ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა

ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა

20-წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე
1 ტურია დარჩენილი. ბოლო ტურში პირველი ადგილის მფლობელი და პლეი ოფში გამსვლელი მე-4
გუნდის ვინაობა უნდა გაირკვეს.

დღეს თბილისის „დინამომ“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება
მოიპოვა და პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა. დინამოელებს გათამაშების ლიდერ „ოლიმპთან“
რომ წაეგოთ, საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსს კარგავდნენ, თუმცა ამროსი ორმოცაძისა
და მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და 73:70 გაიმარჯვა.

დინამოელებს ბექა ღუდუშაურმა ულიდერა, რომელმაც გადამწყვეტ
მომენტში მნიშვნელოვანი ქულები მოუპოვა გუნდს და მეტოქესაც ჩაუჭრა. საბოლოოდ ღუდუშაურმა
28 ქულა, 7 პასი, 6 ჩაჭრა და 5 მოხსნა მიითვალა, მისმა თანაგუნდელმა შოთა გელაზონიამ
კი პირად ანგარიშზე 18 ქულა და 15 მოხსნა ჩაიწერა. ოლიმპელთაგან 18 ქულა ჰქონდა ირაკლი
მიქელაძეს, ხოლო 17 – საბა ლობჟანიძეს.
დინამო – ოლიმპი  73:70

საჭირო გამარჯვება მოიპოვეს დღეს რუსთაველებმაც. ქვემოქართლელებმა
„ჰიუნდაის“ 89:75 მოუგეს, რაშიც განსაკუთრებული როლი თორნიკე ქიტოშვილმა ითამაშა. რუსთაველთა
უკანახაზელმა 15 ქულა, 15 პასი და 8 მოხსნა მოაგროვა. 14 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა
შეხვედრა ლევან ურიდიამ. ბომბარდირი  19 ქულით
ერეკლე ლორთქიფანიძე გახდა, ხოლო გიორგი დვალმა პირად ანგარიშზე 28 ქულა ჩაიწერა. დამარცხებულთაგან
19 ქულით სანდრო ბოლქვაძე გამოირჩა.
ჰიუნდაი – რუსთავი  75:89

რუსთაველები ბოლო ტურში, მომავალ პარასკევს „შსს-აკადემიას“
მასპინძლობენ და გამარჯვების შემთხვევაში, პლეი ოფში გავლენ. რაც შეეხება პირველი ადგილის
მფლობელს, იგი „სოხუმისა“ და „ოლიმპის“ დაპირისპირებაში გადაწყდება. ოლიმპელებს პირველი
ადგილის დასაკავებლად 1-ქულიანი მარცხიც აძლევთ ხელს, ხოლო 2 და მეტი ქულით გამარჯვების
შემთხვევაში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული „სოხუმი“ გახდება.

დღევანდელ მატჩში „სოხუმმა“ „შსს-აკადემიას“ იოლად მოუგო.
თემურ კანკიასა და ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებლად ითამაშა როგორც დაცვაში,
ისე შეტევაში. სოხუმელებმა საბოლოოდ 83:66 იმარჯვეს. გამარჯვებულებს 19 ქულით კახა
ჯინჭარაძემ ულიდერა. 17 ქულა მოაგროვა ზაზა გაგნიძემ, ხოლო დავით გაფრინდაშვილმა
16 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. დამარცხებულთა შორის საუკეთესო რეზო როგავა იყო, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა – 22 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი.
ორმაგი დუბლით – 21 ქულა და 11 მოხსნა –  დაასრულა
შეხვედრა ლერი კვანტალიანმა.
შსს აკადემია – სოხუმი  66:83

ხვალ საკალათბურთო აკადემიაში „სოხუმი“ ოლიმპს“ შეხვდება,
ხოლო „ჰიუნდაი“ „დინამოს“ დაუპირისპირდება. რეგულარული ჩმპიონატის ბოლო შეხვედრას კი
პარასკევს რუსთავი უმასპინძლებს, სადაც სათამაშოდ „შსს-აკადემია“ ჩავა და პლეი ოფში
გამსვლელი მეოთხე გუნდის ვინაობაც იქ გაირკვევა.