20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი მატჩი გამართა საქართველოს ნაკრებმა. კოტე ტუღუშის, დავით ნოზაძისა და ქაქუცა აბაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირზე რიგით მე-3 შეხვედრა შვედეთთან 78:91 (სტატისტიკა) დათმო. ამ შედეგით ჩვენს გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი წაერთვა. საქართველოს ჯგუფში ერთი მატჩი დარჩა გასამართი, თუმცა აზერბაიჯანის ნაკრების დამარცხება საუკეთესო 2 გუნდს შორის მოხვედრის გარანტიას ვერ იძლევა.
ქართველებს აქამდე თითო მოგებ-წაგება ჰქონდათ და ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ შვედეთს ეთამაშებოდნენ, რომლის მინიმუმ 16 ქულით დამარცხება სჭირდებოდათ, მეოთხედფინალში რომ გასულიყვნენ. საქართველოს ნაკრებმა პირველი პერიოდი 21 ქულით დათმო, რითაც წარმატების შანსი ფაქტობრივად ადრიანად გადაეწურა. მართალია, ჩვენმა ნაკრებმა მეორე ტაიმში თამაშში დაბრუნება შეძლო, როცა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, თუმცა მატჩის დასკვნით პერიოდში სკანდინავიელებმა ისევ გამოიღეს ხელი, ლიდერობა გაიმყარეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.
ჩვენს ნაკრებში 19 ქულით, 14 მოხსნითა და 4 პასით საუკეთესო შედეგი გიორგი სულაბერიძემ დააფიქსირა. 19 ქულა და 7 მოხსნა გუგა ნაცვლიშვილმა, ხოლო 14 ქულა – ბაქარ ბერეკაშვილმა დააგროვა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრას 12 ივლისს, აუტსაიდერ აზერბაიჯანთან გამართავს, რის შემდეგაც, დიდი ალბათობით, 9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვება.
აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყების წინ ჩვენმა ნაკრებმა დღეს ტრაგიკულად დაღუპული დათუნა ჟღენტის ხსოვნას პატივი მიაგო.