რუსთავმა პლეი ოფი შეავსო

რუსთავმა პლეი ოფი შეავსო

პლეი
ოფის მეოთხე მონაწილე რამდენიმე წუთის წინ რუსთავში დასრულებულმა მატჩმა
გამოავლინა. დაძაბულ შეხვედრაში მასპინძლებმა „შსს-აკადემიის“ დამარცხება
მოახერხეს და ცხრილში მეოთხე ადგილი დაიკავეს.

სამმა
გუნდმა – „შსს-აკადემიამ“, „რუსთავმა“ და „დინამომ“ ქულების თანაბარი ოდენობა
დააგროვა და უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს მიენიჭა.  აკადემიელებმა ყველაზე მეტი მატჩი მოიგეს და
მესამე ადგილზე გავიდნენ, ხოლო „რუსთავსა“ და „დინამოს“ შორის უპირატესობა
ქვემოქართლურ გუნდს მიენიჭა. ამ გუნდებს ერთმანეთთან 2-2 მოგებ-წაგება ჰქონდათ,
თუმცა რუსთაველებს ბურთების შეფარდება ოდნავ უკეთესი აღმოაჩნდათ და მეოთხე ადგილიც
მათ ერგოთ.

რაც შეეხება
რუსთავში გამართულ რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს,შეხვედრა ძალიან დაძაბული
გამოდგა და მისი ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. მასპინძლები თავიდანვე დაწინაურდნენ
და მცირედით მთელი თამაში  წინ იყვნენ,
თუმცა აკადემიელები არ რჩებოდნენ და ბოლო მეოთხედში შტურმიც მოაწყვეს, რის
შედეგადაც ანგარიში გაათანაბრეს. სოსო მაჭავარიანმა თამაშის დასრულებამდე 30 წამით
ადრე სწრაფი გარღვევით 68:68 დააფიქსირა.

რუსთაველებმა
ბურთი გაათამაშეს და საშუალო დისტანციიდან, როცა საფინალო სირენამდე 12 წამი
რჩებოდა, გიორგი ოქროჭელიძემ ორქულიანით მასპინძლები 70:68 დააწინაურა.
„შსს-აკადემიამ“ წუთშესვენება აიღო, მაგრამ კომბინაციის გათამაშება არ დასცალდა.
დათო ხეთაგურის გვერდით ხაზიდან შემოტანილი ბურთი იმავე ოქროჭელიძემ ჩაჭრა,
თორნიკე ქიტოშვილს გადააწოდა და ამ უკანასკნელზე სტუმრები დასრულებამდე 3 წამით
ადრე დაჯარიმდნენ. რუსთაველთა გამთამაშებელმა ორივე სროლა ჩააგდო და თავისიანებს
გამარჯვება და პლეი ოფის საგზური გაუნაღდა.

,,რუსთავის”
4-მა კალათბურთელმა 10-ქულიან ზღვარს გადააბიჯა. მათ შორის საუკეთესო 23ქულით
გიორგი დვალი იყო, 20 ქულით და 10პასით ორმაგი დუბლი თორნიკე ქიტოშვილმა გაიფორმა,
ორმაგი დუბლი შეასრულა გიორგი ოქროჭელიძემაც – 14ქულა, 10მოხსნა, შოთა
ნარჩომაშვილის ანგარიშზე კი 13ქულა და 9მოხსნაა. დამარცხებულთაგან 12ქულით სოსო
მაჭავარიანი გამოირჩა, მერაბ მირზიაშვილმა კი 11ქულა და 8მოხსნა მიითვალა. 
                                      რუსთავი – შსს აკადემია 72:68