ქუთაისმა რუსთავი მეორე შეხვედრაში დაამარცხა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ქუთაისმა რუსთავი მეორე შეხვედრაში დაამარცხა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სტატისტიკა

ქუთაისში 2 მატჩის ჩასატარებლად ჩასულმა ქუთაისელებმა
პირველ შეხვედრაში დამარცხებისთვის რევანში აიღეს. კობა კირთაძის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა
დღეს, რუსთავში მასპინძლები 77:69 დაამარცხეს.

გუშინ გამართული შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად
მდევრის როლში მასპინძლები იყვნენ. პირველი ტაიმი მთლიანობაში თანაბარი გამოდგა, თუმცა
ქუთაისელები მეტოქეს მცირედით  ჯობდნენ.  პირველი მეოთხედი სტუმრებმა 18:16 მოიგეს, ხოლო მეორე
ათწუთეულში 1 ქულით – 22:21 იძალეს და დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.

მესამე მეოთხედი გარდამტეხი გამოდგა. ქუთაისელებმა უჩა
გამრეკლიძის, ლევან გრძელიძის და დავით მაჭარაძის შედეგიანობით ათწუთეული 25:12 მოიგეს
და გადამწყვეტი პერიოდის წინ 65:49 დაწინაურდნენ. მიუხედავად დიდი ანგარიშით ჩამორჩენისა,
მასპინძლებმა მოსაგებად გაიწიეს და ცოტაც რომ გამართლებოდათ, თითქმის უიმედო მატჩს
მოიგებდნენ.

გიგი გოგობერიშვილის, გიორგი ტურძელაძის და გიორგი დვალის
შედეგიანობით რუსთაველები ქუთაისელებს თამაშის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე 2 ქულით
(69:71) მიუახლოვდნენ, თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოახერხეს და დამარცხდნენ.
გუშინ და დღეს “რუსთავმა” და “ქუთაისმა” მოგებ-წაგება გაცვალეს.

ქუთაისელებს გამრეკლიძემ ულიდერა 31 ქულითა და 17 მოხსნით.
გრძელიძემ 17 ქულა და 6 პასი მიითვალა, ხოლო დავით მაჭარაძემ თავი 14-14 ქულა-მოხსნას
მოუყარა. მასპინძელთაგან 16 ქულით დვალი გამოირჩა, გოგობერიშვილს 13 ქულა ჰქონდა, ტურძელაძეს
– 12.

 მატჩისშემდგომი კომენტარები:

კობა კირთაძე
(”ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი): გუშინდელი მატჩისგან განსხვავებით
დღეს ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს მობილიზება და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს. მიუხედავად
იმისა, რომ გუნდში ლიდერი მოთამაშეები უჩა გამრეკლიძე, გიორგი ცირეკიძე და ლევან გრძელიძე
ტრავმირებულნი გვყავს, მათ  შეძლეს კონცენტრაცია
და რუსთაველები შეაჩერეს,  რომლებმაც გუშინ
მოგვიგეს, ხოლო დღეს დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს.  მადლობა მეტოქეს ასეთი კარგი თამაშისთვის, სასიხარულოა
რომ საქართველოს ასეთი კარგი მომავალი თაობა ეზრდება.

მიხეილ ბერუაშვილი (”რუსთავის” მწვრთნელი): ბიჭებმა ბოლომდე
იბრძოლეს, მაგრამ დაღლილობამ და გამოუცდელობამ თავი იჩინა. 16 ქულას ვაგებდით და შანსი
გვქონდა შემოგვეტრიალებინა ეს თამაში, თუმცა ბიჭებს საამისოდ  ძალა  აღარ
ეყოთ.  მიუხედავად წაგებისა, ბიჭების თამაშით
და თავდადებით კმაყოფილი ვარ, ისინი ჯერ ახალგაზრდები არიან და ასეთი მატჩებით ბევრს
ისწავლიან და მომავალში მსგავს შეცდომებს აღარ გაიმეორებენ.