საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატში პლეი ოფი დაიწყო. მეოთხედფინალური სერიის 3 მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, ერთსაც რუსთავმა უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატი 6 მარტს დასრულდა, რის შემდეგაც 2 ჯგუფში განაწილებული 10 გუნდიდან საუკეთესო რვამ მეოთხედფინალში გადაინაცვლა. საპლეიოფო სერიები 2 მოგებამდეა და თუკი დღევანდელ მატჩებში გამარჯვებულმა გუნდებმა ხვალაც იმარჯვეს, ნახევარფინალში გავლენ. არადა, სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩები გაიმართება.
თბილისში გამართულ პირველ შეხვედრაში სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა სოხუმის “კოლხა მარგვეთი: 85:66 (სტატისტიკა) დაამარცხა. მედიკოსებს ლუკა ლურსმანაშვილმა 25 ქულით ულიდერა. 15 ქულა დააგროვა საბა უჩავამ, ვახტანგ გედენიძის ანგარიშზე კი 12 ქულა და 15 მოხსნა დაგროვდა. სოხუმელთაგან 21 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი შალიკიანი.
როგორც თავში ვახსენეთ, სერია 2 მოგებამდე გრძელდება და თუკი სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი შემდეგ მატჩსაც მოიგებს, ნახევარფინალში გავა. მომდევნო მატჩში ბრძოლა არ შედგა. “დინამომ” 134:56 (სტატისტიკა) დაამარცხა გთუნი და სავარაუდოდ, არც მეორე მატჩის მოგება გაუჭირდება. დინამოელმა ლევან ფიცხელიანმა 29 წუთში 21 ქულა დ 27 მოხსნა მოაგროვა. სულ კი 7-მა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულაინ ზღვარს.
ძალიან დაძაბული გამოდგა თსუ-სა და “ოვერტაიმის” მატჩი. თითქმის თავიდან ბოლომდე ანგარიში თანაბრად იზრდებოდა. ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა სოლიდურად დაწინაურება. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. გაიმარჯვა “ოვერტაიმმა” – 89:84 (სტატისტიკა). ოვერტაიმს შოთა მაჭავარიანმა და ლუკა ხუციშვილმა ულიდერეს. პირველმა 26 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, მეორემ – 26 ქულა.
მეოთხედფინალურ სერიების ყველაზე მოულოდნელი შედეგი რუსთავში დაფიქსირდა, სადაც ჯგუფში მე-4 ადგილზე გასულმა “სოხუმი 2020”-მა მეორე ჯგუფის გამარჯვებული “რუსთავი” დაამარცხა – 73:57 (სტატისტიკა). სოხუმელებს 20 ქულით და 13 მოხსნით საბა კალმახელიძემ ულიდერა.
იგივე წყვილები სერიის მეორე მატჩებს ხვალ, 14 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩაატარებენ.