საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ბელარუსი კვლავ დაამარცხა. მილოშ გლიგორიევიჩის გუნდმა ბელარუსებს გუშინ 29 ქულით სძლია, დღევანდელ მატჩში კი მეტოქე ბოლო პერიოდში გატეხა და 8 ქულით – 72:64 იმარჯვა. ბელარუსის ნაკრები თბილისში ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად იყო ჩამოსული და ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლში საქართველოსთან 2 სპარინგ-მატჩი გამართა, რომელიც ორივე გუნდისთვის საკმაოდ ნაყოფიერი გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი) ემზადება, რომელიც 12-21 ივლისს პორტუგალიის ქალაქ პორტოში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 21 გუნდია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო 6-გუნდიან, C ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჰოლანდიასთან, ესტონეთთან, კოსოვოსა და სომხეთთან ერთად. თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2 საუკეთესო გადის და აგრძელებს ბრძოლას ტურნირის სამეულში მოსახვედრად. გათამაშების ფორმატის თანახმად, B დივიზიონის საუკეთესო 3 გუნდი შემდეგი, 2020-2021 წლების სეზონისთვის ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებს.
თუკი გუშინდელ მატჩში მილოშ გლიგორიევიჩმა სათამაშო დრო ყველა მოთამაშეზე თითქმის თანაბრად გადაანაწილა, დღეს მწვრთნელმა უფრო მეტი დრო რიგ კალათბურთელებს დაუთმო. ყველაზე მეტი – 32:25 წუთი რატი ანდრონიკაშვილმა ითამაშა, რომელმაც 10 ქულა და 5 პასი მოაგროვა. საუკეთესო შედეგი ნიკა მეცხვარიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც 26:42 წუთში 18 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.
რაც შეეხება თამაშის მსვლელობას, ბოლო პერიოდამდე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. პირველი მეოთხედი ფრედ დასრულდა, დიდი შესვენებისთვის კი ბელარუსები ქულით გალიდერდნენ. მესამე პერიოდი ქართველებმა ქულით მოიგეს და დასკვნითი ათწუთეულის წინ ანგარიში თანაბარი იყო. გადამწყვეტ წუთებში საქართველოს ნაკრებმა გუნდური თამაშითა და მეცხვარიშვილის შედეგიანობით ლიდერობა მოიპოვა და მატჩის ბედი სათავისოდ გადაწყვიტა.
საქართველოს ნაკრები 2 დღეში პორტუგალიაში გაემგზავრება და სანამ 12 ივლისს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩებში ჩაებმება, კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ჩვენი ნაკრების მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება.
საქართველო – ბელარუსი
სტატისტიკა: 72:64