თბილისური ევროჩელენჯის დასრულებამდე 1 ტურით ადრე გამარჯვებული გუნდის ვინაობა გაირკვა. საფრანგეთის ნაკრებმა, რომელმაც აქამდე ყველა მატჩი მოიგო, მე-4 ტურში პოლონეთსაც სძლია და ევროჩელენჯზე პირველი ადგილი გაინაღდა. ფრანგები ბოლო ტურში თურქეთს ხვდებიან და რომც წააგონ, თბილისში მიმდინარე ევროპის ტოპ-გუნდების ევროჩელენჯის გამარჯვებულები გახდებიან.
საფრანგეთს დიდი წინააღმდეგობა გაუწია პოლონეთმა, რომელიც ბოლო პერიოდამდე ტოლ-სწორად ეთამაშებოდა რანგითა და კლასით მაღლა მდგომ მეტოქეს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკას დაემორჩილა. საფრანგეთმა მეოთხე ათწუთეული 27:13 მოუგო პოლონეთს და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა – 86:70 (სტატისტიკა).
ამ შეხვედრამდე გაიმართა თურქეთისა და გერმანიის დაპირისპირება. გერმანელებმა დამაჯერებლად, ყველანაირი პრობლემის გარეშე სძლიეს თურქებს – 98:62 (სტატისტიკა) და მეორ
ე ადგილზე გამაგრდნენ. ბოლო ტურში გერმანია და ბულგარეთი ხვდებიან და გამარჯვებული ტურნირზე მეორე ადგილს დაიკავებს.
დღის ბოლო მატჩში ტრადიციულად საქართველომ ითამაშა. ჩვენი გუნდი 2 კალათბურთელის გარეშე თამაშობდა. მილოშ გლიგორიევიჩის გუნდს ვერ დაეხმარნენ ზურა ვაშაკიძე და ავთანდილ ბახტაძე. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრები 10 ქულითაც იგებდა, მაგრამ ბულგარეთმა ტანმაღალი მოთამაშეების ხარჯზე მოახერხა ჯერ თამაშის გათანაბრება და შემდეგ, დაწინაურება.
საქართველო, რომელიც ფარქვეშ ხეირს ვერ ნახულობდა, შორი სროლების იმედად იყო. როცა სროლები წაუვიდათ, ჩვენი გუნდი იგებდა და დამაჯერებლადაც, მაგრამ სულ სამქულიანებს ვერ ჩააგდებ და მეორე ნახევარში, როცა ჩვენებს მიზანი გაუმრუდდათ, ბულგარელებმა ლიდერობა მოიპოვეს და თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს – 84:72 (სტატისტიკა).
საქართველოს ნაკრებში 19 ქულით საუკეთესო იყო ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, რომელმაც წინა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. 17 ქულითა და 12 მოხსნით გამოირჩა ანზორ ნადირაძე, ხოლო ირაკლი სულხანიშვილმა 11 ქულა მოინაგრა.
თბილისში მიმდინარე ევროჩელენჯი კვირას დასრულდება. ბოლო ტურში საქართველო პოლონეთს შეხვდება და ამ მატჩის შემდეგ გაიმართება გამარჯვებული საფრანგეთის და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის დაჯილდოება.