საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები თბილისში გასამართი ფიბა-ს ჩელენჯერისთვის ემზადება. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის, რომელშიც 22 ქვეყნის ნაკრებს უნდა მიეღო მონაწილეობა, საქართველოს 2020 წლის ზაფხულში უნდა ემასპინძლა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ეს ტურნირი ჯერ 2021 წლისთვის გადაიდო, ხოლო მოგვიანებით არსებული ფორმატით ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაც გაუქმდა. ფიბა-მ A და B დივიზიონების მიხედვით ნაკრებების დაყოფა გააუქმა და სურვილისამებრ, მცირეგუნდიანი, ეგრეთ წოდებული ჩელენჯერების ჩატარების რეკომენდაცია გასცა.
20-წლამდელებში მთლიანობაში 5 ჩელენჯერის ჩატარება დაიგეგმა, რომელთაგან ერთ-ერთს, 20-დან 25 ივლისის ჩათვლით, თბილისი უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებთან ერთად თბილისში საფრანგეთის, გერმანიის, თურქეთის, პოლონეთის და ბულგარეთის ნაკრებები შეიკრიბებიან. გათამაშების ფორმატის თანახმად, ექვსგუნდიანი ჯგუფის მონაწილენი ერთ წრედ ითამაშებენ და გამარჯვებული ის გახდება, რომელიც ასპარეზობას ცხრილში პირველ ადგილზე დაასრულებს.
საქართველოს ნაკრები 17 ივნისს მილოშ გლიგორიევიჩის ხელმძღვანელობით შეიკრიბა. საქართველოს ნაკრებში მისი ასისტენტები არიან ირაკლი ძიძიგური, ჯაბა ბაქრაძე და დიმიტრი ჯაკობოვი. ჩვენმა ნაკრებმა 2 სპარინგ მატჩი უკვე გამართა. 20-წლამდელებმა თსუ-ს სტუდენტური ლიგის გუნდს მოუგეს, ასევე შეხვდნენ ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრისა და კანდიდატისგან დაკომპლექტებულ გუნდს.
20-წლამდელთა ნაკრები 18 მოთამაშის შემადგენლობით 27 ივნისს ხაშურში გაემგზავრა, სადაც ახალაშენებულ სპორტკომპლექსში 6 ივლისამდე შეკრებას გაივლის. ჩვენი გუნდის წევრები ემზადებიან როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად. საამისოდ ხაშურის სპორტკომპლექსში ყველა პირობაა შექმნილი.