გალერეა
სტატისტიკა 20-წლამდელთა
დაძაბულ შეხვედრას უმასპინძლა რუსთავმა, სადაც
სათამაშოდ “აკადემია” ჩავიდა და 3 ქულის სხვაობით – 62:65 დამარცხდა. თამაში
გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებამდე გაურკვეველი
იყო. ყველაფერი რუსთაველთა მიერ გამოჩენილმა სისხარტემ და ალღომ გადაწყვიტა – ბოლო
წამებზე მასპინძლებმა უაღრესად საჭირო მოხსნები განახორციელეს, რამაც მატჩის შედეგზე
გადამწყვეტი გავლენა იქონია.
აღსანიშნავია,
რომ აკადემიელებმა შეხვედრის უდიდესი ნაწილი მნიშვნელოვანი დანაკლისით ჩაატარეს. პირველი
მეოთხედის მიწურულს, ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში, სტუმართა 2 მოთამაშე ერთმანეთს შეეჯახა:
ნიკა ღურწკაიამ ტუჩი გაიხეთქა, ჯანო ბერაიამ კი – შუბლი. ორივე მათგანი მოედნიდან პირდაპირ
საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ჭრილობები გაუკერეს და ისინი დარბაზში რომ დაბრუნდნენ,
თამაშის დასრულებას სამიოდ წუთი აკლდა.
პირველი და მეორე
მეოთხედები “აკადემიამ” 2-2 ქულით მოიგო და დიდი შესვენებისთვის 30:26 დაწინაურდა.
მესამე პერიოდში რუსთაველებმა თამაში გამოასწორეს. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები
სამქულიანებს ვერ აგდებდნენ (მთლიანობაში 28-დან 4 მიითვალეს), სწრაფი შეტევებით ფონის
გასვლას ახერხებდნენ.
გადამწყვეტი მეოთხედის
წინ “რუსთავი” 2 ქულას იგებდა და ცხადი იყო, ყველაფერს ბოლო წუთები გაარკვევდა.
ასეც მოხდა. გიორგი ტურძელაძისა და გიორგი დვალის ქულებით მასპინძლებმა მატჩის დასრულებამდე
2 წუთით ადრე 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და თითქოს ყველაფერი გარკვიეს, თუმცა
აკადემიელმა ნიკა ამირხანაშვილმა და გიორგი თევდორაშვილმა სამქულიანები ჩააგდეს და
ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 62:63.
აკადემიელებმა
ტაქტიკური ჯარიმა აიღეს და შეხვედრის დასრულებამდე 11 წამით ადრე ლევან ურიდია საჯარიმოს
ხაზზე დადგა. რუსთაველმა მეფარემ ორივე სროლა ააცილა, თუმცა ბურთი მისმა თანაგუნდელმა
ნუგზარ ტაბაღუამ მოხსნა, რომელზეც სტუმრები მყისვე დაჯარიმდნენ. ტაბაღუამ პირველი ჩააგდო,
მეორე კი ააცილა, ფარიდან ასხლეტილი ბურთი კი რუსთაველმა ურიდიამ მოხსნა. ეს უკანასკნელიც
საჯარიმოს ხაზზე აღმოჩნდა და მანაც პირველის ჩაგდების შემდეგ მეორე ააცილა და როცა
ბურთს ისევ რუსთაველები, ამჯერად გიორგი დვალი დაეპატრონა, ყველაფერი მასპინძელთა სასარგებლოდ
გადაწყდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ტომარაძე(“აკადმიის” მწვრთნელი):
პირველ მეოთხედში ტრავმირებული მოთამაშეების გამოკლებას არ მინდა დავაბრალო შეხვედრის
წაგება. ღურწკაიას და ბერაიას სახით მნიშვნელოვანი ძალა გამოგვაკლდა, თუმცა, ამის მიუხედავად,
გამარჯვების რეალური შანსი გვქონდა. თამაში ბოლო წამებზე წავაგეთ, როცა ზედიზედ 4-ჯერ
ბურთი ვერ მოვხსენით საკუთარ ფარზე. ზოგადად, გვქონდა ტქტიკური შეცდომები, მაგრამ ყველაფერი
ბოლო კონკრეტულმა მომენტმა გადაწყვიტა.
ირაკლი ჯაფარიძე(“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი):
ძალიან დაძაბული და ხისტი თამაში იყო, ბევრი შეცდომით და აცილებული ბურთით. ჩვენმა
ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და გასახარია, რომ გამარჯვების მოპოვება მოახერხეს. მართალია,
ბევრი სროლა ავაცილეთ, მაგრამ თამაშის ხასიათი ასეთი იყო,მეტოქეც ბევრს სცოდავდა და
ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. მადლობა მეტოქეს ღირსეული თამაშისთვის, ჩვენს გუნდს
კი გამარჯვებას ვულოცავ.
რუსთავი – აკადემია 65:62