ჯინჭარაძემ – 29 ქულა, 12 მოხსნა. 16 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა
ოთო ბულიავას, ხოლო სანდრო მეგენეიშვილმა შეხვედრა 10 ქულით დაასრულა. დამარცხებულებს
21 ქულით რევაზ როგავამ ულიდერა, 12 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა ლერი კვანტალიანმა.

მატჩისშემდგომი
კომენტარები

ლიკა ქაჯაია(სოხუმი): ველოდით, რომ
მატჩი უაღრესად დაძაბული იქნებოდა  და ეს თამაშმაც
დაამატკიცა. თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ როგორც ქართველებს გვჩვევია, მოვეშვით,
რის შედეგადაც მეტოქემ თითქმის გაგვითანაბრდა. ბიჭებმა ისეთი მონდომებით და განწყობით  დაიწყეს თამაში, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო. პირველი
ტაიმში შსს აკადემიას 9 დაკარგვა ჰქონდა, ჩვენ კი მხოლოდ 2. ვფიქრობ, ამის ხარჯზე გავედით
წინ.  განმეორებითი შეხვედრა ურთულესი იქნება.
მეტოქეს დასაკარგი არაფერი აქვს და  ვა-ბანკზე
წავა.  მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ მატჩში თამაშის  პირველიდან ბოლო წუთამდე მაქსიმალური მობილიზება
მოვახდინოთ. 

არჩილ  ჟღენტი (შსს აკადემია):
დაცვაში ძალიან ცუდად ვიასპარეზეთ. წავაგეთ ფარიც, რამაც ჩვენი მარცხი განაპირობა.
განმეორებით მატჩში სწორედ აღნიშნული შეცდომების გამოსწორებას ვეცდებით.

კახა ჯინჭარაძე(სოხუმი): ძალიან გახარებულები
ვართ. დაცვაში კარგი თამაშის ხარჯზე მოვიგეთ. შეტევაშიც გამოგვივიდა, რაც გვინდოდა.
ბოლოს მეტოქეს ბევრი ჯარიმა მივაღებინეთ და დროც ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენეთ.

ლერი კვანტალიანი(შსს აკადემია): დაცვაში გვქონდა
ბევრი ხარვეზი, საჯარიმოებიც ვერ გამოვიყენეთ და არც შორი სროლები წაგვივიდა. სამწუხაროა,
რომ დავმარცხდით.
სოხუმი – შსს აკადემია 77:67

საპასუხო მატჩები 4 აპრილს ჩატარდება.
რუსთავი „ოლიმპს“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს, ხოლო „შსს-აკადემიისა“ და“ოლიმპის“
მატჩი კვლავ საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება 20:00 გაიმართება.