რუსთაველი “ხაშურას” მორიგი სამქულიანი რეკორდი

რუსთაველი “ხაშურას” მორიგი სამქულიანი რეკორდი

სამქულიანების თავისივე რეკორდი გააუმჯობესა რუსთაველმა რევაზ
ჩაჩანიძემ. მიმდინარე სეზონში მას არაერთი სამიანი აქვს ჩაგდებული, თუმცა უმაღლეს
წერტილად 14 ეთვლებოდა. ამჯერად ჩაჩანიძემ სტუ–ს 15 სამიანი ჩაუგდო.

რუსთაველებს შეუძლიათ დაიკვეხნონ, რომ მათი “ხაშურა” ლიგის საუკეთესო სნაიპერია. გუნდის ყველა წევრი რევაზს მისი წარმომავლობის გამო “ხაშურას” ეძახის. მიმდინარე სეზონში ჩაჩანიძეს უკვე 56 სამიანი აქვს ჩაგდებული, სულ კი
6 მატჩი ითამაშა. გამოდის, რომ ის საშუალოდ 9–ზე მეტ სამქულიანს აგდებს მატჩში,
რაც მართლაც რომ შთამბეჭდავი შედეგია.

ჩაჩანიძე ისე გადაერთო შორ სროლებზე რომ ბოლო ტურის შეხვედრაში
სტუ–სთან არც ორიანი უსვრია და საჯარიმოს ხაზზეც არ დამდგარა. მან 27 შორი
სროლიდან 15 მოათავსა ტექნიკოსთა კალათში და მოედანი 45 ქულით დატოვა.
შესაბამისად, რუსთაველთა სნაიპერი 20–წლამდელთა ჩემპიონატის ბომბარდირია. ის
საშუალოდ 32,5 ქულას აგროვებს მატჩში და მეორეზე მყოფ მაკაბელ გიორგი რევაზაშვილს (26,6) მთელი
6 ქულით უსწრებს.

ქვემოქართლელებმა ჩაჩანიძის სნაიპერობით პირველივე ტაიმში მოუთავეს
საქმე რუსთავში მწვრთნელის გარეშე ჩასულ ტექნიკოსებს. მასპინძლებმა პირველი და
მეორე მეოთხედი ერთნაირი ანგარიშით – 34:11 მოუგეს სტუ–ს და გამარჯვებულის
ვინაობაც გაარკვიეს. პირველ ტაიმში ჩაჩანიძემ 13 ცდიდან 10 სამიანი ჩააგდო,
რასაც მეორე ტაიმში 5–იც მიაბა და პირადი რეკორი გააუმჯობესა. 

ამ გამარჯვებით რუსთაველები „ჰიუნდაის“ და „სამედიცინოს“ გამოეყვნენ
და პირველ ადგილზე გადაინაცვლეს. თუმცა ქვემოქართლელებს ერთი მატჩით მეტი აქვთ
გამართული.

მატჩის სტატისტიკა: http://u-20.ge/results.php?gameid=87