რუსთავი-ჰიუნდაის დრამატული მატჩი

რუსთავი-ჰიუნდაის დრამატული მატჩი

   რუსთავის
ქიმიკოსთა დარბაზმა 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩს უმასპინძლა, რომელიც უაღრესად დაძაბული
და საინტერესო გამოდგა.

 ,,ჰიუნდაიმ” 20-ქულიანი ჩამორჩენა გაუბათილა ,,რუსთავს” და ბოლო წუთზე
დაწინაურდა კიდეც, მაგრამ მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს. შეხვედრა
ისეთ სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა, დარბაზში მოსულ გულშემატკივარს მოდუნების საშუალება
არ მისცემია. ორივე გუნდის კალათბურთელები უკანმოუხედავად უტევდნენ და სწრაფ ტემპს
უკეთესად ალღო რუსთაველებმა აუღეს. რამაზ გოგობერიშვილის გუნდი პირველ მეოთხედში
10 ქულით დაწინაურდა, დიდი შესვენებისთვის კი 54:42 იგებდა.

სიზუსტით გამოირჩეოდნენ მასპინძელთა უკანახაზელები
– ერეკლე ლორთქიფანიძე და გიორგი დვალი,
რომლებმაც ჯამში 42 ქულა და 12 ჩაჭრა მოაგროვეს. ჰიუნდაის ჩამორჩენამ მესამე
პერიოდში 20 ქულას მიაღწია, თუმცა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი არ ნებდებოდა და აქტიური ტაქტიკური
გადაადგილებებითა და წუთშესვენებებით ცდილობდა თამაშის შემობრუნებას.

ჰიუნდაელებმა თამაშში გარდატეხის მოხდენა მაინც მოახერხეს,
რაც მათი გუნდური თამაშის დამსახურება იყო. გადამწყვეტ მომენტში გამოსარჩევია ოთარ
ბუთხუზისა და სოსო მაჭავარიანის მოწადინება, რომლებსაც ლუკა ზაქრაძემაც კარგად აუბა
მხარი და მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა. ,,ჰიუნდაიმ” ბოლო წუთზე
დაწინაურებაც (88:86) მოახერხა, მაგრამ 20-ქულიანი ლიდერობის გამნიავებელი რუსთაველები
ფსიქოლოგიურად არ გატყდნენ. გადამწყვეტ მომენტში ჩინებულად ითამაშა თორნიკე ქიტოშვილმა,
რომელმაც ზუსტი სოლო გარღვევა განახორციელა, ხოლო ჯაბა არაბულმა ჰიუნდაელებს მათსავე
ნახევარზე ჩაუჭრა და გამარჯვების მომტანი ორქულიანი მიითვალა. საბოლოოდ მატჩი რუსთაველების
გამარჯვებით, 93:88 დასრულდა.

20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩი 13 ნოემბერს
– დინამოსა და ჰიუნდაის შორის  გაიმართება.