რუსთაველებმა “დინამოს” რევანში თბილისში აუღეს

რუსთაველებმა “დინამოს” რევანში თბილისში აუღეს

მოქმედ ჩემპიონ „ენერჯი–ინვესტს“ მიმდინარე სეზონში
ერთადერთი დამარცხება შინ „დინამოსთან“ განუცდია. დღეს ეს გუნდები მეორეჯერ,
აგრარულ უნივერსიტეტში შეხვდნენ ერთმანეთს და დაძაბულ ბრძოლაში რუსთაველებმა
რევანში აიღეს.

შეხვედრაში საკმაოდ ბევრი ტექნიკური წუნი იყო,
ორივე გუნდის მოთამაშეები გამუდმებით კარგავდნენ ბურთებს, რაც დაძაბულობის გამო
ხდებოდა. რუსთაველებმა მძლავრად დაიწყეს თამაში და დებიუტში 10:1 დაწინაურდნენ.
მეოთხედის ბოლოს „ენერჯი“ ინვესტმა უკვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა –30:15.

დინამოელებმა მობილიზება მოახერხეს და ჩამორჩენის
გაბათილებას მიჰყვეს ხელი. აკაკი დვალიშვილი, რომელიც თავიდან თითქმის შეუჩერებელი
იყო, დინამოელებმა გაანეიტრალეს და ეს ანგარიშსაც შეეტყო. ტაიმის ბოლოს
„ენერჯი–ინვესტი“ 7 ქულასღა იგებდა – 41:34.

დიდი შესვენების შემდეგ ყველაფერი თბილისელთა
სასარგებლოდ შეიცვალა. რუსთაველებმა 6 წუთის განმავლობაში ბურთი ვერ ჩააგდეს,
„დინამომ“ კი ლიდერობა მოიპოვა – 42:41. ამ ეპიზოდში თავი ირაკლი ალხანაიძემ,
გიორგი გლოველმა და გიორგი ნანიტაშვილმა გამოიჩინეს.

რუსთაველებისთვის ეს განგაის ზარივით იყო და რამაზ
გოგობერიშვილმა წუთშესვენება აიღო. აკაკი დვალიშვილმა  საკუთარ თავზე აიღო თამაში და ფარქვეშიდან
რამდენჯერმე იხეირა, ლევან ხმელიძემ და რევაზ ჩაჩანიძემ შორიდან იჩუბინეს და
გადამწყვეტი მეოთხედის წინ „ენერჯი–ინვესტი“ 55:48 გალიდერდა.

ბოლო პერიოდი რუსთაველებმა უკეთ დაიწყეს და
ჩაჩანიძის სამქულიანების შემდეგ 70:59 დაწინაურდნენ, საფინალო სირენამდე კი
ორნახევარი წუთი რჩებოდა.

„დინამო“ თითქოს განწირული ჩანდა, მაგრამ დავით
თორთლაძის გუნდმა შეუპოვრობის ხარჯზე გამარჯვების შანსი გაიჩინა. თბილისელები
პრესინგზე გადავიდნენ და რუსთაველებს რამდენჯერმე ბურთი აართვეს, შეტევაში კი
ალეკო ოკრიბელაშვილმა იყოჩაღა და „დინამო“ 65:70 მიუახლოვდა მეტოქეს.

დინამოელებს ანგარიშის კიდევ უფრო გაქვითვის შანსიც
მიეცათ, მაგრამ დინამოელთა ცენტრმა ირაკლი ალხანაიძემ არასწორი გადაწყვეტილება
მიიღო – სამქულიანი სტყორცნა და ააცილა, „ენერჯი–ინვესტმის“ უკანახაზელმა ლევან
ხმელიძემ კი სწრაფი გარღვევით სირენამდე 1 წუთით ადრე 72:65 დააწინაურა
რუსთაველები.

თუმცა არც აქ გატყდნენ დინამოელები და ნანიტაშვილის
საჯარიმოებისა და ოკრიბელაშვილის გარღვევით ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს.
დაბნეულმა რუსთაველებმა შეტევაში ბურთი დაკარგეს და „დინამოს“ 16 წამი დარჩათ
3–ქულიანი დეფიციტის აღმოსაფხვრელად. თბილისელებმა ბურთი გაათამაშეს, ნანიტაშვილი
ფარქვეშ შეიჭრა და პერიმეტრზე პასის მიცემას აპირებდა, მაგრამ მასზე დაჯარიმდნენ
და დამთავრებამდე 8 წამით ადრე იგი საჯარიმოს ხაზზე აღმოჩნდა. ნანიტაშვილმა ორივე
სროლა ჩააგდო და სხვაობა ქულამდე შეამცირა –71:72.

დინამოელებს 2 გუნდური ჯარიმა ჰქონდათ და მათ
ტაქტიკური ჯარიმის აღებაზე უარი თქვეს, ეცადნენ, პრესინგით ბურთი აერთმიათ
რუსთაველებისთვის, მაგრამ ვერ მოახერხეს, ჩაჩანიძე საჯარიმოში გამოეპარათ და ამ
უკანასკნელმა საფინალო სირენის თანხლებით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 74:71.

დღეს გამართულ კიდევ 2 შეხვედრაში ბრძოლა არ
ყოფილა. „ნიკემ“ ზედმეტი გართულებების გარეშე დაამარცხა სტუ, ხოლო „ჰიუნდაიმ“
„მაკაბის“ არ დაუტოვა შანსი.

გუშინ კი, ქუთაისში საინტერესო მატჩი გაიმართა,
სადაც გათამაშების ერთ–ერთი ლიდერი „სამედიცინო“ ჩავიდა და მიუხედავად იმისა, რომ
შეხვედრის უმეტესი ნაწილი მდევრის როლში იყო, საბოლოოდ გამარჯვება მოახერხა.

შესაბამისად, ლიდერები ისევ თითო მარცხის მქონე
„რუსთავი“ და „სამედიცინო“ არიან“, ხოლო „ჰიუნდაიმ“ „დინამოს“ მარცხით ისარგებლა
და მესამე ადგილზე გამაგრდა.