საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველმა 20-წლამდელებმა ევროპის ლიგის მეორე წრე 5-დან 5 მოგებით დაასრულეს

ქართველმა 20-წლამდელებმა ევროპის ლიგის მეორე წრე 5-დან 5 მოგებით დაასრულეს

ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე წრე ქართველების ტრიუმფით დასრულდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა 5-დან 5 მატჩი მოიგო და მეორე წრის გამარჯვებული გახდა – მთლიან ჩათვლაში კი, 2 წრის ჯამში, გვარიანად დაწინაურდა.

ევროპის 20-წლამდელთა ლიგის მეორე წრეს ლატვიის ქალაქმა ვენტსპილსმა უმასპინძლა, სადაც საქართელოს ნაკრებმა ყველა ოპონენტი საკმაოდ იოლად დაამარცხა. ჩერქეზიშვილის გუნდმა ერთმანეთის მიყოლებით სძლია “კალევს” (82:47), “ალვიკს” (84:52), “ოლიმპ 97”-ს (80:52), “ლულეას” (66:54)… დღეს კი მეორე წრის ბოლო შეხვედრაში პოლონურ “ლიუბლინს” 79:46 მოუგო და ტურის გამარჯვებული გახდა.

პოლონელებთან მატჩში ქართველებს დავით აფხაზავამ ულიდერა, რომელმაც 22 ქულა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. 18 ქულა, 12 მოხსნა და 4 ჩჭრა ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზეა. გიორგი კორსანტიამ შეხვედრა 11 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა. 

ლიუბინი (პოლონეთი) – საქართველო 46:70

საქართველოს ნაკრებს 2 წრის შედეგებით 9 მოგება და 1 მარცხი აქვს. ევროპის ლიგის ბოლო – მესამე წრეს ქართველები ლატვიის დედაქალაქ რიგაში 23-25 თებერვალს ითამაშებენ და თუკი 4 საუკეთესო გუნდში მოხვდებიან და ალბათ, ასეც იქნება, ოთხთა ფინალში ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა გასულ წელს ითამაშა ამ ტურნირის ოთხთა ფინალი და მესამე ადგილი დაიკავა.

ტურნირის ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. ჩვენი ნაკრების 3 წევრი – დავით აფხაზავა, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია მეორე წრის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. გუნდის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ნიკა ჩეჩელაშვილს გადაეცა.