რუსთაველებს გმირობამდე ცოტა დააკლდათ (მატჩისშემდგომი კომენტარები)

რუსთაველებს გმირობამდე ცოტა დააკლდათ (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 გალერეა

საინტერესო და დაძაბული მატჩი გაიმართა დღეს საკალათბურთო
აკადემიაში. „რუსთავმა“, რომელიც „მგზავრები-არმიასთან“ პირველი ტაიმის შემდეგ 21 ქულას
აგებდა, მატჩი შემოაბრუნა და დასრულებამდე 5 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა. ცოტაც
რომ მოენდომებინათ, რუსთაველები მოიგებდნენ კიდეც, თუიმცა ბოლო წუთებზე „მგზავრები“
გამოერკვნენ და მარცხი თავიდან აიცილეს.

მატჩის შემოტრიალების წერტილი გიგი გოგობერიშვილი გახლდათ,
რომელსაც პირველ ტაიმში ქულა არ ჰქონდა მოპოვებული და მესამე პერიოდში 14 ქულა ჩააგდო.
აღნიშნული მეოთხედი რუსთაველებმა 228:19 მოიგეს და გადამწყვეტ ათწუთეულს 12-ქულიანი
დეფიციტით შეხვდნენ.

ბოლო მეოთხედში რუსთაველებმა შედეგიანი თამაში განაგრძეს
და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანგარიში გაათანაბრეს. არმიელები გამოფხიზლდნენ, რაშიც
ლომის წილი ლუკა ზაქრაძეს მიუძღვის. ბოლო წუთებზე ქულა-ქულაში მიმდინარე თამაში „მგზავრები-არმიამ“
78:75 მოიგო. გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდო მამუკა ბაზუაშვილმა,
რომელმაც მთლიანობაში ორმაგი დუბლი – 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

ბომბარდირი 18 ქულით ზაქრაძე გახდა, ხოლო რუსთაველმა
გიორგი ტურძელაძემ 15 ქულა მიითვალა. რუსთაველთა გუნდში 21 ქულით გიგი გოგობერიშვილი
გამოირჩა, 17 ქულა და 8 პასი პირად ანგარიშზე თორნიკე ქიტოშვილმა ჩაიწერა.

ამ მატჩამდე გაიმართა „სოხუმისა“ და „მაკაბის“ დაპირისპირება,
რომელიც ბოლო მეოთხედამდე საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა,
ხან – მეორე. პირველი ტაიმი მაკაბელებმა 29:27 მოიგეს, თუმცა მესამე პერიოდის
12:18 წაგებით, გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 4 ქულით ჩამორჩნენ.

ბოლო პერიოდში სოხუმელებმა გააზრებულად ითამაშეს, რაც
გამარჯვებით დაუფასდათ – 64:51. საუკეთესო დიმა ბობილევი გახდა, რომელმაც 19 ქულასთან
ერთად 12 მოხსნა მიითვალა. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა 18 ქულისა და 9 მომხსნის
მომგროვებელ ირაკლი ჯანხოთელს. 11 ქულა და ამდენივე მოხსნა გაიფორმა კოტე ბიწაძემ.
მაკაბელთაგან 24 ქულა-14 მოხსნით საუკეთესო დავით ქარციძე გახლდათ, ხოლო თორნიკე გოგელაშვილმა
ორმაგი დუბლისთვის აუცილებელი მაჩვენებლები დააფიქსირა – 10 ქულა, 10 მოხსნა.

ჩემპიონატის მომდევნო მატჩები 12 დეკემბერს – ქუთაისსა
და რუსთავში გაიმართება.
მატჩისშემდგომი
კომენტარები
სოხუმი – მაქაბი  64:51
თემურ კანკია
(„სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი):  დაძაბული მატჩი გამოდგა, იმის მუხედავად, რომ არცერთ
გუნდს არ გამოუვიდა დალაგებული და კონსტრუქციული თამაში. საბედნიეროდ, ბოლოს მოვახერხეთ
გარდატეხის შეტანა, მობილიზება და გამარჯვება მოვიპოვეთ.
ლაშა ელბაქიძე
(„მაქაბის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): თავიდან კარგად
დავიწყეთ თამაში, თუმცა ბოლო მეოთხედში ავირიეთ და მარცხი განვიცადეთ. მიუხედავად წაგებისა,
მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და მადლობა მოწინააღმდეგე
გუნდს. ვივარჯიშებთ და  მომავალი მატჩებისთვის
შეცდომებს გამოვასწორებთ.

მგზავრები არმია – რუსთავი  78:75
 ოთარ ხმელიძე
(რუსთავის მთავარი მწვრთნელი): მატჩის 1-ელი ტაიმი ძალიან სუსტად
ჩავატარეთ. მეორე ნახევარში უფრო გუნდურად ვიასპარეზეთ და თამაშიც გამოგვივიდა, თუმცა
საბოლოოდ დავმარცხდით. არ გვყავს  ტანმაღალი
კალათბურთელები და გვიჭირს ფარზე მუშაობა, თუმცა ნიჭიერი ახალგაზრდები გვაყავს და დიდი
იმედი მაქვს მოუმატებენ.

დიმიტრი ჟაკობოვი
(„მგზავრები-არმიის“ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში
მადლობა მოწინააღმდგეს კარგი თამაშისთვის და  მივულოცავ ჩემს ბიჭებს გამარჯვებას. ჩვენ ჩავატარეთ
ორი  განსხვავებული ტაიმი. თავიდან თამაში შესანიშნავად
დავიწყეთ და  წინ დიდი სხვაობით გავედით, თუმცა
დიდი შესვენების შემდეგ ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო დავკარგეთ მოტივაცია და  კონცენტრაცია. შედეგად მეტოქემ ჯერ ანგარიში შეამცირა,
შემდეგ გაათანაბრა და  სანერვიულოდ გაგვიხადა
საქმე. გადამწყვეტ მომენტში უბრალოდ გაგვიმართლა და გამარჯვება ჩვვენ დაგვრჩა. უკვე
ვემზადებით მომდევნო თამაშისთვის. გავაანალიზებთ დღევანდელ შეხვედრას, რათა მომდევნო
მატჩი მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვათ.